ფრიდრიხ ენგელსი - ისტორიის მატერიალისტური გაგებისათვის


წინამდებარე ტექსტი წარმოადგენს ამონარიდს ფრიდრიხ ენგელსის 1878 წლის წიგნიდან - "ანტი-დიურინგი" ("სახელგამის" 1933 წლის გამოცემის მიხედვით). პოლემიკურ ნაშრომში ენგელსი, მოწინააღმდეგის არგუმენტების გაბათილებასთან ერთად, დიდაქტიკურად მიმოიხილავს მარქსიზმის ზოგიერთ ფუნდამენტურ საკითხს.

ისტორიული მატერიალიზმი საფუძველმდებარე მარქსისტული მეთოდია, რომელმაც, ლენინის თქმით, "ისტორიული და სოციალური პრობლემებისადმი მკაცრად მეცნიერული მიდგომა გახადა შესაძლებელი". თანამედროვე ისტორიოგრაფია და სოციოლოგია აღნიშნული მეთოდის გარეშე უძლურია.

ქვემოთ მოცემული მონაკვეთი ეხება ფეოდალიზმიდან კაპიტალისტურ წყობაზე გადასვლის განმაპირობებელ ფაქტორებსა და უკვე კაპიტალიზმში არსებულ წინააღმდეგობებს, რაც მომავლის გარდაქმნების საწინდარია.

***

ისტორიის მატერიალისტური გაგება იმ დებულებიდან გამოდის, რომ წარმოება, და წარმოებასთან ერთად პროდუქტების გაცვლა-გამოცვლა, ყოველი საზოგადოებრივი წესწყობილების საფუძველს წარმოადგენს; რომ ყოველ ისტორიულად აღმოცენებულ საზოგადოებაში პროდუქტების განაწილება და მასთან ერთად სოციალური დანაწილება კლასებად თუ წოდებებად იმაზეა დამოკიდებული რა იწარმოება და როგორ იწარმოება და როგორ ხდება წარმოების გაცვლა-გამოცვლა. ამისდა მიხედვით ყოველი საზოგადოებრივი ცვლილების და პოლიტიკური გადატრიალების უკანასკნელი მიზეზები უნდა ვეძიოთ არა ადამიანების თავებში, არა მათ მიერ სამარადისო ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის თანდათან უკეთ გაგებაში, არამედ წარმოების და გაცვლა-გამოცვლის წესის ცვლილებებში; ისინი უნდა ვეძებოთ არა სათანადო ეპოქის ფილოსოფიასა, არამედ მის ეკონომიკაში. იმ შეგნების გაღვიძება, რომ არსებული საზოგადოებრივი დაწესებულებანი უგუნურნი და უსამართლონი არიან, რომ გონიერება უგუნურებად იქცა, ხოლო სიკეთე ბოროტებად მხოლოდ იმის ნიშანია, რომ წარმოების მეთოდებსა და გაცვლა-გამოცვლის ფორმებში შეუმჩნევლად ცვლილებები მოხდა, რომელსაც აღარ ეგუება წინანდელ ეკონომიურ პირობებზე გამოჭრილი საზოგადოებრივი წესწყობილება. ზემოთ ნათქვამში ისიც იგულისხმება, რომ საშუალებანი გამომჟღავნებული უწესრიგობის მოსასპობად მეტად თუ ნაკლებად განვითარებული სახით უნდა მოიპოვებოდეს აგრეთვე თვით შეცვლილ საწარმოო ურთიერთობაში. შეუძლებელია ეს საშუალებანი ადამიანის თავის შემწეობით გამოგონებულ იქნას, ისინი ადამიანის თავმა წარმოების მოცემულ მატერიალურ ფაქტებში უნდა აღმოაჩინოს.

როგორია ამის შემდეგ თანამედროვე სოციალიზმის განვითარება?

