რეინდუსტრიალიზაციის პირველი მერცხალი


ავტორი: ბესო გვენეტაძე
2 მაისი, 2025 წ.

აქციების ორომტრიალში თითქმის შეუმჩნევლად ჩაიარა ერთმა მნიშვნელოვანმა ამბავმა: საქართველომ არმატურის იმპორტზე ტარიფი შემოიღო - ტონაზე 420 ლარი.[1]

შესაბამისი დადგენილება 2024 წლის 31 დეკემბერს მივიღეთ. მას შემდეგ იმპორტული არმატურის ღირებულება გაძვირდა, რითაც რუსთავის მეტალურგიულმა ქარხნებმა (შპს “ჯეოსთილი” და შპს “რუსთავის ფოლადი”) იხეირეს. ჩვენი გამოთვლებით, დაწესებული ტარიფი იმპორტული არმატურის შარშანდელი ღირებულების დაახლოებით 25%-ია. მართალია, სატარიფო მექანიზმი დროებითია და სექტემბრამდე გასტანს, მაგრამ მას მნიშვნელოვანი ფისკალური ან/და ინდუსტრიული ეფექტი ექნება.

საერთაშორისო ვაჭრობა მრავალცვლადიანია, თუმცა გამარტივებული განტოლება ასე გამოიყურება:

იმ შემთხვევაში, თუკი არმატურის ექსპორტიორი ქვეყნები საქართველოს ბაზარზე თავიანთი ნაწარმის ღირებულების უცვლელ ნიშნულზე დატოვებას შეეცდებოდნენ, მათ გასაყიდი ფასის შემცირება და ზარალის საკუთარ თავზე აღება მოუწევდათ, რის შედეგადაც სარგებელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი ნახავდა - ტარიფის მეშვეობით (ლიტერატურაში ტარიფების აღნიშნული საფუძვლით გამართლებას “სახელმწიფო შემოსავლის არგუმენტი” ჰქვია). ხოლო, თუკი არმატურის ექსპორტიორი ქვეყნები ასე არ მოიქცეოდნენ, სარგებელს ნახავდა როგორც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი (ტარიფების მეშვეობით), ისე რუსთავის ქარხნები, რომლებსაც იმპორტულ არმატურაზე ფასის გაზრდით კონკურენტული უპირატესობა მიენიჭებოდათ - რაც, როგორც ამ მოკლე დროში გამოჩნდა, მოხდა კიდეც (ლიტერატურაში ტარიფების აღნიშნული საფუძვლით გამართლებას “ჩვილი ინდუსტრიის დაცვის არგუმენტი” ან “მომაკვდავი ინდუსტრიის დაცვის არგუმენტი” ჰქვია).

დღეს სამშენებლო კომპანიებს მეტი მოტივაცია აქვთ, არჩევანი გააკეთონ ქართულ არმატურაზე. შედეგად, რუსთავის მეტალურგიული ქარხნები გახდება უფრო წარმადი, ხოლო იქ დასაქმებულთა სამუშაო ადგილები - უფრო დაცული. დავები დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის კვლავაც გაგრძელდება (და გრძელდება კიდეც), თუმცა ტარიფი ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინდუსტრიული პროლეტარიატის არსებობას. მაგალითისთვის, 2024 წლის 11 თვის მონაცემით, საქართველოში 200.4 მილიონი დოლარის ღირებულების არმატურა შემოვიდა.[2] ეს იმას ნიშნავს, რომ, სანაცვლოდ, ქვეყნის გარეთ გავიდა ამდენივე მილიონი დოლარი და სამუშაო ადგილებიც საზღვარგარეთ შეიქმნა. პარალელურად, რუსთავის ქარხნებს განახევრებული წარმადობით მუშაობა უწევდათ. ტარიფი ამ ტენდენციას ნაწილობრივ მაინც შეცვლის. დროთა განმავლობაში გაუმჯობესდება ხარისხიც. სხვათა შორის, გარდა არმატურისა, საქართველოში იწარმოება მშენებლობისთვის აუცილებელი საყალიბე სისტემები, კაბელები, უნიფორმები, სამუშაო ხელთათმანები. განვითარებულია ცემენტისა და ბლოკის წარმოებაც. იმპორტული მასალით, თუმცა მაინც ადგილობრივად იქმნება მინა-პაკეტები, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა და თაბაშირ-მუყაოს პროფილები. მშენებლობაში ეროვნული ნაწარმის გამოყენება კარგ ეკონომიკურ ეფექტს მოგვცემს. 

თუმცა, ეკონომიკურზე მეტად ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ტარიფის პოლიტიკური, სიმბოლური დატვირთვა. მისი შემოღება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კარგად დატკეპნილი გზიდან მკვეთრი გადახვევაა, ლიბერალი ეკონომისტებისთვის - სულაც დაუკრეფავში გადასვლა. ქვეყანაში, სადაც თავისუფალი ვაჭრობა ერთადერთი ჭეშმარიტება იყო, გაჩნდა პროტექციონისტული ინსტრუმენტის შემოღების მნიშვნელოვანი პრეცედენტი. მართალია, ეს იარაღი იმ სახელმწიფოთა წინააღმდეგაა გამოყენებული, რომლებიც ისტორიის ბედისწერით ჩვენი მოკავშირეები უნდა გახდნენ (შარშან საქართველოში არმატურის მთავარი ექსპორტიორები რუსეთი და ირანი იყვნენ[3]), მაგრამ თავად ფორმულა არსებითად სწორია.

რატომ ვერ ვიყენებთ ამ ფორმულას ევროკავშირის წინააღმდეგ?

თუკი ტარიფის შემომღებ დადგენილება №494-ს ჩავხედავთ, მასში ერთ საინტერესო დათქმას ვიპოვით: ტარიფი არ გავრცელდება იმ არმატურაზე, რომელზეც გაცემულია “პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ი”[4]. ეს უკანასკნელი მრავლად გვხვდება ევროკავშირთან “ასოცირების შესახებ შეთანხმების” პროტოკოლებში, რომლებითაც საქართველომ ვალდებულება აიღო, დაბრკოლება არ შეუქმნას EUR.1-ი სერტიფიკატის მქონე ნაწარმს. აღნიშნული სერტიფიკატის მოპოვება შეუძლიათ მწარმოებლებს არა მხოლოდ ევროკავშირიდან, არამედ იმ ქვეყნებიდანაც, რომლებსაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვთ გაფორმებული (უკრაინა, ეგვიპტე, ჩილე, ისრაელი და სხვ.).

მოკლედ, თუკი არმატურა ევროკავშირში (ან მასთან თავისუფალი ვაჭრობის მქონე ქვეყანაში) არის დამზადებული, მასზე ქართული ტარიფი არ გავრცელდება. ეს საგამონაკლისო წესი საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული “ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან” გამომდინარეობს. ანუ, ტარიფის შემოღებით რუსთავის მეტალურგიულ ქარხნებს ვიცავთ, მაგალითად, რუსული და ირანული კომპანიებისგან, მაგრამ არა ევროკავშირისა და მისი პარტნიორებისგან. ეს შემთხვევა კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ უზღუდავს “ასოცირების შესახებ შეთანხმება” საქართველოს სუვერენული ეკონომიკური პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას.

მაგრამ უკეთესი მაგალითებიც არსებობს.

2018 წელს შპს "აგარის შაქრის კომპანია" დაიხურა. ევროკავშირიდან შემოსულმა, ნახევარი საუკუნის განმავლობაში სუბსიდირებულმა, იაფმა შაქარმა მწარედ გვაგემა გლობალიზაციის გემო. მაშინ ქარხნის - და 500-მდე სამუშაო ადგილის - გადარჩენა სახელმწიფოს დახმარებით მოხერხდა. ქარხანა დღესაც სუბსიდიაზე მუშაობს. აგარის ქარხანას ბრაზილიიდან შაქრის ლერწამი შემოაქვს და საქართველოში ამუშავებს, რითაც დამატებით ღირებულებასა და სამუშაო ადგილებს ქმნის. მსგავს მნიშვნელოვან წარმოებას სატარიფო ინსტრუმენტით ვერ ვეხმარებით, ვინაიდან - პოლიტიკური ნების არსებობის საკითხი სულ რომ გვერდზე გადავდოთ - აღნიშნულს გვიზღუდავს “ასოცირების შესახებ შეთანხმება”.

ამ დროს კი პროდასავლური “პროფკავშირი”, სახელად LABOR-ი მუშებსა და აგარის ქარხნის მესაკუთრეს შორის კლასობრივი ბრძოლის მიღმა ვერაფერს ხედავს. მათი ფუნქციაა, დარჩნენ “ტრედუნიონიზმის” ფარგლებში და არ აწარმოონ პოლიტიკური, ანტიიმპერიალისტური ბრძოლა. თუმცა, LABOR-ი პოლიტიკურ ბრძოლასაც აწარმოებს - უკუღმა. როგორც ეს ორგანიზაცია, ისე მისი წევრები მიმდინარე სახელმწიფო გადატრიალებაში აქტიურად მონაწილეობენ. მუშიზმი მიშიზმია. ამ პუტჩისტების ერთ-ერთი სამიზნე "საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაა”. მიუხედავად ამ უკანასკნელისადმი არსებული კრიტიკისა, დიალექტიკურად ის ანტიიმპერიალისტურ ძალას წარმოადგენს - თვითკმარი რესურსებითა და ვრცელი ორგანიზაციული სტრუქტურით. მეტიც, მისმა თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა უარი თქვა სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობაში მიღებაზე, რაც დასაფასებელია.  

