ევროპული ფაშიზმი 2.0 - ნიღაბჩამოხსნილი სახე


ავტორი: გეგი კუხალეიშვილი

ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციამ ჩვენს გონებაში ამოატივტივა ამერიკელი მწერლისა და სცენარისტის, სიდნეი შელდონის 1970 წელს გამოქვეყნებული რომანი "ნიღაბჩამოხსნილი სახე" - მართლაც, დასავლეთმა უკვე საბოლოოდ ჩამოიხსნა ფარისეველი მეგობრის ლიბერალური ნიღაბი, ნიღბის მიღმა კი ყველამ ცხადად დავინახეთ პირსისხლიანი ფაშისტის გამძვინვარებული და შეშლილი სახე, ვერნერ ჰერცოგის ნოსფერატუ, რომელსაც სისხლი, ნგრევა და განადგურება სწყურია.

გასაგებია, რომ რასიზმი, ფაშიზმი და ქსენოფობია პირწმინდად დასავლური ფენომენებია, თუმცა, ის აგრესიული ცინიზმი, რითიც დასავლეთი დიდ პოლიტიკაში აბრუნებს აქამდე სრულიად მარგინალურ ჰიტლერულ იდეებს ერების გაწყვეტის აუცილებლობის შესახებ, საზოგადოების დიდ ნაწილში გაოცებას იწვევს. მასებს ისიც აკვირვებს, თუ როგორი რუდუნებით ცდილობს დასავლეთი საქართველოში მიშისტური ავტორიტარიზმის, ნაცისტური ანტირუსული ისტერიისა და ქსენოფობიის რეანიმაციას, რომელსაც, მათი აზრით, არაფერი აქვს საერთო ე.წ. "დასავლურ ღირებულებებთან". საკითხის სიღრმეს ვერ სწვდება ვერც ის არგუმენტი, რომ მეტროპოლიას სათავისოდ ლიბერალური დემოკრატია უნდა, ხოლო პერიფერიისთვის მხოლოდ პროვინციული ფაშიზმი ემეტება და ასეთ რეჟიმს საკუთარი გეოპოლიტიკური ამოცანების შესრულების ინსტრუმენტად იყენებს, ვერც ის მტკიცებანი, რომ თითქოს ლიბერალურ კაპიტალიზმსა და კორპორატიულ ფაშიზმს შორის ფუნდამენტური წინააღმდეგობა არსებობს.

საქმე იმაშია, რომ ლიბერალიზმიცა და ფაშიზმიც, მხოლოდ იდეოლოგიურ ავატარებსა და კულტურულ ზედნაშენებს წარმოადგენენ, ხოლო არსი და ფუნდამენტი ერთია - კაპიტალისტური ფორმაცია. სინამდვილეში, ოლიგოკრატიული ლიბერალ-დემოკრატია და კორპორატიული ფაშიზმი შესაძლებელია არა მხოლოდ მონაცვლეობდნენ კაპიტალისტური ეკონომიკური ციკლის მოძრაობის ტრაექტორიის კვალდაკვალ, არამედ სიმულტანურად იყვნენ წარმოდგენილნი - ამის ცოცხალ (ან შესაძლოა უკვე ნახევრად ცოცხალ) მაგალითს წარმოადგენს თანამედროვე უკრაინა, სადაც ლიბერალური ოლიგარქატი და სისტემურად დაფუძნებული ნეონაცისტური მსოფლმხედველობა სრულ პოლიტიკურ ჰარმონიაში არიან. საკითხის მთელი სერიოზულობის გამოსარკვევად, უნდა დავსვათ ერთი შეკითხვა.

რა არის დასავლური ცივილიზაციისთვის დამახასიათებელი ცნობიერების სტრუქტურისა და დასავლეთის, როგორც ერთი დიდი სისტემის მთავარი მახასიათებელი? არა ურთიერთდაკავშირებულ ერთეულთა მთლიანობა და ერთიანობა, არამედ ამ პრინციპის რადიკალურად საპირისპირო - დისკრეტული და ურთიერთგაუცხოებული, დანაწევრებული ელემენტები, რომელთაც არ გააჩნიათ ურთიერთგადაკვეთის წერტილი და სისტემაში იმთავითვე ორგანულად შთასახული გამაერთიანებელი, ზემდგომი ფაქტორი, ვითარცა კვინტესენცია. არსებითად ასე შეიძლება დახასიათდეს დასავლური ცნობიერების სტრუქტურისათვის ნიშნეული მეტაფიზიკურ ხარისხში აყვანილი სოლიფსიზმი. ცხადია, რომ ასეთ სისტემას წონასწორობისა და სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებისთვის უცილობლად დასჭირდება გამაერთიანებელი პრინციპის ხელოვნური კონსტრუირება, რომელიც უზნუნველჰყოფს ელემენტთა არა თვისობრივი, არამედ რაოდენობრივი თვალსაზრისით გაერთიანებას.