თანამედროვე საზოგადოებრივი წესწყობილება, როგორც ეს ახლა თითქმის საყოველთაოდ აღიარებულია, შეიქმნა ამჟამად გაბატონებული კლასისა, ბურჟუაზიის მიერ. ბურჟუაზიის დამახასიათებელი წარმოების წესი, რომელსაც მარქსის შემდეგ კაპიტალისტური წარმოების წესი ეწოდება, ვერ ურიგდებოდა ფეოდალური წესწყობილების ადგილობრივ და წოდებრივ პირივლეგიებსა და საურთიერთო პიროვნულ კავშირებს, ბურჟუაზიამ დალეწა ფეოდალური წესწყობილება და მის ნანგრევებზე ბურჟუაზიული საზოგადოებრივი რეჟიმი დაადგინა, თავისუფალი კონკურენციის, თავისუფალი მიმოსვლის, საქონელთმფლობელების თანასწორუფლებიანობის და სხვა ბურჟუაზიულ მშვენიერებათა სამეფო. ახლა კაპიტალისტური წარმოების წესს შეეძლო თავისუფლად გაშლილიყო. მას შემდეგ რაც ორთქლმა და ახალმა მანქანებმა ძველი მანუფაქტურა მსხვილ ინდუსტრიად აქციეს, ბურჟუაზიის ხელმძღვანელობით შემუშავებული საწარმოო ძალები მანამდე გაუგონარი სისწრაფითა და მანამდე გაუგონარი მასშტაბით განვითარდენ. მაგრამ როგორც ერთს დროს მანუფაქტურა და მისი გავლენის ქვეშ განვითარებული ხელოსნობა შეეჯახა საამქროების ფეოდალურ ბორკილებს, ისე დღეს სავსებით განვითარებული მსხვილი ინდუსტრია ეჯახება იმ ვიწრო ჩარჩოებს, რომელშიც იგი კაპიტალისტური წარმოების წესმა მოაქცია. ახალმა საწარმოო ძალებმა უკვე ზრდაში წააცილეს მათი გამოყენების ბურჟუაზიულ ფორმას; და ეს კონფლიქტი საწარმოო ძალებსა და წარმოების წესს შორის ადამიანების თავებში წარმოშობილ კონფლიქტს როდი წარმოადგენს, როგორიცაა, მაგალითად, ადამიანის პირველყოფილი ცოდვის კონფლიქტი ღვთაებრივ სამართლიანობასთან, არამედ იგი ფაქტებში არსებობს, ობიექტურად, ჩვენს გარეშე, თვით იმ ადამიანების ნებისყოფისა და ყოფაქცევისაგან დამოუკიდებლად, რომელნიც მას ჰქმნიან. თანამედროვე სოციალიზმი მხოლოდ ამ ფაქტიური კონფლიქტის აზროვნებითი ანარეკლია, მისი იდეალური უკუასახვაა უწინარეს ყოვლისა იმ კლასის წევრების თავებში, რომელიც უშუალოდ იტანჯება მისი ზეგავლენით, სახელდობრ მუშათა კლასის.

ხოლო რაში მდგომარეობს ეს კონფლიქტი?

