თავდაპირველად გამოქვეყნდა 2017 წლის 6 დეკემბერს
პირველ რიგში, განვმარტავ, თუ რას მოიაზრებს წერილი „ქართველობისა“ და „საქართველოს“ კონსერვაციაში:
1. ქართველობის დაცვა ეხება და ეხმაურება იმ პოპულარულ საკითხს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი და აქტუალურია. ქართველი მოსახლეობის დიდ ნაწილს გააჩნია სენტიმენტი, რომელიც ძირითადად ფორმულირებულია, როგორც „ქართველობის წართმევა“, „ქართველობის დაკარგვა“ და ასე შემდეგ. ზოგადად, ეს სენტიმენტი (მისი ფორმულირებებიცა და რიტორიკაც) გამოხატავს მოწყვლადი, საფრთხეში მყოფი კულტურის პოზიციას, რომელსაც საზოგადოებაში თუ საზოგადოების გარეთ მოქმედი უცხო ძალები აქტიურად რიყავენ და ავიწროებენ.
2. საქართველოს კონსერვაცია მოიაზრებს ადგილობრივი ეკოლოგიური და გეოფიზიკური გარემოს დაცვას, რომელიც ბოლო წლებში საზოგადოებაში აქტიური განხილვის საგანი გახდა – იქნება ეს ურბანული აქტივიზმი მწვანე სივრცეების შესანარჩუნებლად, თუ რეგიონული პროტესტები, რომლებიც მიმართულია დიდი, დესტრუქციული პროექტების წინააღმდეგ, როგორებიცაა ჰესები და სხვა ენერგო ინფრასტრუქტურა.
რადგან განვმარტე მნიშნველობები, შესავლისათვის ვიტყვი, რომ ეს თემები აქტუალური მხოლოდ საქართველოში არ არის. მსგავს ზოგად სიტუაციას ვხვდებით ყველგან, განსაკუთრებით კი საქართველონაირ განვითარებად ქვეყნებში[1], რომლებზეც გლობალიზაციის პროცესს განსხვავებული გავლენა აქვს ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით.
ამ სენტიმენტების მიზეზს გლობალიზაციის ახლანდელი ეტაპი წარმოადგენს, როცა დასავლურ (გლობალურ) კულტურას უპრეცედენტო წვდომა და გავლენა აქვს ყველა რეგიონზე და არნახული მასშტაბით მიმდინარეობს ეკოლოგიის ექსპლუატაცია ეკონომიკური მიზნებისთვის.
ამ ორი აქტუალური თემის კონტექსტი:
ვინაიდან ნებისმიერი საკითხის გათავისებისთვის საჭიროა კონტექსტის გაანალიზება, მოკლედ მიმოვიხილავ, თუ საიდან გამომდინარეობს ეს პროცესები და, შესაბამისად, რეაქციები „ქართველობის წართმევასა“ და ეკოლოგიურ დეგრადაციაზე:
1. დასავლური კულტურის გლობალიზაცია, ანუ უნივერსალიზაცია:
მიუხედავად იმისა, რომ დღეს მაკდონალდსი და კოკა-კოლა, ერთეული ქვეყნების გამოკლებით, უკვე ყველგანაა, ისტორიულად თუ შევხედავთ, დასავლური კულტურის გლობალური გავლენა შედარებით ახალი ფენომენია.
განვითარების ის ხედვა, რომ არადასავლურ ქვეყნებს სჭირდებათ მატერიალური (მაგალითად: მთლიანი შიდა პროდუქტის გაზრდა), ტექნიკური (მაგალითად: ინდუსტრიული წარმოების გავრცობა) და ასევე კულტურული განვითარება (მაგალითად: ტოლერანტობისა და სხვა ღირებულებების დანერგვა), – რაშიც დასავლეთის ქვეყნები და ინსტიტუტები დაეხმარებიან და გაუძღვებიან – მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წარმოიშვა, ტრუმენის პრეზიდენტობის დროს.
ცივი ომის კონტექსტმა განაპირობა ის, რომ მაშინდელი ორი ჰეგემონიური ძალა – ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი – თავიანთი განსხვავებული იდეოლოგიების გავრცობასა და გავლენის მოპოვებაზე მუშაობდნენ.
დასავლური განვითარების ინსტიტუტები – მსოფლიო ბანკი, მსოფლიო სავალუტო ფონდი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ასე შემდეგ – 1960-70-იანი წლებიდან მუშაობენ და გავლენა აქვთ ისეთ ქვეყნებზე, როგორებიცაა ინდოეთი, განა, კოლუმბია და სხვები, სადაც კომუნისტური რეჟიმები არ დამკვიდრებულა. ვინაიდან საქართველო, პოსტკომუნისტური ქვეყანა, მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გახდა ხელმისაწვდომი ამ ორგანიზაციებისთვისა და, საერთოდ, განვითარების ამ ხედვისთვის, სწორედ 1991 წლიდან დაიწყო საქართველოს ინტეგრაცია არსებულ გლობალურ რეჟიმში. საქართველოს ეკონომიკურმა გახსნილობამ და დერეგულაციების გაღრმავებამ, რაც განსაკუთრებულად და უპრეცედენტოდ განაპირობა „ვარდების რევოლუციამ“, მოიტანა ის საფრთხეები, რასაც საქართველოს მოქალაქეები გრძნობენ თავიანთ სოციო-კულტურულ ვინაობასთან მიმართებაში.