ეს ჩანასახშივე მკვდრადშობილი სისტემა, ცოცხლობს როგორც ვამპირი და ვითარდება, ვითარცა ონკოლოგიური დაავადება. უპირველეს ყოვლისა, სწორედ ამაში ჰპოულობს თავის გამოხატულებას ე.წ. "კაპიტალიზმის სული", რომელიც სრულიადაც არა შემთხვევით წარმოადგენს აგრეთვე პირწმინდად დასავლურ თაურფენომენს.

ჩემი აღნიშნული მსჯელობის დასაბუთების მიზნით, შემიძლია მოვიხმო რამდენიმე არგუმენტი სხვადასხვა სფეროდან.

ის, რაც დიდ პოლიტიკაში ლიბერალური დემოკრატიისა და ფაშიზმის ურთიერთმონაცვლეობით გამოვლინდება, (კაპიტალიზმისთვის დამახასიათებელი ციკლური ეკონომიკური კრიზისის დროს, კაპიტალისტური სისტემა საჭიროებს ნაციონალისტური მითის გამოგონებასა და ინსტრუმენტალიზაციას, რათა მასებში შექმნას სისტემის სტაბილურობისა და დროში გამძლეობის ილუზია, ამავდროულად გააჩინოს ნათელი მომავლის რწმენა, რომელიც ხშირად პირდაპირ კავშირშია სხვა ერების გაწყვეტის აუცილებლობის პროპაგანდასთან) თვისობრივად ანალოგიურ გამოხატულებას ჰპოულობს სხვადასხვა, ერთმანეთთან თითქოს არცთუ მნიშვნელოვანი კავშირის მქონე სფეროებში, იქნება ეს საგანმანათლებლო სისტემა, ბავშვის ფსიქოლოგიის მეცნიერული კვლევა, საფეხბურთო ტაქტიკების ისტორია და კინემატოგრაფია, თუ სოციოლოგია და ლინგვისტიკა.

ჯონათან უილსონი, თავის გენიალურ ნაშრომში "პირამიდის გადმობრუნება", შენიშნავს, რომ ტოტალური ფეხბურთი სისტემურად დაფუძნდა და მეცნიერული სახით ჩამოყალიბდა არა ევროპაში რინუს მიხელსის მიერ, როგორც ეს პროფანებსა და დილეტანტებს ჰგონიათ, არამედ საბჭოთა კავშირში ვიქტორ მასლოვისა და ვალერი ლობანოვსკის ტიტანური შრომის წყალობით.

ჯონათან უილსონი აღნიშნავს, რომ მიხელსი და კრუიფი მხოლოდ გარემოებებზე რეაგირებდნენ, ისინი ტოტალურ ფეხბურთამდე რეფლექსებით, ინსტინქტებითა და ხელისშემშლელ ფაქტორებზე რეაქციით მივიდნენ, მაშინ როდესაც მასლოვი და ლობანოვსკი ფუნდამენტურად, მეცნიერული მეთოდებისა და სუპერთანამედროვე კომპიუტერული სისტემების გამოყენებით აყალიბებდნენ ტოტალური ფეხბურთის სრულყოფილ კონცეფციას. როგორც უილსონი აღნიშნავს, საბჭოელები გაცილებით უფრო პროგრესულები იყვნენ, როგორც ქრონოლოგიური, ისე მეთოდოლოგიური თვალსაზრისით.

ჩემი მხრივ, შემიძლია დავამატო, რომ ამაში არაფერია გასაოცარი. ტოტალური ფეხბურთი, რომელიც ორგანული კოლექტივიზმისა და ჰოლისტური პრინციპის აპოთეოზს წარმოადგენს საფეხბურთო ქრონოტოპოსში, ორგანულად ვერ ჩაისახებოდა დასავლურ სისტემაში, რომელიც არსებითად დისკრეტული და ატომიზებულია. აქ, შესაძლოა საქმე გვქონდეს, ერთი მხრივ, შპენგლერისეულ ფსევდომორფოზთან, ხოლო, მეორე მხრივ, სისტემის მიერ წონასწორობისა და გამაერთიანებელი პრინციპის ხელოვნურ-რეაქციონერულ კონსტრუირებასთან. ერთი სიტყვით, ის რაც საბჭოთა კავშირში განხორციელდა როგორც რევოლუცია, დასავლეთში იყო ოდენ რეაქცია, ერთგან, ტოტალური ფეხბურთი სისტემის ორგანული განვითარების შედეგი იყო, მეორეგან კრიზისსა და ცვლილებებზე ინსტინქტური რეაგირების ხელოვნური პროდუქტი.