პროდასავლურობა და აგარის შაქრის ქარხნის მუშების მხარდაჭერა ერთმანეთთან თავსებადი არ არის, ვინაიდან ევროკავშირში გაწევრიანება საწარმოს გაჩერებას უქადის. ამ შემთხვევაში სანატრელი გაგვიხდება დღეს არსებული არაპირდაპირი სუბსიდიების გამოყენების შესაძლებლობაც. საქმე იმაშია, რომ ევროკავშირის ქვაკუთხედია “ერთიანი ბაზარი” (Single Market), სადაც წევრი ქვეყნები, უიშვიათესი გამონაკლისების გარდა, ერთმანეთს ბარიერებს ვერ დაუწესებენ. საყურადღებოა, რომ ეს ტერმინი (“ერთიანი ბაზარი”) შედარებით ახალია. მანამდე, ევროკავშირის წინამორბედის, “ევროპის ეკონომიკური გაერთიანების” დაარსებიდან (1957 წელი) 1990-იან წლებამდე გამოიყენებოდა ტერმინი “საერთო ბაზარი” (Common Market). ტერმინოლოგიური ცვლილება ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ არ არსებობს, ერთი მხრივ, მაგალითად, უნგრული ბაზარი ან გერმანული ბაზარი და, მეორე მხრივ, ევროკავშირის ბაზარი, არამედ არსებობს მხოლოდ ერთი, ევროკავშირის ბაზარი.

“ასოცირების შესახებ შეთანხმება” უნდა გაუქმდეს, რადგან ის საქართველოს ნეოკოლონიურ მდგომარეობაში ამყოფებს. ევროკავშირის უკვე განვითარებულ ინდუსტრიებთან “თავისუფალი” ვაჭრობა ზღუდავს ქართული საწარმოო ძალების განვითარებას. “ასოცირების შესახებ შეთანხმების” 679 გვერდიდან 600 სწორედ თავისუფალ ვაჭრობას ეხება. დოკუმენტის სრულ ტექსტი ინგლისურ ენაზე (დანართებისა და პროტოკოლების ჩათვლით) აქ შეგიძლიათ იხილოთ, ქართულ ენაზე - აი, აქ.

მოვიყვანოთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შარშანდელი განცხადება:

“აბა, შეხედეთ ღვინის სექტორს, დღესვე რომ გავწევრიანდეთ [ევროკავშირში], ჩათვალეთ, რომ ღვინის სექტორი ჩამოინგრევა”[5] - შალვა პაპუაშვილი, 2024 წ.

აღნიშნული განცხადებით ჩანს, რომ მთავრობის შიგნით ევროინტეგრაციის უარყოფით მხარეებზე დისკუსია მიმდინარეობს. Forbes Georgia-ს ბავშვებზე გათვლილი პროპაგანდა, რომ აშშ-ში ქართული ღვინო უფრო ძვირად იყიდებზე, ვიდრე რუსეთში, ვერ შეცვლის იმ მყარ მატერიალურ რეალობას, რომლის მიხედვითაც რუსეთი ქართული ღვინისთვის ტრადიციული ბაზარია, განსხვავებით დასავლეთისა, რომელიც ფრანგული და იტალიური ღვინითაა გაჯერებული. სტატისტიკა ჯიუტია. დასავლელი დონორების მიერ "ბიზნეს ქოუჩინგსა" და "ტექნოლოგიურ გადაიარაღებაზე" დახარჯული ძალისხმევის მიუხედავად, ქართული ნაწარმი ძირითადად მაინც რუსეთსა და დსთ-ს წევრ სახელმწიფოებში გადის ექსპორტზე. კერძოდ, 2024 წლისთვის იქ საქართველოდან ექსპორტის წილი 69% იყო, ევროკავშირში - მხოლოდ 9%.[6]

მოცემული სტატისტიკა მოიცავს აჭარულ ციტრუსსა და კახურ ღვინოსაც. და ეს მაჩვენებელი მზარდია. თუკი 2013 წელს რუსეთში 56.8 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გავიტანეთ, 2023 წელს ამ რიცხვმა 168.2 მილიონს მიაღწია. შედარებისთვის, შარშან აშშ-ში საქართველოდან ექსპორტზე გავიდა მხოლოდ 6.4 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო.

შექმნილი მდგომარეობის მეტწილად სწორ მატერიალისტურ ანალიზს აკეთებს… ნიკა გვარამია:

“კახეთი და აჭარა განსაკუთრებით პრორუსულ განწყობებს ავლენენ. ხოდა, ეს დაბალრენტაბელური და დაბალხარისხიანი ყურძენი და მანდარინი (რომლის გასაღების ერთადერთ ბაზრად განიხილება რუსეთი) არა მარტო ეკონომიკური დაცემის აგენტებია, არამედ სტრატეგიული საშიშროებისაც. დროზე თუ არ მოვიშორეთ, არც ეკონომიკას ეშველება, და არც უსაშიშეს რუსეთზე ნოსტალგიას.”[7] - ნიკა გვარამია, 2015 წ.

“ნაციონალი” პროკურორისთვის სამწუხაროდ და ჩვენდა საბედნიეროდ, ცნობიერებას ყოფიერება განსაზღვრავს. ქართული საწარმოო ძალების მიერ განვითარებისკენ სწრაფვისა და საღი აზრის წინაშე გვარამიას არაფერი დარჩენია, გარდა ლანძღვისა, რაზეც ტრადიციული კახური პასუხიც მიიღო.

არასწორი საგარეო სავაჭრო პოლიტიკის გამო დღეს ქართულ კომპანიებს ყველაზე ხელსაყრელ, რუსულ ბაზარზე ნაწარმის შეტანისას ტარიფების გადახდა უწევთ. სამაგიეროდ, მეტწილად უტარიფოდ ვვაჭრობთ ევროკავშირთან, რომელთანაც კატასტროფულად უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გვაქვს (განსხვავებით რუსეთისა). ეს უნდა შეიცვალოს, რათა საქართველომ ინდუსტრიალიზაცია შეძლოს.

ნიშანდობლივია, რომ “ექსპორტის მხარდასაჭერად” USAID-ის დაფინანსებით შექმნილ ვებგვერდზე - tradewithgeorgia.com (“აწარმოე საქართველოში”) - რუსული ენის არჩევის ფუნქცია არ არსებობს. ეს მაშინ, როცა რუსეთი და დსთ-ს სხვა ქვეყნები ჩვენი მთავარი საექსპორტო ბაზარია. ქართული ეკონომიკისთვის დიაგნოზის დასმას აადვილებს შემდეგი ფაქტიც: ვებგვერდზე მხოლოდ ჩანთის მწარმოებელი 118 კომპანიაა წარმოდგენილი, მძიმე ინდუსტრიის განყოფილებაში კი - სულ რაღაც 28. მსგავს წამოწყებებში დასავლური ფულის არსებობა დასავლური ინტერესების გატარებას ნიშნავს. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს არა საქართველოს ინდუსტრიალიზაციას, არამედ ჩვენი წარმოების მათთვის სასარგებლო ყაიდაზე გარდაქმნას.

“აწარმოე საქართველოს” წარმომადგენელმა როგორც არ უნდა გვიმტკიცოს, საქართველოს მომავალი არა სერვისი, არამედ ინდუსტრიაა. “ცოდნის ეკონომიკა” მხოლოდ მონდომებითა და ცარიელი ჟინით, გონებრივი ილეთებით არ შეიქმნება. არსებობს საკმაოდ მყარი, ნივთიერი სინამდვილე, რასაც ვერ გადავახტებით. ხოლო განვითარებას ტურიზმი რომ ჰყოფნიდეს, ბარსელონას ცენტრალური უბნების დატოვებისთანავე ქარხნების წყება არ შეგვხვდებოდა. არც თურქეთში გადასვლისას - ქემელფაშით დაწყებული, ტრაბზონით დამთავრებული - იქნებოდა ჩვენი თანამგზავრი საწარმოებიდან ამომავალი კვამლი. სხვათა შორის, ამას წინათ თურქეთში ქართული ყველის საწარმოც გახსნილა, რადგან, როგორც დამფუძნებლები ამბობენ, იქ წარმოება უფრო მოსახერხებელია. სამაგიეროდ, ყველის ქართული წარმოება “სანებო” 2016 წელს ფრანგულმა “პრეზიდენტმა” იყიდა და ამით კონკურენტიც ჩაყლაპა.

***

არმატურას რომ დავუბრუნდეთ, ამ ამბავში იკვეთება ქართული ოცნების მხარდამჭერი ბიზნესმენის - საზოგადოებისთვის ცნობილი, როგორც ტელეკომპანია “იმედის” მესაკუთრის - ირაკლი რუხაძის ინტერესები. ამ წინადადებას მხოლოდ დადებით კონტექსტში ვწერთ. ირაკლი რუხაძემ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მიმდინარე სახელმწიფო გადატრიალების თავიდან აცილებაში, რაც დასაფასებელია. შპს “რუსთავის ფოლადი”, რომელიც ქართულ არმატურას აწარმოებს, სწორედ რუხაძის კომპანიაა.[8] მის მფლობელობაშია, ასევე, “ლიბერთი ბანკი”, “ჰაიდელბერგცემენტი” და სხვა აქტივები.

ირაკლი რუხაძე ქართული ოპოზიციის მხარდამჭერთა ნაწილმა “რადიო თავისუფლების” ბოლოდროინდელი პოდკასტით გაიცნო, სადაც ერთ მხარესაა ჟურნალისტის მიშისტური ირონიით დაბალანსებული საკუთარი მეჩხერი ინტელექტი, ხოლო მეორე მხარეს - პროგრესული პოლიტიკური ცნობიერების ნაკადი.