2. ეკონომიკური ზრდა და ეკოლოგიური დეგრადაცია:
ოფიციალურად, ჯანსაღ გლობალურ ეკონომიკად მიიჩნევა წლიურად მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 3%-ით ზრდა. ანუ, ყოველ 20 წელიწადში, დაახლოებით, ჩვენი გლობალური ეკონომიკა უნდა გავაორმაგოთ და, შესაბამისად, უნდა გავაორმაგოთ (გავაბევრმაგოთ) მანქანების წარმოება, სახლების შენება, ბუნებრივი რესურსების ექსტრაქცია, საჭმლის წარმოება და, ზოგადად, ყველა ეკონომიკური აქტივობა. ეს უსასრულო ზრდის ციკლი ფუნდამენტურ წინააღმდეგობაში მოდის გარემოს დაცვის პრინციპთან იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ბუნებრივი რესურსები ამოწურვადია, კაპიტალის მთავარი პრინციპი კი ამოუწურავი ზრდაა. პოლიტიკურად დაუცველი ქვეყნები თუ ტერიტორიები ყველაზე მოწყვლადები არიან ეკოლოგიური ექსპლუატაციისთვის.
ზემოთ აღწერილმა საქართველოს პოსტსაბჭოთა დამოუკიდებლობამ და 1991 წლიდან გლობალიზებურ რეჟიმში ჩართულობამ შესაბამისი ეკოლოგიური რეალობა მოიტანა. ეკონომიკურმა გახსნილობამ ავტომატიურად გამოიწვია ეკოლოგიური გახსნილობაც, რაც პრაქტიკაში გვევლინება, როგორც უცხოური კაპიტალის ადგილობრივ რესურსებზე შეუფერხებელი წვდომა კერძო მოგების მიზნით.
ჩვენი პოლიტიკური გამოსავალი: პროტექციონიზმი
პროტექციონიზმი პოლიტიკური ინსტრუმენტია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის გარკვეულწილად ჩაკეტვას მოიაზრებს იმ მიზნით, რომ გარე ძალებისა და ძალაუფლების გავლენა მცირე იყოს ამ მოცემულ ქვეყანაზე. პროტექციონიზმის პრინციპი გულისხმობს ძალაუფლების სახელმწიფოს ხელში კონცენტრირებას და სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნდამენტურ გავლენას ეკონომიკასა და საზოგადოებაზე. პროტექციონიზმის შემთხვევაში, როგორც ბაზრის, ისე სოციო-კულტურული სივრცის უცხო გავლენებისთვის გახსნა (შეძლებისდაგვარად) მხოლოდ ამ მოცემული ქვეყნის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე ხდება.
მაგალითად, პროტექციონიზმის ქვეშ მყოფმა ჩინეთმა მხოლოდ გარკვეული ეკონომიკური ზონების გახსნა დაიწყო უცხოელი ინვესტორებისთვის 1980-იან წლებში, ისევე როგორც ტაივანმა და სინგაპურმა მხოლოდ გარკვეული სტრატეგიული ინდუსტრიები გახადა ხელმისაწვდომი უცხოური ინვესტიციებისთვის.
იგივე ხდება კულტურის სფეროშიც, სადაც პროტექციის ქვეშ მყოფ ქვეყნებში სამოქალაქო სექტორი ძირითადად ადგილობრივი წყაროებიდან ფინანსდება და, შესაბამისად, მეტწილად ადგილობრივი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარეობს და მოქმედებს.
პროტექციონიზმი ძალაშია ყველა განვითარებულ ქვეყანაში, რათა დაიცვან საკუთარი ეკოლოგია უცხოური კერძო ინტერესებისგან და, ასევე, საკუთარი კულტურა – უცხოური რბილი ძალის გავლენისგან.
ზემოთ მოყვანილი მსჯელობის თანახმად, საქართველოში კულტურული ვინაობის შენახვისთვის (და, რაც მეტად მნიშნველოვანია, – კულტურული ვინაობის განვითარებისთვის) და ეკოლოგიის – ანუ, ჩვენი სასიცოცხლო ნიადაგის დაცვისთვის - საჭიროა ეკონომიკური ძალაუფლების სახელმწიფოს ქვეშ მოქცევა და სახელმწიფოს ინსტიტუტის გაძლიერება, რომელიც ერთადერთი ეფექტური და მასშტაბური პოლიტიკური მექანიზმია (ქვეყნის მთლიან გეოგრაფიულ ტერიტორიაზე მოქმედების იურისდიქციითა და გავლენის წვდომით) და რომელსაც ქვეყნის ინტერესების დაბალანსება და წინ დაყენება შეუძლია გარე ინტერესებთან მიმართებაში.