კაპიტალისტური წარმოების გაჩენამდე, ე.ი. საშუალო საუკუნეებში, ყველგან წვრილი წარმოება არსებობდა, იგი დაფუძნებული იყო მშრომელთა კერძო საკუთრების ნიადაგზე მათი საწარმოო საშუალებების მიმართ: სოფლად წვრილი, თავისუფალი ან მებეგრე გლეხობა არსებობდა, ქალაქებში ხელოსნობა. შრომის საშუალებანი - მიწა, სამიწათმოქმედო იარაღები, სახელოსნოები, ხელსაწყო - ცალკე პირების შრომის საშუალებათ წარმოადგენდენ, დანიშნულთ მხოლოდ ინდივიდუალური გამოყენებისთვის, მაშასადამე, ისინი აუცილებლად მცირე ზომისა, განუვითარებელი, შეზღუდული იყვნენ. მაგრამ სწორედ ამიტომ ისინი ჩვეულებრივ თვით მწარმოებელს ეკუთვნოდნენ. კაპიტალისტური წარმოების წესის და მისი მატარებლის, ბურჟუაზიის ისტორიული როლი სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ ამ დაქსაქსული, ვიწრო საწარმოო საშუალებებისთვის თავი მოეყარა, ისინი გაეფართოებინა, თანამედროვე წარმოების მძლავრად მოქმედ ბერკეტად ექცია. თუ როგორ შეასრულა მან ეს როლი XV საუკუნის შემდეგ წარმოების სამ ისტორიულ საფეხურზე - მარტივი კოოპერაციისა, მანუფაქტურისა და მსხვილი მრეწველობისა - ეს მარქსმა დაწვრილებით გადმოსცა "კაპიტალის" მეოთხე განყოფილებაში. მაგრამ როგორც იქვე დამტკიცებულია, ბურჟუაზიას არ შეეძლო ის შეზღუდული საწარმოო საშუალებანი ძლიერ საწარმოო ძალებად ექცია ისე, რომ ამავე დროს ისინი ცალკე პირთა საწარმოო საშუალებებიდან არ გადაქცეულიყვნენ საზოგადოებრივ, მხოლოდ ადამიანთა კრებულის მიერ გამოყენებულ საწარმოო საშუალებებად. სართავი ჯარა, ხელის საქსოვი დაზგა, მჭედლის ჩაქუჩი შესცვალა სართავმა მანქანამ, მექანიკურმა საქსოვმა დაზგამ, ორთქლის ჩაქუჩმა; პატარა სახელოსნოს ადგილი დაიჭირა ფაბრიკამ, რომელიც რამდენიმე ასი და რამდენიმე ათასი ადამიანის შეთანხმებულ მუშაობას მოითხოვდა. და ისივე როგორც საწარმოო საშუალება, თვით წარმოებაც ცალკე მოქმედებათა მთელი რიგიდან იქცა საზოგადოებრივი აქტების მთელ რიგად, ხოლო პროდუქტი ცალკე პირის პროდუქტიდან საზოგადოებრივ პროდუქტად. ნართი, ქსოვილი, ლითონის საქონელი, რომელიც ახლა ფაბრიკიდან გამოდიოდა, იმ მრავალი მუშის საერთო პროდუქტი იყო, რომელთა ხელში მას უნდა გაევლო რიგრიგობით, სანამ მომზადდებოდა. არცერთ პიროვნებას არ შეეძლო ცალკე ეთქვა: ეს მე გავაკეთე. ეს ჩემი ნაწარმოებიაო.

მაგრამ სადაც წარმოების ძირითად ფორმას წარმოადგენს შრომის ბუნებრივად აღმოცენებული დანაწილება საზოგადოებაში, ეს დანაწილება პროდუქტს საქონლის ფორმას აჭდობს, ამ საქონლის გაცვლა-გამოცვლა, ყიდვა-გაყიდვა განცალკევებულ მწარმოებლებს შესაძლებლობას აძლევს თავიანთი მრავალნაირი მოთხოვნილებანი დაიკმაყოფილონ. ასე ხდებოდა საშუალო საუკუნეებში. მაგალითად, გლეხი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს ყიდდა ხელოსანზე და სამაგიეროდ მისგან ხელოსნობის ნაწარმოებთ ყიდულობდა. ამ განცალკევებული მწარმოებლების, საქონლის მწარმოებლების საზოგადოებაში ახალი წარმოების წესი შეიჭრა. შრომის ბუნებრივად აღმოცენებულ, უგეგმო დანაწილებაში, როგორც იგი მთელს საზოგადოებაში იყო გაბატონებული, წარმოიშვა გეგმიანი დანაწილება, როგოროც იგი ცალკე ფაბრიკაში იყო მოწყობილი; განცალკევებული წარმოების გვერდით საზოგადოებრივი წარმოება წარმოიშვა. ორივე დარგის პროდუქტი ერთსადაიმავე ბაზარზე იყიდებოდა, მაშასადამე, დაახლოებით ერთსადაიმავე ფასებში. მაგრამ გეგმიანი ორგანიზაცია უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ბუნებრივად აღმოცენებული შრომის დანაწილება; საზოგადოებრივად მომუშავე ფაბრიკები თავიანთ პროდუქტებს უფრო იაფად აწარმოებდენ, ვიდრე განცალკევებული წვრილი მწარმოებლები. ინდივიდუალური წარმოება მარცხს მარცხზე განიცდიდა, საზოგადოებრივი წარმოება მთელი ძველი წარმოების წესის რევოლუციურ გარდაქმნას ახდენდა. მაგრამ ამ მის რევოლუციურ ხასიათს ისე ნაკლებ სცნობდენ, რომ იგი, პირიქით, შემოღებულ იქნა როგორც საშუალება საქონლის წარმოების გასაძლიერებლად და ხელის შესაწყობად. საზოგადოებრივი წარმოება წარმოიშვა პირდაპირ კავშირში საქონლის წარმოების და საქონლის გაცვლა-გამოცვლის განსაზღვრულ, უკვე წინათარსებულ მამოძრავებელ ძალებთან: სავაჭრო კაპიტალსა, ხელოსნობასა, დაქირავებულ შრომასთან. რამდენადაც იგი თვით გამოვიდა როგორც საქონლის წარმოების ახალი ფორმა, საქონლის წარმოების მითვისების ფორმები მისთვისაც სრულს მნიშვნელობას ინარჩუნებდნენ.