შესანიშნავი საბჭოთა ფსიქოლოგი, ლევ ვიგოტსკი, თავის ნაშრომში "Мышление и речь", აკრიტიკებს რა ჟან პიაჟეს თეორიას, რომელიც მისი აზრით, მოკლებულია სისტემურობისა და ერთიანობის პრიმატს, ახასიათებს მას როგორც დაუკავშირებელი, მოუწესრიგებელი და ქაოსური ელემენტების სიმრავლეს, იქვე დასძენს, რომ იმისათვის რათა პიაჟეს, საკუთარი თეორიიდან საერთო საფუძვლის მქონე სტრუქტურული კომპლექსი ჩამოეყალიბებინა, სჭირდებოდა ცენტრალური კონცეფტი, რომელიც მის უსიცოცხლო თეორიას სულს შთაბერავდა. ასეთი ტიპის ხელოვნურ კონსტრუქტად პიაჟემ ეგოცენტრიზმის კონცეფცია შეარჩია. ვისაც მეცნიერული ფსიქოლოგია საკმარისად კარგად ესმის, იგი ხვდება, რომ პიაჟესეული ბავშვის ეგოცენტრულობა ისეთივე აკვიატებული და ობსესიური იდეაფიქსია, როგორც ფროიდის სიამოვნების პრინციპი. პიაჟეს და ფროიდის მოძღვრებებში, ეს ხელოვნურად კონსტრუირებული იდეაფიქსები იმდენად ღერძულ და ცენტრალურ კონცეფტებს წარმოადგენენ, რომ მათი ვალიდურობის ეჭვქვეშ დაყენებითა და დეკონსტრუქციით, მიწასთან სწორდება მთელი მათი თეორიაც.

აქვე, შეუძლებელია არ ვახსენოთ გენიალური იტალიელი ფილოსოფოსი - ანტონიო გრამში და მისი "ციხის ჩანაწერები". მიმოიხილავს რა მოდერნული დასავლეთის საგანმანათლებლო სისტემას, გრამში აღნიშნავს, რომ სახეზე გვაქვს დიფერენციაციისა და პარტიკულარიზაციის ქაოტური პროცესი, სისტემა, რომელსაც არ გააჩნია არც ნათელი და დროის მსვლელობისადმი მედეგი, გამძლე პრინციპები, არც თანმიმდევრულად ჩამოყალიბებული გეგმა, იქვე დასძენს, რომ, თავის მხრივ, ეს პრობლემები დაკავშირებულია მთლიანად ცივილიზაციის გენერალურ ორგანულ კრიზისთან.

ვფიქრობ, ის, რომ გრამშის მოცემული ხედვა კიდევ უფრო მეტად ამყარებს ჩემს მოყვანილ არგუმენტაციას, აღარ საჭიროებს დამატებით კომენტირებას.

რენე ჟირარი, თავის ნაშრომში "ძალადობა და საკრალური", განიხილავს "განტევების ვაცის" ფენომენის სოციალურ-ფსიქოლოგიურ მექანიზმებს საკრალურ საზოგადოებებში. დიდი ფრანგი ფილოსოფოსი წარმოაჩენს საკრალური მსხვერპლის მნიშვნელობასა და დანიშნულებას ტრადიციულ წარმართულ სოციუმებში, რომელიც ყოველთვის თან ახლავს კრიზისულ მდგომარეობას.

მე-20 საუკუნეში, დასავლური ცივილიზაციისთვის, ჟირარისეული განტევების ვაცი იყო ებრაელი ერი. დღეს დასავლეთის საკრალური მსხვერპლის როლში გვევლინება რუსი ხალხი, რომელთა გაწყვეტის აუცილებლობაზე, ვითარცა ერთადერთ რაციონალურ გამოსავალზე, ღიად და დაუფარავად საუბრობენ გლობალური დასავლეთის მიერ დაქირავებული მოლაპარაკე მაიმუნები. საკრალური მსხვერპლის ჩამნაცვლებლებად, ანუ მეორეულ განტევების ვაცებად, დასავლეთი პოსტ-საბჭოთა მცირე ერებს, მათ შორის საქართველოს მოიაზრებს.