ბუნებრივია, რომ ქართულმა კულტურამ უნდა განიცადოს ევოლუცია (კულტურები სულ და მუდამ იცვლებიან). ასევე, ბუნებრივია, რომ ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს და ყოველთვის არსებობდა ბრძოლები მეტი პროგრესისთვის, თუმცა, მნიშვნელოვანია, პროგრესის მნიშნვნელობა არ იყოს ერთი, ანუ ევროცენტრული კულტურული გადმოსახედიდან განპირობებული. ზოგადი პრინციპისათვის: კულტურაში ის ჩარევებია ლეგიტიმური, რომელსაც მოსახლეობა თავად ახორციელებს გარკვეული სოციალური კონსენსუსის, ან თუნდაც ბრძოლის შედეგად, ხოლო კულტურაში იმგვარი ჩარევები, რომლებიც მიზნად ისახავს არაადგილობრივი ღირებულებათა სისტემის ჭეშმარიტად შერაცხვას და რომელიც ერთი ჰეგემონიური იდეოლოგიის გლობალურად დამკვიდრებას ემსახურება, რა თქმა უნდა, მიუღებელია.
მაგალითისათვის, 1960-70-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარეობდა მასშტაბური საზოგადოებრივი ბრძოლები სოციალური პროგრესისთვის, რამაც შედეგად ადამიანების უფლებების უპრეცედენტოდ განვითარება მოიტანა. ეს კულტურული ევოლუცია ფუნდამენტურად ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობიდან მოხდა, გარკვეული მატერიალური და სოციო-კულტურული მომწიფებისა და განვითარების სხვა ასპექტების შედეგად. განვითარება და სოციო-კულტურული ბრძოლები საქართველოში ასეთივე ადგილობრივი სუვერენიტეტით უნდა წარიმართოს.
საქართველოს განვითარება უნდა მოხდეს მთლიანი მოსახლეობის ჩართულობით (და არა სტიგმატიზებითა და გარიყვით ადამიანების ისტორიული და კულტურული ვინაობის გამო. უფრო მეტიც, განვითარება მთლიანად უნდა ეფუძნებოდეს მოცემული ერის ისტორიულ და კულტურულ ვინაობასა და გამოცდილებებს) და ის უნდა იყოს მდგრადი, რაც არსებითად ნიშნავს ქვეყნის ბუნების ექსპლუატაციას იმ ფარგლებში, რაც მომავალ თაობებს ჯანსაღ ეკოლოგიურ ნიადაგს შეუნარჩუნებს, რადგან ეს ადამიანებისათვის საარსებოდ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ მიზნებისთვის, ჩვენი პირველი და მთავარი ნაბიჯი ძლიერი სახელმწიფოს შექმნაა, რომელიც გარდაიქმნება მთავარ მექანიზმად ადგილობრივი მაცხოვრებლების – ანუ, ქართველი მოქალაქეების – ინტერესების დაცვისა.
ჩვენთვის საიმედო და გარკვეულწილად სამაგალითო უნდა იყოს უახლესი ისტორიის მაგალითები, როცა ჩვენს მსგავს განვითარებად ქვეყნებში, სხვადასხვა განსხვავებებით (რადგან ყველა ქვეყნის კონტექსტი განსხვავებულია), შესაძლებელი გახდა ადგილობრივ განვითარებაზე ორიენტირებული სახელმწიფოების ჩამოყალიბება. აზიის რეგიონიდან საიმედოა ინდუსტრიალიზებური აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის ქვეყნების მაგალითები, ლათინური ამერიკიდან კი ბოლივიის, ეკვადორის, კოსტა რიკისა და სხვა სახელმწიფოების მაგალითები[2].
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ცვლილებები მუდმივია და ცვლილებები გარდაუვალია; თუმცა ის, თუ როგორი ცვლილებები გვექნება და როგორ ქვეყნად ჩამოვაყალიბებთ საქართველოს, გლობალური კონტექსტის პირობებში, დამოკიდებულია ჩვენს ერთობლივ ნებასა და ერთობლივ აქტიურობაზე.
ჩვენს მოცემულობაში, ეკონომიკური ნაციონალიზმი (რომელიც აუცილებელი პირობაა კულტურისა და ფიზიკური გარემოს დაცვისთვის) ყველაზე ეფექტური და ჯანსაღი ტიპის ნაციონალიზმია.
_______________________________
შენიშვნები:
[1] განვითარებად ქვეყნებად მოვიაზრებთ იმ ქვეყნებს, სადაც ეკონომიკური და ადამიანური განვითარების დონე დაბალია.
[2] აქ არანაირად არ იგულისხმება ის, რომ რომელიმე ქვეყანა უნაკლო ან პირდაპირი მაგალითია საქართველოსთვის. არამედ, საკუთარ სახელმწიფოებრივ პროექტზე ფიქრისას მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნების წარმატებისა თუ წარუმატებლობის გაანალიზება.