სტუმარი ინტერვიუს დასაწყისში ხუმრობით ამბობს: ხალხი მეკითხება, “კლასობრივი მტრების ბუნაგში” რატომ მიდიხარო. ამ ხუმრობაში სიმართლის დიდი მარცვალია. ჟურნალისტი ნასტასია არაბული (წვილბურჟუა კომპრადორი) და “რადიო თავისუფლება” (იმპერიალიზმის ინსტრუმენტი) ნამდვილად არიან ირაკლი რუხაძის, როგორც მეტწილად ეროვნული ბურჟუაზიის წარმომადგენლის კლასობრივი მტრები.

“რადიო თავისუფლება”, რომელიც უცხო ქვეყნის (აშშ-ს) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, აქტიურად ებრძვის ტელეკომპანია “იმედს”, რომელიც ადგილობრივი რესურსებით საზრდოობს. ბოლო თვეებში ქართული კომპრადორული ოპოზიციის ჩართულობით არის მცდელობა, ბრიტანეთსა და ნიდერლანდებში პრობლემები შეუქმნან ირაკლი რუხაძის იქ რეგისტრირებულ კომპანიებს. მათი მთავარი სამიზნე ტელეკომპანია “იმედია”.

***

დასავლეთის მიერ საქართველოს ათვალწუნება ახალ შესაძლებლობებს ქმნის ახალი ეკონომიკური აზროვნებისთვის. დასრულდა დრო, როცა პოლიტიკოსები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მსოფლიო ბანკის “დუინგ ბიზნესის” რეიტინგებში დაწინაურებაში. ჩვენი ქვეყნის დასანქცირებამ საბოლოოდ უნდა დაასამაროს “ინვესტიციების მოზიდვით” ეკონომიკის განვითარების ილუზია. ადრე თუ გვიან, ყოველთვის ასე ხდება: თუკი რომელიმე სახელმწიფო სუვერენული განვითარების გზას დაადგება, მისი ხვედრი სანქციებია. ეს უკანასკნელი კი “ინვესტიციების მოზიდვისთვის” სერიოზული შემაფერხებელი გარემოებაა. შესაბამისად, ახლებურად ფიქრია საჭირო. სანქცირებული ქვეყნის პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს რომ დავესესხოთ, ჩვენ უნდა შევქმნათ საკუთარ იდენტობაზე დაფუძნებული მოდერნულობა, დასავლური დეკადენტური კულტურის საპირწონედ. საქართველოში აუცილებელია საფუძვლიანი გარდაქმნა თითქმის ყველა მიმართულებით, პირველ რიგში კი სახელმწიფო ინდუსტრიული პოლიტიკის შემუშავება, შესაბამისი ფისკალური, მონეტარული და კულტურული პოლიტიკით.

თავისუფალი ვაჭრობის ხელშეუხებლობის შელახვით ქართული სახელმწიფო დაპირისპირებაში მოვა ცივი ომის დასრულების შემდეგ გამაფებულ ლიბერალურ იდეოლოგიასთან. ფრენსის ფუკუიამა “ისტორიის დასასრულის”[9] მე-9 თავში სწორედ განვითარებადი ქვეყნებისთვის თავისუფალი ვაჭრობის უპირატესობაზე საუბრობს და უმოწყალოდ აკრიტიკებს დამოკიდებულების თეორიას, რომელიც ტარიფებისა თუ სხვა ინსტრუმენტების მეშვეობით ჩამორჩენილობის აღმოფხვრას ცდილობს. ფუკუიამასთვის თავისუფალი ვაჭრობა პანაცეაა ყველგან და ყოველთვის - მათ შორის, სიღარიბის დასაძლევად. ამ თეზისის გასამყარებლად ავტორი საკუთარ თავთან დებატებში შედის და დამოკიდებულების თეორიას უპირისპირდება აზიური ქვეყნების მაგალითით, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ეკონომიკური მოდერნიზაცია მოახერხეს სოციალისტურ ბლოკთან დაახლოების გარეშე.

“თუკი, როგორც ამას დამოკიდებულების თეორია ქადაგებს, მესამე სამყაროს ჩამორჩენილობა მისი მსოფლიო კაპიტალისტურ წესრიგში მონაწილეობითაა განპირობებული, მაშ, როგორ შეიძლება აიხსნას ფენომენალური ეკონომიკური ზრდა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა სამხრეთ კორეა, ტაივანი, ჰონგ კონგი, სინგაპური, მალაიზია და ტაილანდი?”[10] - ფრენსის ფუკუიამა, 1992 წ.

ამ ჩამჭრელი კითხვით აღფრთოვანებული ავტორი წიგნის შემდეგ ფურცლებზე კაპიტალიზმის ქებაში ატარებს დროს, თუმცა ერთი კონტრარგუმენტი მაინც მოჰყავს. კერძოდ ის, რომ აღნიშნულ აზიურ ქვეყნებში სახელმწიფოს ჩართულობა და გეგმიურობის ელემენტი ძალიან ძლიერია. ფუკუიამა აქ საკუთარ თავთან დებატებში მარცხდება, ვინაიდან კონტრარგუმენტის საპირწონედ ვერაფერ ღირებულს ვერ გვთავაზობს. მართლაც, ბენდუქიძისა და სააკაშვილის მიერ პოპულარიზებული “აზიური ვეფხვების” ეკონომიკებში სახელმწიფო ინდუსტრიული პოლიტიკა არსებობს. მაგალითისთვის, საკუთარ ავტოინდუსტრიას ხელგაშლილად ასუბსიდირებს სამხრეთ კორეა. სინგაპურში მიწა სახელმწიფოს საკუთრებაა, ორნიშნა რიცხვს აღწევს მშპ-ში სახელმწიფო კომპანიების წილი. ამ და სხვა ინსტრუმენტების გამოყენების (მათ შორის, საკუთარ ბაზარზე წვდომის) საშუალებას აშშ მათ იმიტომ აძლევდა, რომ სოციალისტურ ბანაკთან დაპირისპირებაში დასაყრდენი სჭირდებოდა. პროდასავლური აზიური სახელმწიფოები აგრესიულად იყენებენ ტარიფებსა და არასატარიფო ბარიერებსაც, რაც წინააღმდეგობაში მოდის თავისუფალი ვაჭრობის დოგმებთან.

დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ 1988 წელს ამბობდა:

“ჩვენ ნებას ვაძლევთ იაპონიას, რაც მოესურვება ჩვენს ბაზარზე შემოყაროს. და ეს თავისუფალი ვაჭრობა არაა. თუკი თქვენ მოისურვებთ იაპონიაში წასვლას და იქ რაიმეს გაყიდვას - დაივიწყეთ.”[11] - დონალდ ტრამპი, 1988 წ.

***

საქართველოში პროტექციონისტული პოლიტიკის საჭიროება განსაკუთრებით ცხადია იმ ახალი ტაქტიკის პირობებში, რომელზეც დასავლური იმპერიალიზმი (≈ “დიფ სტეიტი”, “გლობალური ომის პარტია”) წარუმატებელი აქციების შემდეგ გადავიდა. “მაკკეინის ინსტიტუტის” წარმომადგენელი, ლორა თორნტონი გამოთქვამს სურვილს, საქართველოში ეკონომიკური კრიზისი შეიქმნას, რათა ოპოზიციის პროტესტმა გაიმარჯვოს. სააკაშვილის პრემიერ-მინისტრი, ნიკა გილაური “მთავარი არხის” ეთერით ბიზნესმენებს ამცნობს, რომ ლარის კურსი გაუფასურდება და ქვეყანაში ინფლაცია იქნება, რომ ტურიზმშიც ვარდნაა. იანვარში “იზოლაციაში” მოქცევა გააპროტესტა და ახალი არჩევნები მოითხოვა თემურ ჭყონიამ. თებერვალში ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა სალომე ზურაბიშვილიც.

ეკონომიკური კრიზისის ხელოვნურად გამოწვევა აშშ-ს მიერ მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალებების განუყოფელი ნაწილია. ამ იარაღისგან თავს ვერ დავიცავთ მათ მიერვე თავს მოხვეული ლიბერალური ეკონომიკური მოდელით. მართალია, ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, თუმცა არმატურაზე ტარიფების დაწესება ეკონომიკის მიმართ ახლებური მიდგომის იმედისმომცემი მაგალითია.

მარქსისტული თეორიის მიხედვით, სოციალური გარდაქმნების ობიექტური მატერიალური საფუძველი საწარმოო ძალებსა და წარმოებით ურთიერთობებს შორის არსებული გადაუჭრელი წინააღმდეგობებია. თუ ამ კანონს ქართულ სინამდვილეს მივუსადაგებთ, შემდეგ სურათს მივიღებთ: დასავლეთის დიქტატით ჩამოყალიბებული წარმოებითი ურთიერთობები ქართულ საწარმოო ძალებს ხელს უშლის განვითარებაში. ეს ხდება “ასოცირების შესახებ შეთანხმებით”, “საერთაშორისო სავალუტო ფონდისა” და “მსოფლიო ბანკის” რეკომენდაციებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა და ომში ჩართვის მოთხოვნით, რაც ყოველმხრივ განადგურებას ნიშნავს. ამდენად, არსებობს ნოყიერი ობიექტური ნიადაგი ანტიიმპერიალისტური სოციალური რევოლუციისთვის. ბოლოდროინდელი ამბები აღნიშნული კონფლიქტის ანარეკლია. პარლამენტის წინ მდგარი ადამიანები ძველი რეჟიმის (Ancien Régime), ძველი წარმოებითი ურთიერთობების დამცველი რეაქციონერები არიან; ეროვნული ბურჟუაზია და მისი მოკავშირე კლასები - ახალი ეპოქისთვის მებრძოლები.