საქონლის წარმოებაში, როგორც იგი საშუალო საუკუნეებში განვითარდა, შეუძლებელი იყო საკითხი დასმულიყო, ვის ეკუთვნის შრომის ნაწარმოებიო. ჩვეულებრივ მას განცალკევებული მწარმოებელი ამზადებდა საკუთარი, ხშირად მის მიერვე მომზადებული ნედლი მასალისაგან, საკუთარი შრომის საშუალებებითა და თავისი საკუთარი ან თავისი ოჯახის მუშაობით. იგი სრულიადაც არ საჭიროებდა მის მითვისებას, იგი მას ეკუთვნოდა თავისთავად. მაშასადამე, პროდუქტების დასაკუთრება პირად შრომაზე იყო დაფუძნებული. თვით იქაც, სადაც სხვის დახმარებას იყენებდენ, ეს უკანასკნელი ჩვეულებრივ მეორეხარისხოვან როლს ასრულებდა და ხელფასს გარდა ხშირად სხვაფრივად ჯილდოვდებოდა: შეგირდი და ქარგალი იმდენად სარჩოსა და ხელფასისთვის არ მუშაობდენ, რამდენადაც ოსტატის ხარისხის მიღებისთვის. მაგრამ აი დაიწყო საწარმოო საშუალებათა კონცენტრაცია მსხვილ სახელოსნოებსა და მანუფაქტურებში, მათი გადაქცევა ნამდვილ საზოგადოებრივ საწარმოო საშუალებებად. მაგრამ ამ საზოგადოებრივ საწარმოო საშუალებებს და პროდუქტებს ისე ეპყრობოდენ, თითქო ისინი წინანდებურად ცალკე პირების საწარმოო საშუალებები და პროდუქტები იყვნენ. თუ მანამდე შრომის საშუალებათა მფლობელი პროდუქტს იმიტომ ითვისებდა, რომ იგი ჩვეულებრივ მისი საკუთარი პროდუქტი იყო, ხოლო სხვისი დამხმარე შრომა გამონაკლისს წარმოადგენდა, შრომის საშუალებათა მფლობელი ახლაც განაგრძობდა პროდუქტის მითვისებას, თუმცა იგი აღარ წარმოადგენდა მის პროდუქტს, არამედ მხოლოდ სხვისი შრომის პროდუქტი იყო. ამრიგად, საზოგადოებრივად წარმოებული პროდუქტების მითვისებას ახლა ახდენდენ არა ისინი, ვინც საწარმოო საშუალებანი ნამდვილად აამოძრავა და პროდუქტები ნამდვილად შექმნა, არამედ კაპიტალისტები. საწარმოო საშუალება და წარმოება არსებითად საზოგადოებრივი გახდა. მაგრამ ისინი დაექვემდებარენ მითვისების ფორმას, რომლის წარნამძღვარს ცალკე პირის კერძო პროდუქცია წარმოადგენს, შესაფერისი იმ დროისთვის, როცა თითოეული პირი ჰფლობს თავის საკუთარ პროდუქტს და ბაზარზე გააქვს იგი. ახალი წარმოების წესი ემორჩილება ამ ძველ მითვისების ფორმას, თუმცა სპობს მის წინასწარ პირობებს. ამ წინააღმდეგობაში, რომელიც ახალ წარმოების წესს მის კაპიტალისტურ ხასიათს აჭდობს, უკვე მთელ თანამედროვე წინააღმდეგობათა ჩანასახია მოცემული. რამდენადაც ახალი წარმოების წესი ყველა მნიშვნელოვან საწარმოო დარგში და ყველა ეკონომიურად მნიშვნელოვან ქვეყანაში ბატონდებოდა და ინდივიდუალურ წარმოებას უმნიშვნელო კუნჭულებისაკენ ერეკებოდა, მით უფრო ნკაფიოდ მჟღავნდებოდა საზოგადოებრივი წარმოებისა და კაპიტალისტური მითვისების შეუსაბამობა.