საბოლოო ჯამში, ყოველივე ზემოთ ნახსენები, ერთი დიდი ცივილიზაციური სისტემის ნაწილია - უღრმესი კავშირი არსებობს რასიული რჩეულობის ბოდვით იდეასა და ბავშვის ეგოცენტრულობის კონცეფციას შორის, სიამოვნების პრინციპის პრიმატსა და კაპიტალისტური ეკონომიკური ურთიერთობების მახასიათებლებს შორის, მოკლე ქრონომეტრაჟის კინემატოგრაფიულ sequence shot-სა და წინასწარვე გაყალბებული არჩევნების გზით სწრაფად ჩანაცვლებად კაპიტალის დაქირავებულ პოლიტიკურ პარტიებს შორის, უახლოეს ფულად მოგებასა და "კომფორტიზმს" (ვერნერ ზომბარტი) შორის, საბანკო-საკრედიტო სისტემასა და პოლიტიკურ/კულტურულ კონფორმიზმს შორის, ადამიანის აბსტრაქტულ უფლებებსა და თანხმობის წარმოებას შორის, სავახშო-სპეკულაციურ კაპიტალსა და გენდერული ნეიტრალობის ფენომენს შორის, ფინანსურ-ნეოკოლონიალურ ჰეგემონიასა და ფაშისტურ დიქტატურას შორის - ყოველივე ჩამოთვლილი ერთი ცივილიზაციის (დასავლეთი) ფუნდამენტური მახასიათებელია, რომელსაც თვისი არსებობის გახანგრძლივებისთვის უცილობლად სჭირდება ხელოვნური და გენერალური ფაქტორის გამოგონება, ხოლო, თავის მხრივ, გამაერთიანებელი პრინციპი დიდ პოლიტიკაში "სხვათა", ხშირად "უცოდველთა" სისხლის ხარჯზე მოიპოვება - უახლეს ევროპულ ფაშიზმს ახალი შატოვი სჭირდება. გასულ საუკუნეში ფაშიზმი თითქოს საბოლოოდ დასამარდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მიხაილ რომი მართალი გამოდგა და ფაშიზმი, ონტოლოგიური თვალსაზრისით, უკვდავი აღმოჩნდა.

დღევანდელი ჰიბრიდული ფაშიზმი, იდეალურად ითვისებს ლგბტ ანთროპოლოგიასა და ადამიანის უფლებებზე ფარისევლურ ლაყბობას, ერების გაწყვეტის აუცილებლობის კონცეფციასა და დემოკრატიად გასაღებულ ცალსახა ავტორიტარიზმსა თუ ციფრულ ტოტალიტარიზმს.

ვნახოთ, რა ბედი ეწევა 21-ე საუკუნის ევროპულ ფაშიზმს, რომელიც ჯერ მხოლოდ იბადება. ერთი რამ კი სრულიად ცხადია - დასავლური ცივილიზაციის რჩეულობის თანამედროვე მითი, არის ჰიტლერის ნორდიული რასის აღმატებულობის ბოდვითი იდეის სუბლიმირებული ვერსია, რომელიც გაცილებით უფრო დიდ, მიზანთროპულ ამპარტავნებასა და მასთან შეზავებულ ფარისევლობას ემყარება, აქ ნაციონალურ-მიკროანთროპოლოგიური რესენტიმენტი და ნაივური რასისტულ-შოვინისტური რწმენათა სისტემა, ჩანაცვლებულია ცივილიზაციურ-მეტაფიზიკურ რანგში აყვანილი ამპარტავნებით, რომელიც ადგილს არ ტოვებს თვისობრივად განსხვავებულ ერთა და ცივილიზაციათა არსებობისთვის - არსებითად, სწორედ ეს შეიძლება მივიჩნიოთ ხანგრძლივ პროცესად, რომელსაც შეიძლება უკვე თამამად ეწოდოს სატანიზმი, თავისი აბსოლუტურად დასრულებული სახით. ყველაფრის გათვალისწინებით, ეს უგონო და, ამავდროულად, სრულიად ცივსისხლიანი დემონური აროგანტულობა, შესაძლოა დასრულდეს გასულ საუკუნეზე გაცილებით უფრო დამანგრეველი შედეგებით დასავლეთისთვის.

ეძღვნება ჩემი უფროსი სულიერი ძმისა და დიდი მასწავლებლის, გოჩა გვასალიას (პორფირე) ნათელ ხსოვნას!

18.06.2023