ზოგადად, (ეროვნული) ბურჟუაზიის პროგრესული როლი ფეოდალიზმთან ბრძოლით არ შემოიფარგლება. ისტორიულად, ის აქტიურ წინააღმდეგობას უწევდა იმპერიალიზმს, რომელიც მის ინტერესებს უპირისპირდებოდა. ცნობილია ეროვნული ბურჟუაზიის მერყევი ხასიათიც, თუმცა საქართველოში დღეს არსებულ კონფიგურაციაში ის წამყვანი ძალაა. ეროვნულ ბურჟუაზიას ორმაგი ბუნება აქვს: ერთი მხრივ, ის ეროვნულია და წარმოების ლოგიკით დაპირისპირებულია იმპერიალიზმთან, ხოლო, მეორე მხრივ, ის ისევ ბურჟუაზიაა, შესაბამისი თვისებებით. თუმცა, ის, რომ ეროვნული ბურჟუაზია საქართველოში დადებით როლს ასრულებს, უკვე შემდგარი ფაქტია, რაც არ უნდა აღმაშფოთებელი იყოს ეს ტროცკისტისთვის, ან გაუგებარი - ანარქისტისთვის. მომავლის ბრძოლები აუცილებლად დაეყრდნობა იმ გამოცდილებას, რაც ბოლო პერიოდში ეროვნული ბურჟუაზიის ხელმძღვანელობით დასავლეთთან დაპირისპირებაში დაგროვდა. იმპერიალიზმის გავლენების შემცირება მომავალში შესაძლებელს გახდის საწარმოო ძალების განვითარებასა და უფრო პროგრესული კლასების გაძლიერებას. ამიტომ დღეს მაღაროელები და სხვა მუშები პროტესტისას არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღმოჩდნენ კომპრადორული წვრილბურჟუაზიის (არასამთავრობო ორგანიზაციები, დასავლეთიდან დაფინანსებული ათასი ჯურის “დამოუკიდებელი პროფკავშირები”, სოროსის ფონდის იურისტები, გერმანელი ტროცკისტი “მარქსისტ-ლენინისტები” და სხვ.), ანუ, იმპერიალიზმის ინსტრუმენტები ქართულ სახელმწიფოსთან დაპირისპირებაში. სამწუხაროდ, მაღაროელების პროტესტის ვარლამიზაციის მკაფიო ნიშნები უკვე არსებობს.

ზოგადად, პერიფერიაში მუშათა თუ სახალხო მოძრაობებს იმპერიალიზმი ხშირად იყენებს. მისმა დაქირავებულმა არასამთავრობოებმა და “პროფკავშირებმა” გუშინ, პირველ მაისს, აქციაც მოაწყვეს. მათი გაცხადებული მიზანი “ზრუნვის, გაზიარების და საერთოობის გამბედავი ძიება” იყო. ასეთი აქტივისტების ნამდვილი ფუნქცია კი, რა თქმა უნდა, სულ სხვაა.

***

პროტექციონიზმი საქართველოში კიდევ უფრო მეტად საჭიროა აშშ-ს ახალი პოლიტიკის პირობებში, რომელიც გლობალიზაციის დასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯია. სავარაუდოა, რომ წლების შემდეგ ეკონომიკის თანამედროვე ისტორია ორ ნაწილად დაიყოს - 2025 წლის 2 აპრილამდე და მას შემდეგ. ამ დღეს ძალაში შევიდა ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სატარიფო პოლიტიკა. უკუიგდო ათწლეულების განმავლობაში გამეფებული დოგმა თავისუფალი ვაჭრობის უნივერსალური უპირატესობის შესახებ. ტარიფები კვლავ მოდაშია. ამ ინსტრუმენტს ტრამპი პირველი ვადისასაც იყენებდა, მაგრამ არა ამ მასშტაბებში. ისევ მადუროს რომ დავესესხოთ, “ეკონომიკურმა სატარიფო-სავაჭრო ომმა მსოფლიოს 180 სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიწვია ის, რასაც დღეს შეგვიძლია ვუწოდოთ დასავლური გლობალიზაციის დასასრული.”[12]

“რონალდ რეიგანის დიდი თაყვანისმცემელი ვარ, მაგრამ მას საგარეო პოლიტიკაში ცუდი, ძალიან ცუდი პოლიტიკა ჰქონდა. მან ნება დართო უამრავ კომპანიას, საზღვარგარეთ გადასულიყო.”[13] - დონალდ ტრამპი, 2025 წლის 3 მარტი

ტრამპის მიერ გადადგმული ნაბიჯი (ტარიფების შემოღება) აშშ-ს მიერ ჩინეთთან მარცხის აღიარებაა. მხოლოდ ბუნებრივია, რომ კომუნისტური პარტიის მიერ (თუნდაც ნაწილობრივ) დაგეგმარებულმა ეკონომიკამ ეგზისტენციალური საფრთხე შეუქმნა “თავისუფალი ბაზრის” პრინციპებზე მოქმედ ეკონომიკას. ჩინელმა კომუნისტებმა ამერიკელ კაპიტალისტებს ჭკუაში აჯობეს. ისტორიამ გაამართლა დასავლელი “მაოისტების” საძულველი დენ სიაოპინი - ჩინეთის ლიდერი 1978–1989 წლებში - რომლის სახელთანაც ასოცირდება ქვეყანაში დასავლური კაპიტალის შესვლა.

“რევოლუცია ნიშნავს კლასობრივ ბრძოლას, მაგრამ არა მხოლოდ მას. საწარმოო ძალების განვითარებაც, შეიძლება ითქვას, რომ რევოლუციაა - თანაც, ძალიან მნიშვნელოვანი. ისტორული განვითარების პერსპექტივიდან ის ყველაზე ფუნდამენტური რევოლუციაა.”[14] - დენ სიაოპინი, 1980 წ.

ათწლეულების განმავლობაში ჩინეთმა მოახერხა უცხოური ტექნოლოგიების ათვისება და გარდაქმნა საკუთარი საწარმოო ძალების განსავითარებლად. ჩინური კომპანიები უკვე იმდენად მოწინავეა, რომ დასავლეთს მათ წინააღმდეგ ზომების გატარება უწევს. მაგალითად, 2024 წელს, ჯერ კიდევ ჯო ბაიდენის მმართველობისას, აშშ-მ და კანადამ 100%-იანი ტარიფი შემოიღეს ჩინურ ელექტრომობილებზე.[15] ეს იმის ფონზე, როცა წლის ბოლოსთვის ჩინურმა BYD-იმ ელექტრომობილების გაყიდვებში გადაუსწრო ამერიკულ TESLA-ს და ამ მხრივ მსოფლიო ლიდერი გახდა.[16] 2020 წელს, “ეროვნული უსაფრთხოების” საბაბით, ბრიტანეთმა აკრძალა Huawei-ს მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენება 5G ქსელში.[17] მანამდე, პრეზიდენტობის პირველი ვადისას, ტრამპმა Huawei-ს წვდომა შეუზღუდა ამერიკული ტექნოლოგიების - მათ შორის, Google-ის ოპერაციული სისტემის, “ანდროიდის” - გამოყენებაზე, რითაც ამერიკულ Apple-ს სერიოზული კონკურენტი ჩამოაშორა.[18] თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დროებით. Huawei-მ უკვე საკუთარი ოპერაციული სისტემა შექმნა და ჩინეთის ბაზარზე ლიდერობას იბრუნებს.[19] აგრეთვე, არსებობს ისეთი დარგებიც, სადაც ჩინურ კომპანიებს რეალური კონკურენტი უბრალოდ არ ჰყავთ (მაგალითად, DJI დრონების წარმოებაში).

სწორედ ზემოთქმულს უნდა მოიაზრებდეს დასავლური გლობალიზაციის მარცხის მიზეზად აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი:

“გლობალიზაციის იდეა ის იყო, რომ მდიდარი სახელმწიფოები ღირებულებათა ჯაჭვში უფრო მაღალ პოზიციას დაიკავებდნენ, ხოლო ღარიბი ქვეყნები მარტივ ნივთებს დაამზადებდნენ. […] მაგრამ, მგონი რომ შევცდით. როგორც აღმოჩნდა, ქვეყნები, რომლებიც ნივთებს ამზადებენ, მათ დაპროექტებაშიც დახელოვდნენ.”[20] - ჯეი დი ვენსი, 2025 წ.

ფაქტია, რომ ჩინეთის ინდუსტრიალიზაცია ნაწილობრივ აშშ-ს დეინდუსტრიალიზაციის ხარჯზე მოხდა. ხელსაყრელ პირობებსა და მოგების მაღალ მარჟას დახარბებულმა ფინანსურმა კაპიტალმა, რომელმაც მანამდე ამერიკული ინდუსტრიული კაპიტალი დიდწილად ჩაყლაპა, წარმოება უცხო ქვეყნებში გადაიტანა. “ოფშორინგის” (საწარმოო პროცესის საზღვარგარეთ გატანის) შედეგად, შეერთებულ შტატებში დასუსტდა ინდუსტრიული პროლეტარიატი, სანაცვლოდ კი გაძლიერდნენ ფინანსური, მენეჯერული და კრეატიული “კლასების” წარმომადგენლები. ამერიკის (და, სხვათა შორის, საქართველოს) ბოლოდროინდელი კულტურული დეკადანსი (ზნეობრივი დაცემა) აღნიშნული კლასობრივი რეკონფიგურაციის ზედნაშენში ასახვაა.