როგორც აღვნიშნეთ, პირველ კაპიტალისტებს მზამზარეულად დახვდათ დაქირავებული შრომის ფორმა. მაგრამ დაქირავებული შრომა არსებობდა როგორც გამონაკლისი, დამხმარე საქმე, გარდამავალი პუნქტი. სოფლის მუშას, რომელიც ხანდახან დღიურ სამუშაოს ჰკიდებდა ხელს, ორიოდე მორგენი საკუთარი მიწა ჰქონდა, რომლითაც მას შეეძლო გაჭირვებით ეცხოვრა. საამქროს დებულებანი იმისთვის ზრუნავდნენ, რომ დღევანდელი ქარგალი ხვალ ოსტატი გამხდარიყო. მაგრამ ეს ყოველივე შეიცვალა, როგორც კი საწარმოო საშუალებანი საზოგადოებრივად იქცნენ და კაპიტალისტების ხელში დაგროვდენ. როგორც წარმოების საშუალებათა, ისე წვრილი განცალკევებული მწარმოებლის პროდუქტის ღირებულება დაეცა; ამ მწარმოებელს ისღა დარჩა, რომ კაპიტალისტს მიქირავებოდა. დაქირავებული შრომა, რომელიც წინათ გამონაკლისს და დამხმარე ძალას წარმოადგენდა, მთელი წარმოების წესად და ძირითად ფორმად იქცა; თუ იგი წინათ მუშის მეორეხარისხოვანი საქმიანობა იყო, ახლა მის ერთადერთ მოქმედებად იქცა. დროებით დაქირავებული მუშა პროფესიონალურ მუშად იქცა. ამავე დროს პროფესიონალური მუშების მასა არაჩვეულებრივად გადიდდა ფეოდალური წესწყობილების ჩაშვავებისა, ფეოდალი მებატონეების ამალის დაშლისა, თავიანთი კარმიდამოებიდან გლეხების აყრისა და სხვ. წყალობით. მოხდა სრული გათიშვა, ერთი მხრით, კაპიტალისტების ხელში თავმოყრილ საწარმოო საშუალებებსა, ხოლო, მეორეს მხრით, მწარმოებლებს შორის, რომლებსაც არაფერი გააჩნდათ გარდა თავიანთი სამუშაო ძალისა. წინააღმდეგობამ საზოგადოებრივ წარმოებასა და კაპიტალისტურ მითვისებას შორის თავი იჩინა პროლეტარიატისა და ბურჟუაზიის წინააღმდეგობის სახით.

