დღეს მთავარი სოციალური პოლიტიკა გადატრიალების თავიდან აცილებაა


ავტორი: ელენე აბესაძე

მიმდინარე სახელმწიფო გადატრიალებას თან ახლავს მემარცხენეთა ნარატივიც. აქციებში მონაწილეობენ მემარცხენე პროფილის მქონე აქტორები - როგორც არასამთავრობოები, ისე მედიები.

გადატრიალების მემარცხენული აქცენტები 2022 წლის გაზაფხულზევე გამოიკვეთა, როცა პირველად გაჟღერდა ე.წ. “დეოლიგარქიზაციის” მოთხოვნა (ანუ, სოციალური სამართლიანობის სახელით, ივანიშვილის მოცილება და არსებული მთავრობის აყირავება) და “ტექნიკური მთავრობის” იდეა, რომელიც “ენჯეო” კადრებით უნდა იყოს დაკომპლექტებული და რომელმაც არსებული - ამა წლის ოქტომბრიდან უკვე ხელახალი ლეგიტიმაციის მქონე - მთავრობა უნდა ჩაანაცვლოს.

უკვე ორი წელია, სახელმწიფო გადატრიალების აქციებზე ჟღერდება სოციალური მესიჯები შიმშილზე, ემიგრაციასა და სხვა თემებზე აპელირებით. მიმდინარეობს მცდელობა, რომ გარედან დასპონსორებული გადატრიალება ადგილობრივი სოციოეკონომიკური სამართლიანობის განხორციელების საშუალებად დაგვისახონ. საბედნიეროდ, ამ ყველაფრის სიმყიფესა და სიყალბეს ქართველი ხალხი კარგად ხედავს (ამის დანახვაში უნებლიედ გვეხმარება შემდეგი სურათი: სოციალური მოთხოვნების ტრანსპარანტები ისეთი ფიგურების გვერდით, როგორებიცაა ნაციონალების რეჟიმის დროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მაღალჩინოსანი, ნიკა მელია და “თიბისი ბანკის” თანადამაარსებელი, მამუკა ხაზარაძე). თუმცა, მაინც ღირს, რომ მოკლედ ავხსნათ მიმდინარე გადატრიალების მემარცხენული ჭრილის სიყალბე.

საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება ხორციელდება დასავლური ფინანსური კაპიტალით, რომელიც მსოფლიოს ყველაზე რეგრესული და ფაშისტური ძალაა. ამ ძალის სახეა აშშ-ის დემოკრატიული პარტია და დღეს მისსავე დაქვემდებარებაში მოქმედი აშშ-ის საელჩო საქართველოში, რომელიც მიმდინარე პროტესტებს კურირებს და აორგანიზებს. გადატრიალებაში აქტიური როლი აქვს სხვადასხვა ფონდებსაც, მაგალითად, სოროსის “ღია საზოგადოების ფონდს”, რომლის პორტფოლიოშიც უკვე ფიგურირებს “ვარდების რევოლუციის” წარმატებით განხორციელების მაგალითი. რაც ზედაპირზე არ ჩანს, დასავლური სადაზვერვო სამსახურებია - უმთავრესად აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო - რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით ამოძრავებენ ე.წ. “რეჟიმის ცვლილების” ინდუსტრიას, რათა თავიდან მოიცილონ დასავლელი კაპიტალისტებისთვის არასასრუველი, დამაბრკოლებელი მთავრობები - მათ შორის, “ქართული ოცნებაც”. (აგრეთვე იხილეთ სტატია: აშშ საქართველოში მორიგ გადატრიალებას ამზადებს)

შესაბამისად, ბუნებრივია, რომ მსოფლიოს მოწინავე ფაშისტების მიერ განოხრციელებულ სახელმწიფო გადატრიალებას სოციალური გამართლება ვერანაირი ლოგიკით ვერ მოეძებნება. დასავლური ფინანსური კაპიტალის გამარჯვება უდრის ქართული სახელმწიფოსა და მისი ადამიანური რესურსის, ქართველი მშრომელების გაძლიერებულ ექსპლუატაციას. ამის უახლესი მაგალითი “მაიდანის” შემდგომი უკრაინაა, სადაც აკრძალულია პროფკავშირებისა და ოპოზიციური პარტიების ნაწილი (მათ შორის, კომუნისტური პარტიაც). ქვეყანაში დასავლური ფინანსური კაპიტალის მიერ ტარდება მთელი რიგი ნეოლიბერალური ეკონომიკური ექსპერიმენტები (მაგალითად, იხ. უკრაინის “ინოვაციური” მასობრივი პრივატიზაცია).

მთავარი სათქმელი კი ისაა, რომ თუკი “ქართული ოცნება” დაემხობა და სანაცვლოდ ძალაუფლებაში დასავლური ფინანსური კაპიტალის ყურმოჭრილი მსახურები მოვლენ (როგორებიცაა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და მთელი რიგი არასამთავრობოები), მოცემულ კონტექსტში, მათი მთავარი ფუნქცია საქართველოს რუსეთთან ან ირანთან ომში ჩართვა იქნება. კარგად ვიცით, რომ უკრაინის ფრონტზე დასავლეთის პოზიციები შესუსტებულია და იქ ღრმა კრიზისია. ამასთანავე, რამდენიმე კვირის წინ სირიაში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და ასადის მთავრობა დაემხო, რამაც ირანის პოზიციები კიდევ უფრო დაასუსტა მოსალოდნელი დასავლური შეტევის წინაშე. ამ მოცემულობაში, თუკი საქართველოს უკრაინიზაცია ან სირიიზაცია მოხდება, ცხადია, ეს უკვე იქნება ეგზისტენციალური პრობლემა. უკრაინასავით ან სირიასავით გარე ინტერვენციების შედეგად ომში მყოფ, დანაწევრებულ ქვეყანაში სოციალური სამართლიანობა კიდევ უფრო მარგინალური საკითხი გახდება და წინა პლანზე გადმოინაცვლებს ბაზისური პრიორიტეტები, როგორიცაა მშვიდობის მიღწევა და სახელმწიფო ინსტიტუტების ხელახლა, ნულიდან შექმნა.

ასე რომ, დღეს მთავარი სოციალური პოლიტიკა გადატრიალების თავიდან აცილებაა. დღეს ქართული სახელმწიფო უნდა შენარჩუნდეს, რათა მომავალში სოციალური სამართლიანობისათვის ბრძოლა ფიზიკურად შესაძლებელი იყოს.

P.S. მიმდინარე გადატრიალების ჟამს სოციალური საკითხების მოთხოვნებით მთავრობაზე თავდასხმა და მისი დასუსტება ისეთივე აბსურდია, როგორც “ნატოს” მიერ ლიბიის დაბომბვისას კადაფისთვის სოციალისტური პრეტენზიების წაყენება (“მემარცხენე ოპოზიციონერობა”) იქნებოდა, ან, თუნდაც, სულ ახალახანს სირიაში ჯიჰადისტების პუტჩისას, ასადის მთავრობისადმი მინიმალური ხელფასის გაზრდის მოთხოვნით აქციების მოწყობა.

დღეს საშიშროება რეალურია. მემარცხენეთა აქტივობები, რომლებიც ფართო კონტექსტს არ ითვალისწინებს (რაც გეოპოლიტიკურიცაა და პოლიტეკონომიურიც), მტრის ხელში იარაღი ხდება.