უფრო კონკრეტულად, აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, 1979 წლიდან 2019 წლამდე წარმოების სექტორში დასაქმებულთა პროცენტული წილი 22%-დან 9%-მდე შემცირდა.[21] ტრამპის თქმით, აშშ-დან საზღვარგარეთ გადავიდა 90 000 ქარხანა.[22] მილიონობით პროლეტარმა დაკარგა სტაბილური სამუშაო და ცხოვრების სტილი. ამ რეალობაში დემოკრატიულმა პარტიამ ტონი ბლერის “მესამე გზის” მოდელი აირჩია, რაც გულისხმობს თითქმის შეუზღუდავ ფინანსიალიზაციას, მოგების დაბეგვრასა და ამოღებული თანხით გარკვეული სოციალური სერვისების მიწოდებას. ამ წინააღმდეგობრივმა გზამ საკუთარი თავი, დიდი ხანია, ამოწურა.

რეინდუსტრიალიზაციის (მოჩვენებითი) მცდელობები დროდადრო დემოკრატებსაც ჰქონდათ (მათ შორის, ტარიფების დაწესებით), თუმცა ეს უფრო ელექტორალურ ფანდად უნდა მივიჩნიოთ.
“უცხოურ მიწოდების ჯაჭვზე დამოკიდებულების ნაცვლად, მოდით, ამერიკაში ვაწარმოოთ” - ჯო ბაიდენი, 2022 წლის 2 მარტი

ზოგადად, დემოკრატები ჩამოყალიბდნენ ფინანსური კაპიტალის მსახურ პარტიად, რომელიც იმედს აძლევდა მუშებს, რომ მათ შრომით პირობებს გააუმჯობესებდა, თუმცა, ცინიკურად, ხელს არ უშლიდა ყველაზე მთავარს: ქარხნების ქვეყნის გარეთ გატანას. ამ უკანასკნელი ფენომენის შედეგების აღსაწერად XX საუკუნის მიწურულიდან სოციალურ მეცნიერებებში დამკვიდრდა ტერმინი “ჟანგის სარტყელი”, რომელიც აღნიშნავს ამერიკულ ყოფილ ინდუსტრიულ რეგიონებს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში (მიჩიგანი, ოჰაიო, პენსილვანია და სხვ.). აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი, ოჰაიოელი ჯეი დი ვენსი სწორედ “ჟანგის სარტყელში” გაიზარდა, რაც მის რიტორიკაში “ჩინელი გლეხების”[23] მიმართ ზიზღის წყარო უნდა იყოს. ტრამპის მიერ შემოღებული ტარიფები სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.

“ჩრდილოეთ კაროლინაში ჩვენი სასტუმროებისთვის ავეჯის საყიდლად დავდიოდი ხოლმე. მაგრამ შემდეგ ის საწარმოები სხვა ქვეყნებში გადაიტანეს. ახლა ავეჯის წარმოება ჩრდილოეთ კაროლინაში დაბრუნდება.”[24] - დონალდ ტრამპი, 2025 წლის 3 მარტი

ეჭვგარეშეა, რომ ეს ამერიკის რეინდუსტრიალიზაციის მცდელობაა (ტრამპმა დამატებით ისიც თქვა, რომ ტარიფებით საშემოსავლო გადასახადის ჩანაცვლებასაც ფიქრობს). რა თქმა უნდა, ქარხნებს აშშ-ში მხოლოდ ტარიფები ვერ დააბრუნებს - ამისათვის საჭიროა სახელმწიფო ინდუსტრიული პოლიტიკა და სისტემური რეფორმები მთელ რიგ დარგებში, რაც ილონ მასკის DOGE-ის მიერ შემოთავაზებული მცირე სახელმწიფოს მოდელით რთულად მისაღწევი იქნება (თუმცა, DOGE-ი დღეს დადებით როლს თამაშობს აშშ-ს იმპერიალისტური საგარეო პოლიტიკის არსებული ინსტრუმენტების დაბლაგვებაში, რასაც უნდა მივესალმოთ). ისიც აშკარაა, რომ მასკი ტარიფების მხარდამჭერი არაა.[25] ეს გასაგებიცაა: გარდა მილტონ ფრიდმანისადმი ტრფობისა, როგორც ჩანს, არსებობს მერკანტილური ინტერესებიც. ტრამპის მრჩეველმა ვაჭრობის საკითხებში, პიტერ ნავარომ “ტესლას”, ნაცვლად “ავტომობილების მწარმოებელი” კომპანიისა, “ავტომობილების ამწყობი” კომპანია უწოდა და გამოთქვა სურვილი, რომ იმპორტის მაგივრად “ტესლამ” მანქანების ნაწილები ამერიკაში დაამზადოს.[26]

ავტოინდუსტრიაში რომ დავრჩეთ, დონალდ ტრამპი თანმიმდევრულია 1988 წელს გაკეთებული თავისი განცხადებისა, რომელიც ზემოთ მოვიყვანეთ. განსხვავებით 1988 წლისა, დღეს მას მოქმედების ინსტრუმენტებიც აქვს.

“სამხრეთ კორეაში ავტომობილების 81% სამხრეთ კორეაშია წარმოებული, იაპონიაში ავტომობილების 94% იაპონიაშია წარმოებული. “ტოიოტა” საზღვარგარეთ დამზადებულ მილიონ ავტომობილს ჰყიდის ამერიკაში, “ჯენერალ მოტორსი” კი თითქმის არაფერს; “ფორდიც” ძალიან ცოტას. ჩვენს კომპანიებს სხვა ქვეყნებში შესვლას უკრძალვენ.”[27] - დონალდ ტრამპი, 2025 წლის 2 აპრილი

ტარიფების დაწესებიდან ამ სტატიის დაწერამდე ჯერ მხოლოდ ერთი თვეა გასული. მდგომარეობა ქაოტურია. დონალდ ტრამპმა 9 აპრილს განაცხადა, რომ გაზრდილი ტარიფების მოქმედებას 90 დღით დააპაუზებდა, თუმცა მის მიერ შემოღებული 10%-იანი “უნივერსალური” ტარიფი მაინც ძალაში დარჩებოდა.[28] ეს პაუზა არ ეხება ჩინეთს, რომლის შემთხვევაშიც დინამიკა ცვალებადია. მაგალითისთვის, 12 აპრილს პრეზიდენტმა საგამონაკლისო წესი შემოიღო იქ დამზადებული მობილური ტელეფონებისა და კომპიუტერებისთვის.[29] 23 აპრილს კი ტრამპის ადმინისტრაციამ მიანიშნა, რომ ჩინეთისთვის დაწესებულ სამნიშნა ტარიფს ორნიშნამდე ჩამოიყვანდა. ტარიფები სულაც რომ თავდაპირველ ნიშნულს დაუბრუნდეს, სამყარო აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც 2 აპრილამდე იყო. ამერიკული კომპანიები ორჯერ დაფიქრდებიან, ვიდრე “ოფშორინგს” გადაწყვეტენ. საინვესტიციო კლიმატი მსოფლიოში გაუარესებულია. გლობალიზაციას წყალი შეუდგა.

აშშ-ს ადმინისტრაციას კი შეუძლია, მცირედი ხელშესახები შედეგებით უკვე იტრაბახოს. კერძოდ, Apple-მა განაცხადა აშშ-ში ნახევარი ტრილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადების შესახებ, რაც ითვალისწინებს დეტროიტში წარმოების აკადემიის გახსნასაც.[30] კომპანიის ხელმძღვანელი, ტიმ კუკი ჩინეთში “ოფშორინგის" ერთ-ერთ მიზეზად სწორედ იქ არსებულ მაღალკვალიფიციურ მუშახელს ასახელებდა.[31] ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა ტრამპის მოლოდინი, რომ “აიფონები” ამერიკაში დამზადდებოდა, თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლაინ ლევიტმა დადებითი პასუხი გასცა და დაანონსებულ ინვესტიციას გაუსვა ხაზი.[32] Apple-ს არ ჩამორჩა ბრიტანული სამშენებლო ტექნიკის კომპანია JCB, რომელმაც ასევე 500 მილიარდი დოლარის ინვესტიციით ტეხასში ქარხნის გაორმაგება დააანონსა.[33] 100 მილიარდიანი ინვესტიციის შესახებ ისაუბრა მსოფლიოში მოწინავე ტაივანურმა ნახევარგამტარების კომპანია TSMC-მაც, რომელიც მიკროჩიპების წარმოებითაა დაკავებული.[34]  

“მსოფლიოს ყველა ბიზნესისთვის ძალიან მარტივი სათქმელი მაქვს. დაამზადეთ თქვენი ნაწარმი ამერიკაში და დედამიწაზე ყველაზე დაბალ გადასახადებს დაგიწესებთ. […] თუ ასე არ მოიქცევით, რაც თქვენი არჩევანია, მაშინ, ძალიან მარტივად, ტარიფების გადახდა მოგიწევთ.”[35] - დონალდ ტრამპი დავოსის ფორუმზე, 2025 წლის 23 იანვარი

ტრამპის ტარიფებმა უკვე გააკოტრა ბრიტანული ფოლადის წარმოება.[36] ქვეყანა დადგა საფრთხის წინაშე, გამხდარიყო დიდი შვიდეულის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ფოლადის წარმოების სრული ჯაჭვი არ ექნებოდა.[37] 12 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქარხანაში სახელმწიფო მმართველი დაინიშნა. მეტიც, დიდი ბრიტანეთის ბიზნესის მდივნის თქმით, მომავალში მოსალოდნელია წარმოების ნაციონალიზაცია.[38]

თუ საქმე ასე გაგრძელდა, აშშ-ს რეპროლეტარიზაცია მთლად ფანტასტიკის სფერო აღარ იქნება. პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ბაიდენის მმართველობის ბოლო 12 თვეში წარმოების სექტორში 111 000 სამსახური დაიკარგა, ხოლო ტრამპის პირველ თვეში - 10 000 ახალი პოსტი შეიქმნა.[39]