ჩვენ დავინახეთ, რომ კაპიტალისტური წარმოების წესი სოლივით შეიჭრა საქონლის მწარმოებელთა, განცალკავებულ მწარმოებელთა საზოგადოებაში, რომლის კავშირი დაყრდნობილი იყო ამ მწარმოებელთა პროდუქტების გაცვლა-გამოცვლაზე. მაგრამ ყოველ საზოგადოებას, რომელიც საქონლის წარმოებაზეა დაყრდნობილი, ის თავისებურება ახასიათებს, რომ იქ მწარმოებლებს დაკარგული აქვთ ბატონობა თავიანთი საკუთარი საზოგადოებრივი ურთიერთობის მიმართ. თითოეული პირი თავისთავად აწარმოებს, თავისი შემთხვევითი საწარმოო საშუალებების შემწეობით და თავისი ინდივიდუალური სააღებმიცემო მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. არავინ იცის რამდენი გავა მისი საკუთარი ნაწარმოებიდან ბაზარზე, რამდენი მათგანი შევა საზოგადოდ მოხმარებაში, საჭირო იქნება იგი თუ არა ნამდვილად, აანაზღაურებს თუ არა თავის ხარჯს და საზოგადოდ შესაძლებელი იქნება თუ არა მისი გაყიდა. საზოგადოებრივ წარმოებაში ანარქია მეფობს. მაგრამ საქონლის წარმოებას, ისევე როგორც ყოველი სხვა წარმოების ფორმას, თავისი განსაკუთრებული, შინაგანი, მისგან გამოუყოფელი კანონები აქვს; და ეს კანონები, ანარქიის მიუხედავად, ანარქიაში და ანარქიის შემწეობით მჟღავნდებიან. ეს კანონები აშკარავდებიან საზოგადოებრივ ურთიერთობის ერთადერთ გადარჩენილ ფორმაში, აღებმიცემობაში, და განცალკევებულ მწარმოებლებს იმორჩილებენ როგორც კონკურენციის იძულებითი კანონები. მაშასადამე, ისინი თავდაპირველად უცნობი არიან თვით მწარმოებლებისათვის და ამ უკანასკნელთა მიერ ხანგრძლივი გამოცდილების შემდეგ თანდათან უნდა იქნენ აღმოჩენილი. ამრიგად, ისინი მოქმედებენ მწარმოებელთა დაუხმარებლად და მათ წინააღმდეგ, როგორც წარმოების ფორმის ბრმა ბუნებრივი კანონები. პროდუქტი ბატონობს მწარმოებელზე.

საშუალო საუკუნეების საზოგადოებაში, განსაკუთრებით პირველ საუკუნეებში, წარმოება უმთავრესად თვითმოხმარებას ემსახურებოდა. იგი, უწინარეს ყოვლისა, მხოლოდ მწარმოებლის და მისი ოჯახის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებდა. სადაც, როგორც მაგალითად სასოფლო მეურნეობაში, პირადი დამოკიდებულება არსებობდა, წარმოება აგრეთვე ფეოდალური მებატონის მოთხოვნილებასაც აკმაყოფილებდა. მაშასადამე, აქ გაცვლა-გამოცვლა არ არსებობდა, ამიტომ პროდუქტები არც ღებულობდნენ საქონლის ხასიათს. გლეხის ოჯახი თითქმის ყველაფერს აწარმოებდა, რაც მას სჭიროდა, როგორც ავეჯ-ჭურჭელსა და ტანსაცმელს, ისე საჭმელ-სასმელსაც. გასაყიდი საქონლის წარმოება მან მხოლოდ მაშინ დაიწყო, როცა აღმოჩნდა, რომ იგი გარდამეტს აწარმოებდა თავისი საკუთარი მოთხოვნილებისა და ფეოდალი მებატონის მიერ დადებული ნატურალური გადასახადების დაკმაყოფილების შემდეგ; ეს გარდამეტი, რომელიც საზოგადოებრივ აღებმიცემობაში იქნა გადასროლილი, გასაყიდად იქნა გატანილი, საქონლად იქცა. რაც შეეხება მოქალაქე ხელოსნებს, მათ, რასაკვირველია, იმთავითვე აღებმიცემობისთვის უნდა ეწარმოებიათ. მაგრამ ისინიც თავიანთი მოთხოვნილების უდიდეს ნაწილს საკუთარი ნაწარმოებით აკმაყოფილებდენ; მათ ბაღები და პატარა ყანები ჰქონდათ, ისინი თავიანთ შინაურ პირუტყვს სათემო ტყეში აბალახებდნენ, საიდანაც საშენ და საწვავ მასალასაც ღებულობდენ; დედაკაცები სელსა, ბამბასა და სხვ. ართავდენ. ეს იყო იშობოდა წარმოება აღებმიცემობის მიზნით, საქონლის წარმოება. ამით აიხსნებოდა აღებმიცემობის ვიწრო ფარგლები, ბაზრის ვიწრო ფარგლები, წარმოების წესის ურყევობა, კუთხური კარჩაკეტილობა, ადგილობრივი ხასიათის დაკავშირება: მარკის არსებობა სოფლად, საამქროსი კი ქალაქში.