“გლობალისტებს [ტარიფები] არ მოეწონებათ, რადგან ეს სამუშაო ადგილებს აშშ-ში აბრუნებს.”[40] - დონალდ ტრამპი, 2025 წლის 7 მარტი

“მე ვამაყობ, რომ მშრომელების პრეზიდენტი ვარ და არა ქარხნების საზღვარგარეთ გამტანების”[41] - დონალდ ტრამპი, 2025 წლის 8 აპრილი

“შეერთებული შტატების დიად ფერმერებს: მოემზადეთ დიდი რაოდენობით სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისთვის აშშ-ს შიდა ბაზრის დასაკმაყოფილებლად.”[42] - დონალდ ტრამპი, 2025 წლის 3 მარტი

ასე და ამგვარად, ბრიტანეთის ხაზინის მდივანს თუ დაეჯერება, გლობალიზაციის ერა დასრულებულია.[43] ეს ის გლობალიზაციაა, რომელსაც 1999 წელს სიეტლში ლიბერტარიანელები, ანარქსიტები, მარქსისტები და რელიგიური ორგანიზაციები ერთობლივად აპროტესტებდნენ და რომელმაც ბევრი “განვითარებადი” ქვეყანა გააპარტახა. რამდენად ბოლომდე გამართლდება ბრიტანეთის ხაზინის მდივნის სიტყვები, ამას დრო გვიჩვენებს. იმ შემთხვევაში, თუკი აშშ-ს რეინდუსტრიალიზაცია მეტნაკლებად წარმატებით განხორციელდება (ანუ, ეროვნული ბურჟუაზიის ნარჩენები და მისი მხარდამჭერები ფინანსურ კაპიტალს დაამარცხებს), თანდათანობით გაღრმავდება კლასობრივი დაპირისპირება ამერიკელ პროლეტარიატსა და ბურჟუაზიას შორის და, ადრე თუ გვიან, ქვეყანას ექნება იგივე არჩევანი, რომლის წინაშეც XX საუკუნის მეორე ნახევარში იდგა: სოციალისტური რევოლუცია თუ ფინანსური კაპიტალის ბატონობა. მაშინ ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა, ქარხნები საზღარგარეთ გაიტანა და თანხმლები დეპროლეტარიზაციით საკმაოდ ძლიერი სოციალისტური მოძრაობაც მოსპო. სასურველი და სავარაუდოცაა, რომ მომავალში მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნები საკმარისად გაძლიერებულები იყვნენ იმისათვის, რომ ეს აღარ განმეორდეს.

„დღეს [იმპერიალიზმს] ასულდგმულებს ლათინურ ამერიკაზე ბატონობა - უთანასწორო ვაჭრობა ნედლეულისა და სამრეწველო პროდუქციის გაცვლის სახით. [...] თუ ეს ყველაფერი შეიცვლება, იმპერიალიზმი ძალას დაკარგავს. მაშინ მას მოუწევს, იგემოს კაპიტალიზმის ზოგადი კრიზისი საკუთარი მუშათა კლასის მონაწილეობით, რომელიც დღესაც დაჩაგრულია, მაგრამ რომლის ჩაგვრაც განელებულია ლათინოამერიკის, აფრიკისა და აზიის ექსპლუატაციით.“ - ერნესტო გევარა, 1964 წლის 22 თებერვალი

აშშ-ს შესაძლო რეინდუსტრიალიზაცია გამოიწვევს შიდა დაპირისპირებებს ჩინეთშიც. კომუნისტურ პარტიას მოუწევს, გაანეიტრალოს იმ ელემენტების უკმაყოფილება, რომლებიც აქამდე ტრანსნაციონალური კორპორაციებისთვის მუშაობდნენ, გარდაქმნას ისინი ეროვნულ მწარმოებლებად ან მოიძიოს ახალი კაპიტალი (რაც მარტივი საქმე არ იქნება).[44] ამ დაპირისპირებაში სოციალისტურმა ჩინეთმა უნდა გაიმარჯვოს.

***

ვინაიდან ტრამპი კაპიტალიზმთან ასოცირდება, ხოლო კაპიტალიზმი - თავისუფალ ვაჭრობასთან, პრეზიდენტის მიერ ტარიფების შემოღება ბევრისთვის დამაბნეველი აღმოჩნდა. ჩვენი აზრით, მართებულია ალექსანდრე დუგინის შეჯამება.
“ტრამპი მემარჯვენე არ არის. მას ამერიკელი მუშათა კლასი უჭერს მხარს. ტრამპი სულ უფრო და უფრო ნაკლებადაა ლიბერალი. ის აგრესიულად ლიბერტარიანელი და არალიბერალია. ტარიფების პოლიტიკა ამერიკის რეინდუსტრიალიზაციის საშუალებაა. ვფიქრობ, მისი ინსპირაცია ფ. ლისტის დიადი სივრცის თეორიის ავტარკიაა.” - ალექსანდრე დუგინი, 2025 წლის 8 აპრილი

დუგინის მიერ ნახსენები ფრიდრიხ ლისტი XIX საუკუნის გერმანელი პროტექციონისტი ფილოსოფოსი იყო. ტარიფებთან მის დამოკიდებულებას კარგად ასახავს შემდეგი ნაწყვეტი ლისტის ცნობილი წიგნიდან, “პოლიტიკური ეკონომიკის ეროვნული სისტემა”:

“თუკი ტარიფების გამო თავიდან მატერიალური მსხვერპლი უნდა გავიღოთ, ეს მსხვერპლი კომპენსირდება საწარმოო ძალების შეძენით. ეს კი მომავალში უზრუნველყოფს არა მხოლოდ უფრო მეტ მატერიალურ სარგებელს ერისთვის, არამედ მის ინდუსტრიულ დამოუკიდებლობას ომის ან მტრული კომერციული რეგულაციების შემთხვევაში”[45] - ფრიდრიხ ლისტი, 1841 წ.

ფრიდრიხ ლისტის შთაგონების წყარო იყო შეერთებული შტატების დამფუძნებელი მამა და ხაზინის პირველი მდივანი (ფინანსთა მინისტრი), ალექსანდრ ჰამილტონი. როგორც ხაზინის ახლანდელი მდივანი, სკოტ ბესენტი ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში ამბობს, “თავდაპირველი “ტარიფების კაცი” ალექსანდერ ჰამილტონი იყო. მან გამოიყენა ტარიფები, რათა დაეფინანსებინა ახალი ერი და დაეცვა ამერიკული ინდუსტრია”[46]. ჰამილტონმა 1791 წლის “წარმოების ანგარიშში” წარმოადგინა “ჩვილი ინდუსტრიის არგუმენტი”, რის საფუძველზეც ახალშობილმა შეერთებულმა შტატებმა ბრიტანეთის წინააღმდეგ ტექსტილზე, ლითონებსა და სხვა საქონელზე მაღალი ტარიფები შემოიღო.[47]

ჰამილტონის გამოცდილება ფრიდრიხ ლისტმა გერმანიას მიუსადაგა. პროტექციონიზმის მომხრე ფილოსოფოსი გერმანელი ბურჟუაზიის იდეოლოგად მოიაზრებოდა და, როგორც ასეთი, ახალგაზრდა კარლ მარქსის კრიტიკის ობიექტი იყო. ლისტის წიგნის ანალიზისას (1845 წ.) მარქსი აღნიშნავს, რომ გერმანიის ბურჟუაზიას ტარიფები ინგლისის (და საფრანგეთის) ბურჟუაზიისგან თავის დაცვისთვის სჭირდება:

“მას სურს, იყოს ბურჟუაზია, ექსპლუატატორი, ქვეყნის შიგნით, მაგრამ ასევე სურს, არ იყოს ექსპლუატირებული ქვეყნის გარეთ.”[48] - კარლ მარქსი, 1845 წ.

სამი წლის თავზე, 1848 წელს, “ბრიუსელის დემოკრატიული ასოციაციის” წინაშე სიტყვით გამოსვლისას მარქსი ამბობდა:

“კოსმოპოლიტური ექსპლუატაციისთვის საყოველთაო ძმობის დარქმევა თავში მხოლოდ ბურჟუაზიას შეიძლებოდა მოსვლოდა. ყველა გამანადგურებული შედეგი, რაც შეუზღუდავ კონკურენციას მოჰყვება ერთ ქვეყანაში, უკვე მსოფლიო ბაზარზე, გიგანტური პროპორციებით განხორციელდება. […] არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ თავისუფალი ვაჭრობის მომხრეებს ვერ გაუგიათ, როგორ მდიდრდება ერთი ქვეყანა მეორის ხარჯზე, რადგან მათ ვერც ის გაუგიათ, თუ როგორ მდირდება ცალკეული ქვეყნის შიგნით ერთი კლასი მეორის ხარჯზე.”[49] - კარლ მარქსი, 1848 წ.

მიუხედავად თავისუფალი ვაჭრობის კრიტიკისა, მარქსი არც პროტექციონიზმს სწყალობს. მისი თქმით, ეს ინსტრუმენტი გერმანელ ბურჟუაზიას ქვეყნის შიგნით ძალაუფლების კონსოლიდაციაში დაეხმარებოდა. საბოლოოდ, მარქსი არჩევანს მაინც თავისუფალი ვაჭრობის სასარგებლოდ აკეტებს, ვინაიდან ის "პროლეტარიატსა და ბურჟუაზიას შორის ანტაგონიზმს უკიდურესად აღრმავებს" და, ამდენად, "სოციალურ რევოლუციას აჩქარებს". “მხოლოდ ამ რევოლუციური გაგებით, ჯენტლმენებო, მე ხმას ვაძლევ თავისუფალ ვაჭრობას” - ასრულებს გამოსვლას ფილოსოფოსი.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ დღეს კარლ მარქსი წინააღმდეგი იქნებოდა საქართველოს მიერ ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესებისა?

ვულგარულად გაგებული მარქსი მკითხველს შეიძლება შოთა დიღმელაშვილის თანამოაზრედ მოეჩვენოს. მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომელიც გასათვალისწინებელია, შემდეგია: კარლ მარქსი აღმავალი კაპიტალიზმის თანამედროვე იყო, განსხვავებით დღევანდელი, ლპობაში გადასული კაპიტალიზმისა. ასევე, მაშინდელი ინგლისისა და გერმანიის ურთიერთდაპირისპირებაში არ გვაქვს იგივე ტიპის ურთიერთობა, როგორიც დღეს, იმპერიალიზმის ეპოქაში ცენტრსა და პერიფერიას შორის. დღევანდელობას არც XIX საუკუნეში მანჩესტერის სკოლის ლიბერალების მიერ “მარცვლეულის კანონებთან” (Corn Laws) ბრძოლის მაგალითი მიესადაგება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარქსის მხარდაჭერა თავისუფალი ვაჭრობისადმი მხოლოდ პირობითია - ის მისაღებია იმდენად, რამდენადაც ჩქარდება სოციალური რევოლუცია.

მარქსის სიტყვით გამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე, 1847 წლის ივნისში ფრიდრიხ ენგელსი აქვეყნებს სტატიას, სათაურით “პროტექციონისტული ტარიფები თუ თავისუფალი ვაჭრობის სისტემა”. ფილოსოფოსი აქ იზიარებს მარქსის მიერ შემდგომში გამოთქმულ არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ ტარიფების მოთხოვნისას ბურჟუაზიას ადარდებს მხოლოდ საკუთარი და არა მუშათა კეთილდღეობა. ამიტომ, ერთი შეხედვით ისე ჩანს - წერს ენგელსი - რომ მუშებისთვის სულერთი უნდა იყოს, რა რეჟიმი იმოქმედებს საგარეო ვაჭრობაში. მაგრამ შემდეგ ენგელსი - მარქსისგან განსხვავებით - პროტექციონიზმისკენ იხრება:

“[…] გერმანელი ბურჟუაზია უცხო ქვეყნებისგან თავის დაცვას საჭიროებს, რათა მან გაწმინდოს ფეოდალური არისტოკრატიის შუასაუკუნეობრივი ნარჩენები […]. ამდენად, ის, რაც ხელს უწყობს ბურჟუაზიის შეუფერხებელ მმართველობას, შედის პროლეტარიატის ინტერესებშიც.

როცა ცხადი გახდება მხოლოდ ერთი კლასის - ბურჟუაზიის - ექსპლუატაცია და ძალადობა, როცა გაჭირვება და უბედურება ვერ დაბრალდება ხან ერთ მმართველს, ხან მეორეს, ან უბრალოდ აბსოლუტურ მონარქიასა და მის ბიუროკრატებს - მხოლოდ შემდეგ დაიწყება გადამწყვეტი ბრძოლა, ბრძოლა მესაკუთრეთა და უქონელთა შორის, ბურჟუაზიასა და პროლეტარიატს შორის.”[50] - ფრიდრიხ ენგელსი, 1847 წ.

საქართველოს კონტექსტისთვის ენგელსის ეს ანალიზი უფრო რელევანტურია (გამოყენებული ანალოგიის წესით, სადაც ფეოდალიზმი დასავლური იმპერიალიზმითაა ჩანაცვლებული).

***

ტრამპის მიერ ტარიფების შემოღება, მიუხედავად მათი წინასწარ დაანონსებისა, შოკისმომგვრელი აღმოჩნდა საფონდო ბირჟებისთვის, რომლებმაც უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარდნა განიცადეს. საუბარია ტრილიონობით დოლარის საბაზრო ღირებულებაზე. თუმცა, ამაზე ძირითადად “უოლ სტრიტის” მენეჯერებმა იდარდონ.

“არ მგონია, სწორი იყოს იმის თქმა, რომ ეკონომიკური ვარდნა გვაქვს. სინამდვილეში, ვარდნა საფონდო ბირჟებზეა, რადგან ბირჟები ასახავს აქციების ღირებულებას იმ კომპანიებისა, რომელთა წარმოების წესიც დღეს აშშ-სთვის არახელსაყრელია.”[51] - მარკო რუბიო, 2025 წლის 4 აპრილი

აშშ-ს ხაზინის მდივანს, სკოტ ბესენტს შემდეგი სტატისტიკა მოჰყავს: საფონდო ბირჟებზე აქტივების 88%-ს ამერიკელების ტოპ 10% ფლობს.[52] ბესენტი ამით მიანიშნებს, რომ ბირჟებზე ვარდნით უმრავლესობისთვის ქვეყნიერება არ სრულდება. თუმცა კი, ეს ნამდვილად არის კიდევ ერთი საფუძველი ქართული დაგროვებითი “საპენსიო” სქემის გაუქმებისთვის, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის უშუალო მითითებებით შეიქმნა. დღეის მონაცემებით, ფონდში შეგროვებულია 6,39 მილიარდი ლარი[53], რომლის დიდი ნაწილიც დასავლური კომპანიების აქციებში ინვესტირდება[54], ანუ ქართველები ტრანსნაციონალურ კომპანიებს მილიარდებით ვასუბსიდირებთ, თანაც სავალდებულო წესით. საფონდო ბირჟებზე ვარდნა კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სამომავლო პენსია შემცირდა. “საპენსიო” ფონდი სხვა არაფერია, თუ არა თანამედროვე ვერსია წარსულში დამპყრობლების მიერ ქართველი ხალხისთვის ხარკის დაკისრებისა (ისევე, როგორც ერაყსა და ავღანეთში ჯარის გაგზავნა მოგვაგონებს ისტორიის სახელმძღვანელოების წიგნებზე ამოკითხულ ქართველი ვასალი მეფეების ვალდებულებას, გამოეყვანათ მეომრები დამპყრობლების ომებში მონაწილეობისთვის).

იმ შემთხვევაშიც, როცა საფონდო ბირჟებზე ფასების მატებით ჩვენი აქტივები იზრდება, მეტ სარგებელს დასავლური კომპანიები ნახულობენ. გლობალური რყევებისგან თავდაცვისათვის აუცილებელია დაგროვებითი “საპენსიო” სქემის გაუქმება ან მისი გარდაქმნა სუვერენული პროექტების (ჰესები, პორტები და სხვ.) განსახორციელებლად. თუ ასეთ ნაბიჯს გადავდგამთ, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი გადაგვემტერებიან. მათ მიერ ქართულ საფინანსო სისტემაზე შეტევისთვის წინასწარ უნდა მოვემზადოთ.

კიდევ ერთი საკითხი, რაც სატარიფო ომების ფონზე უნდა გადავაფასოთ, ევროკავშირში გაწევრიანებაა. მიუხედავად ტრამპის მიერ იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის გულთბილი მიღებისა, ამ ორ ქვეყანას ერთმანეთში ტარიფებზე შეთანხმება არ შეუძლია. იტალია ევროკავშირის სატარიფო პოლიტიკის ტყვეა, განსხვავებით დიდი ბრიტანეთისა, რომელსაც მხოლოდ 10%-იანი ტარიფი ხვდა წილად (ევროკავშირს - 20%). ეს მაგალითი კიდევ ერთი არგუმენტია იმ უამრავ მიზეზს შორის, თუ რატომ უნდა ვთქვათ ჩვენ თვითონვე უარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

ჩვენი აზრით, “ქართულ ოცნებას” ჯერ თავისი თავი არ ამოუწურია და მისგან კიდევ ბევრს უნდა ველოდოთ. შედარებით სუვერენული კურსის გატარებამ და 2024 წლის 29 აპრილს ივანიშვილის მიერ “ნაციონალური მოძრაობისთვის” თავისი სახელის დარქმევამ “ქართულ ოცნებას” ახალი მხარდამჭერებიც შემატა. დასავლეთთან დაპირისპირებაში ხელისუფლების გამაგრება აუცილებელია.

ხოლო, თუკი ხელისუფლება საქმის ბოლომდე მიყვანას ვერ შეძლებს (რითაც თავად გადაიქცევა საწარმოო ძალების განვითარების ბარიერად), ამ შემთხვევაში მისი დაწყებული საქმის გაგრძელება სხვას მოუწევს. მოვიყვანოთ დიალექტიკური აზროვნების მაგალითი თავად ბიძინა ივანიშვილის წერილიდან:

“ბუნებრივია, „ქართული ოცნება“ ყოველთვის ვერ იქნება ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის მოსაწონი. განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლისათვის, ხელისუფლების პერიოდული ცვლილება გარდაუვალი და აუცილებელია.”[55] - ბიძინა ივანიშვილი, 2021 წლის 11 იანვარი.

იქამდე ჯერ შორია. თუმცა, როცა ეს მოხდება, ქართული პროგრესული კლასები უფრო გაძლიერებულები შეხვდებიან მომავლის ბრძოლებს. მათ შორის მოიაზრება ეროვნული ბურჟუაზიაც. ერთი და იგივე არ არის, პირობითად, ლაშა პაპაშვილის "ყვარლის ბაგა", სადაც ათასობით ძროხა კახეთის მიწებზე მოყვანილი საკვებით რძეს გვაძლევს, და ახალი ზელანდიიდან რძის ფხვნილის იმპორტიორი კომპანია; ტოლობის ნიშანს ვერ დავსვამთ ვერც "ბარამბოს" მწარმოებელსა და "როშენის" შემომტანს შორის, ისევე როგორც სამხრეთ საქართველოს კარტოფილით წარმოებულ ჩიფს "ფრიქსსა" და იმპორტულ "ლეისს" შორის. ერთ ქვაბში ვერ მოვხარშავთ ვერც სოსის "ივერიასა" და "შირნჰოფერს".