მაგრამ საქონლის წარმოების გაფართოებასა და განსაკუთრებით კაპიტალისტური წარმოების წესის გამოსვლასთან ერთად აშკარად და ძალოვანად ამოქმედდენ საქონლის წარმოების მანამდე მთვლემარე კანონები. ძველი კავშირები მოდუნდენ, ძველი ჩარჩოები დაირღვენ, მწარმოებლები თანდათან დამოუკიდებელ, განცალკევებულ საქონლის მწარმოებლებად იქცენ. საზოგადოებრივი წარმოების ანარქია გამომჟღავნდა და თანდათან გამძაფრდა. ის მთავარი იარაღი კი, რომლის შემწეობით კაპიტალიზმი ამ ანარქიას აღვივებდა საზოგადოებრივ წარმოებაში, სწორედ ანარქიის საწინააღმდეგო მოვლენა იყო: ეს იყო წარმოების საზოგადოებრივი ორგანიზაცია თითოეულ განცალკევებულ საწარმოო დარგში. ამ ბერკეტის შემწობით იგი ბოლოს უღებდა ძველ მშვიდობიან და ურყევ მდგომარეობას. როგორც კი იგი რომელიმე სამრეწველო დარგში შედიოდა, თავის გვერდით აღარ ითმენდა წარმოების ძველს მეთოდს. სადაც იგი ხელოსნობას ეუფლებოდა, ანადგურებდა მის ძველ ფორმებს. შრომის ასპარეზი ბრძოლის ასპარეზად იქცა. დიდმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა და მათმა მომდევნო კოლონიზაციამ გაამრავლეს საქონლის განაღდების ადგილები და დააჩქარეს ხელოსნობის გადაქცევა მანუფაქტურად. ბრძოლა მარტო განცალკევებულ ადგილობრივ მწარმოებლებს შორის როდი ხდებოდა; ადგილობრივი ბრძოლები ნაციონალურ ომებში გადავიდენ, XVII და XVIII საკუნეების სავაჭრო ომებში. ბოლოს მსხვილმა მრეწველობამ და მსოფლიო ბაზრის შექმნამ ბრძოლა უნივერსალური გახადა, და მას უბადლო სიმძაფრე მისცა. ახლა წარმოების ბუნებრივ ან ხელოვნურად შექმნილ ხელსაყრელ პირობებზეა დამოკიდებული არა მარტო ცალკე კაპიტალისტების, არამედ მთელი სამრეწველო დარგების და ქვეყნების არსებობა. დამარცხებული ულმობელად ნადგურდებდა. ესაა დარვინისეული ბრძოლა არსებობისთვის, რომელიც ბუნებიდან გაძლიერებული გააფთრებით საზოგადოებაშია გადატანილი. მხეცის ბუნებრივი მდგომარეობა გვევლინება როგორც ადამიანის განვითარების მწვერვალი. წინააღმდეგობა საზოგადოებრივ წარმოებასა და კაპიტალისტურ მითვისებას შორის მჟღავნდება როგორც წინააღმდეგობა, ერთი მხრით, წარმოების ორგანიზაციასა ცალკე ფაბრიკაში და, მეორე მხრით, მთელ საზოგადოებაში გაბატონებულ წარმოების ანარქიას შორის.