“შენ სუვერენიტეტი თუ არ გაქ, შენ შიდა მომენტს ვერ აწყობ, იმიტო რო შენთან მუშაობს კომპრადორული ბურჟუაზია. […] იმპორტიორები ყველა კომპრადორები არიან. [...] ისინი [იმპერიალისტები - ბ.გ.] გვიშლიან, იმიტო რო უნდათ, რო იმპორტიორებმა იმუშაონ რო მაგათი პროდუქცია გაიყიდოს, ამიტო წარმოებაზე გიშლიან, მარა შენ ხომ მთელი ფენა გყავს, ვინც ამას ასრულებს აქ. ესენი გიშლიან. აი, მაგათ უნდა დავცხოთ.”[56] - ლევან პირველი †, 2024 წ.

***

როგორც არ უნდა დასრულდეს აშშ-სა და მსოფლიოში მიმდინარე გარდაქმნები, საქართველოს ადგილი დასავლურ იმპერიალიზმთან დაპირისპირებულ ბლოკშია. უფრო კონკრეტულად, ჩვენი საწარმოო ძალების განვითარებისთვის აუცილებელია პარტნიორობა, პირველ რიგში, რუსეთსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა სახელმწიფოებთან. მეგობრობის ხელი უნდა გავუწოდოთ ანტიიმპერიალისტურ ქვეყნებს აფრიკაში, აზიასა და ლათინურ ამერიკაში. არსებული კონტაქტები უნდა შევინარჩუნოთ და გავაღრმავოთ სოციალისტურ ჩინეთთან და ჰეგემონიასთან დაპირისპირებულ დასავლურ ძალებთანაც.

______________________________ 

[1]  საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №494. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6378315. გადაწყვეტილების მიღებამდე წლების განმავლობაში ქართული კომპანიები უცხოურ საწარმოებს დემპინგურ ფასებში ადანაშაულებდნენ. არსებობდა იმის საფრთხეც, რომ რუსთავის ქარხნებს მუშაობა სრულად შეეჩერებინათ.
[3] https://bm.ge/news/armaturas-importi-67-it-gaizarda-top-5-saimporto-qveyana უნდა აღინიშნოს, რომ მდგომარეობა განსხვავებული იყო 2021 წელს: https://www.bpn.ge/article/92587-turketi-chineti-ukraina-kveqnebi-saidanac-sakartveloshi-samsheneblo-armatura-shemodis
[4] საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №494. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6378315
[5] რუსთავი 2, “ღამის კურიერი”, 2024 წლის 27 ნოემბერი; ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=NsHvx8noVLI
[6]  საქსტატის 2024 წლის წინასწარი მონაცემები საქონლისთვის.
[8]  იურიდიულად შპს “რუსთავის ფოლადის” მესაკუთრე “Hunnewell Partners”-ია, ირაკლი რუხაძის მიერ დაფუძნებული, გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებული კომპანია. მათი ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, ირაკლი რუხაძე შპს “რუსთავის ფოლადის” საბჭოს თავმჯდომარეცაა. წყარო: https://www.hunnewellpartners.com/rustavi
[9]  ფრენსის ფუკუიამა - “ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი”, 1992 წ. აღსანიშნავია, რომ წიგნი “რენდის კორპორაციის” ოფისებში დაიწერა.
[10]  იქვე, გვ. 100-101
[11]  დონალდ ტრამპი ოფრას შოუში, 1988 წ. https://www.tiktok.com/@dailywire/video/7489266361902959918
[12]  ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს სიტყვით გამოსვლა CELAC-ის IX სამიტზე 2025 წლის 9 აპრილს. სრულად ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=komxMdmlQn4
[13]  დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლა ტაივანელ ჩიპების მწარმოებლებთან შეხვედრის შემდეგ, 2025 წლის 3 მარტი. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=2nxRowQ4DB4
[14]  “სოციალიზმის აშენებისთვის ჯერ საწარმოო ძალები უნდა განვავითაროთ” - დენ სიაოპინი, 1980 წ. ტექსტი ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.marxists.org/reference/archive/deng-xiaoping/1980/101.htm
[20]  ჯეი დი ვენსის სიტყვით გამოსვლა 2025 წლის 18 მარტს. New York Post-ის ვიდეო ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.tiktok.com/@nypost/video/7483246400797592878; აქვე, საინტერესოა, რომ ვენსის მიერ გლობალიზაციის კრიტიკა “ვაშინგტონის კონენსუსსაც” მოიცავს: https://x.com/geopoliticsdh/status/1890794519949373872
[22] https://www.youtube.com/watch?v=qTw1LBJcK3Y 10:00 წუთიდან
[23]  იხ. ინტერვიუ Fox News-თან 2025 წლის 3 აპრილს. ნაწყვეტი ხელმისაწვდომია ბმულზე: https://x.com/BowesChay/status/1907840577137422674
[24]  President Trump Makes an Investment Announcement - The White House; 3 მარტი, 2025; 13:57 წუთიდან. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=kQO50OiUcrw
[27]  ტრამპის სიტყვით გამოსვლა 2025 წლის 2 აპრილს. https://www.tiktok.com/@midmichigannow/video/7488832540623637802
[39] https://www.youtube.com/watch?v=qTw1LBJcK3Y 09:15 წუთზე
[40] იქვე, 09:47 წუთზე
[43] ბრიტანეთის ხაზინის მდივანი დარენ ჯოუნსი, ინტერვიუ BBC-ისთან, 2025 წლის 6 აპრილი; წყარო: https://www.bbc.com/news/articles/ckg10yjp7meo
[44]  აქ საინტერესოა მედიაში ამ დღეებში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც Apple-ი განიხილავს აშშ-სთვის განკუთვნილი “აიფონების” წარმოების ჩინეთიდან ინდოეთში გადატანას. https://www.theguardian.com/technology/2025/apr/25/apple-source-us-iphones-india-china-trump-trade-war
[45]  ფრიდრიხ ლისტი, “პოლიტიკური ეკონომიკის ეროვნული სისტემა”, გვ. 224, 1856 წლის ინგლისურენოვანი გამოცემა. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://ia800208.us.archive.org/24/items/nationalsystemof00list/nationalsystemof00list.pdf
[46]  ტაკერ კარლსონის ინტერვიუ სკოტ ბესენტთან, 2025 წლის 4 აპრილი. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://x.com/TuckerCarlson/status/1908204378613248067
[47]  International Economics, თომას ა. პუგელი, მე-15 გამოცემა, 2012 წ., გვ. 208
[48]  კარლ მარქსი, სტატიის კონსპექტები ფრიდრიხ ლისტის წიგნის, “პოლიტიკური ეკონომიკის ეროვნული სისტემის” შესახებ, 1845 წლის მარტი, [8]. ხელმისაწვდომია ბმულზე: http://hiaw.org/defcon6/works/1845/03/list.html
[49]  მარქსის სიტყვით გამოსვლა “ბრიუსელის დემოკრატიული ასოციაციის” წინაშე, 1848 წ. ხელისაწვდომია ბმულზე: https://www.panarchy.org/engels/freetrade.html
[50]  ფრიდრიხ ენგელსი, “პროტექციონისტული ტარიფები თუ თავისუფალი ვაჭრობის სისტემა”, პირველად გამოქვეყნდა 1848 წლის 10 ივნისს Deutsche-Brüsseler Zeitung-ში. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://wikirouge.net/texts/en/Protective_Tariffs_Or_Free_Trade_System როგორც მარქსის სიტყვით გამოსვლა, ისე ენგელსის ტექსტი და ბრიუსელის “თავისუფალი ვაჭრობის კონგრესი”, რომელიც 1847 წლის მიწურულს გაიმართა, უნდა განვიხილოთ ბრიტანული “მარცვლეულის კანონების” (Corn Laws) გაუქმების კონტექსტში. მოგვიანებით, 1888 წელს, როცა მარქსი უკვე გარდაცვლილი იყო, ენგელსმა მისი 1848 წლის სიტყვით გამოსვლის ინგლისურენოვანი ტექსტი გამოაქვეყნა და მას საკუთარი მსუყე წინასიტყვაობაც დაურთო. აქ ენგელსს ძირითადად პროტექციონიზმს აკრიტიკებს, თუმცა იქვე დასძენს, რომ ის სოციალიზმის პერსპექტივას ვერ დააზიანებს.
[51]  მარკო რუბიოს პრესკონფერენცია, 2025 წლის 4 აპრილი. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=s_uEGM7CxPg
[52] ტაკერ კარლსონის ინტერვიუ სკოტ ბესენტთან, 2025 წლის 4 აპრილი. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://x.com/TuckerCarlson/status/1908204378613248067
[53] https://www.pensions.ge/interactive-report/fund-overview [ნანახია 2025 წლის 26 აპრილს]
[55]  ბიძინა ივანიშვილის წერილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, 2021 წლის 11 იანვარი. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://netgazeti.ge/news/511463
[56] ლევან პირველი სტუმრად სოსო მანჯავიძის გადაცემაში “გონიერი”, ერი მედია, 2024 წლის 19 ივნისი, 32:42 და 40:50 წუთიდან. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=K3--CD-lDU4