ნამახვანჰესი და დასავლური იმპერიალიზმი


ავტორი: ბესო გვენეტაძე

თავდაპირველად გამოქვეყნდა 2021 წლის 4 მაისს

2021 წლის 29 აპრილს ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ნამახვანჰესის გარშემო მიმდინარე პროცესებში „ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების“ წარმომადგენლები ჩაერთვებიან,[1] როგორც „ნეიტრალური“[2] მედიატორები.

პრობლემა ისაა, რომ „ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანება“ ბუნებაში არ არსებობს. არსებობს „ენერგეტიკული გაერთიანება“, რომელშიც, ევროკავშირთან ერთად, საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და ბალკანეთის 6 ქვეყანაა გაწევრიანებული. ეს გაერთიანება ევროკავშირის იმპერიალისტური ინსტრუმენტია, რითაც იგი ცდილობს, გზა გაუხსნას საკუთარ კაპიტალს და არაწევრი სახელმწიფოების ენერგორესურსების გამოყენების ხარჯზე უზრუნველყოს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოება. ამდენად, ეს ორგანიზაცია არათუ „ნეიტრალური“ არაა, არამედ ის პირდაპირაა დაინტერესებული საქართველოში ჰესების აშენებით, მიუხედავად მათი მესაკუთრისა.

ელექტრონები მოძრაობენ ბირთვის გარშემო

ენერგეტიკული გაერთიანება 2005 წელს დაარსდა. ამას წინ უძღოდა სოციალისტური ბანაკის დაშლა, რამაც დასავლეთისთვის ახალი შესაძლებლობები გააჩინა. გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 2014 წლის თებერვალში დაიწყო. ორი წლის შემდეგ შესაბამის პროტოკოლს ხელი მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა, ილია ელოშვილმა მოაწერა. 2017 წელს საქართველო ორგანიზაციას ოფიციალურად შეუერთდა.

ენერგეტიკული გაერთიანების დოკუმენტაციიდან ვარკვევთ, რომ საქართველომ, ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, საკუთარი ენერგობაზრის ლიბერალიზაცია უნდა მოახდინოს.[3] გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებაში გაცხადებულ მიზნებს შორისაა „საბაზრო ჩარჩოს შექმნა ინვესტიციების მოსაზიდად“[4], „ენერგიის ბაზარზე კონკურენციის გაზრდა“[5] და „ერთიანი მექანიზმის შექმნა ენერგიის საზღვარგარეთ გადასაცემად“[6].

ამ იურიდიულ ლაბირინთში ჩვენი გზამკვლევი ნათია თურნავა იქნება:

„ამოცანაა, რომ შემდგომში ჩვენი მწვანე ენერგია გადაეცემოდეს ამ გადამცემი ხაზის მეშვეობით ევროკავშირს, რომელიც ისწრაფვის ნულოვანი ემისიების რეგულაციებამდე.“[7]

ამ გადამცემი ხაზის შესახებ მინისტრისგან მარტის თვეში შევიტყვეთ. საუბარია ელექტროენერგიის გამტარ 1195 კმ. სიგრძის კაბელზე, რომელიც შავ ზღვაში შეიძლება ჩაიდოს და საქართველო რუმინეთს დაუკავშიროს.[8] იქიდან ჩვენი „მწვანე“ ელექტროენერგია ევროპის ქვეყნებს კარდაკარ მოივლის და ფასდაუდებელ წვლილს შეიტანს ნულოვანი ემისიებისაკენ სწრაფვაში. საქართველოს მთავრობა ხომ „მტკიცედ ემხრობა ენერგეტიკის სექტორში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლისა და დეკარბონიზაციის პოლიტიკას განახლებადი ენერგიის წყაროების პოტენციალის შემდგომი განვითარების გზით.“[9]

ლეგალური კაპიტალი, არალეგალი მიგრანტები

ბოლო დროს ქუთაისის აეროპორტში ფრანგ ჟანდარმებს შეხვდებით, რომლებიც ქართველების ნაწილს გაფრენას უკრძალავენ. ადამიანებისაგან განსხვავებით, საზღვარს უპრობლემოდ კვეთს ევროპული ინდუსტრიებისთვის განკუთვნილი ჩვენი ნედლეული, რათა იქ დამატებითი ღირებულება შეიძინოს და ევროპაში მოგზაურობით იერშეცვლილი უკან დაგვიბრუნდეს, ისევ ბარიერების გარეშე. ასეთია, მაგალითად, სამეგრელოში მოკრეფილი თხილი, რომლისთვისაც იტალიური „ფერერო“ მადლობას ძვირადღირებული ტკბილეულით გვიხდის, არაფრის მთქმელი სიტყვების ნაცვლად.

საზღვარზე დაბრკოლება არ ხვდება არც ევროპულ კაპიტალს. ქუთაისშივე რომ დავრჩეთ, აქ შარშანწინ „ევროპაში ყველაზე დიდი“ მზის პანელების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა.[10] გერმანული კომპანია გეგმავს, ქუთაისში წარმოებული პანელებით მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყანა მოამარაგოს. დეკარბონიზაციის ამ ზოგადსაკაცობრიო საქმეში შეტანილი წვლილისთვის ჩემი მეზობლის ხელფასი თვეში 500 ლარია. დედამისი წლებია, საბერძნეთში მუშაობს. მის მსგავსად, 90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველო ასიათასობით ადამიანმა დატოვა. უამრავი მათგანი დღეს თავისი შრომით „კეთილდღეობის სახელმწიფოს ევროპულ მოდელს“ ქმნის. აქ დამოკიდებულების ნიშნებიც ჩანს. ქართველი არალეგალი მიგრანტების ხარჯზე საბერძნეთის, იტალიისა თუ გერმანიის მოსახლეობას შეუძლია, შეასრულოს უფრო კვალიფიციური, მაღალანაზღაურებადი სამუშაო, ჩვენ კი მუდმივად დაქვემდებარებულ მდგომარეობაში ვრჩებით.

„გააკეთეთ ისე, როგორც ჩვენ გეუბნებით და არა ისე, როგორც ჩვენ გავაკეთეთ“

2017 წელს ერთ-ერთი მთავარი ქართული საწარმო, „აგარის შაქარი“ გაჩერდა. სამსახური დაკარგა 500-მა დასაქმებულმა. კომპანიის განცხადებით, ბაზარზე ევროკავშირიდან იაფი შაქარი შემოვიდა, რასაც ადგილობრივმა პროდუქციამ კონკურენცია ვერ გაუწია.[11] ევროკავშირი საკუთარ შაქრის ინდუსტრიას ნახევარი საუკუნის განმავლობაში სუბსიდირებით, აგრესიული პროტექციონიზმით ავითარებდა, რა დროსაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებსაც არღვევდა. შედეგად, დაიხვეწა ტექნოლოგიები, დაგროვდა გამოცდილება, პროდუქცია კონკურენტუნარიანი გახდა და სათანადო მომენტში ექსპორტზეც გავიდა. მათ კვალობაზე ეს პროტექციონიზმის საკმაოდ კეთილშობილური ფორმაა. ევროპის ეკონომიკური ისტორია კოლონიალიზმისა და გენოციდების ისტორიაა.

ევროპული პროტექციონიზმის საპირისპიროდ, დასავლელი ექსპერტების რეცეპტებით საქართველო თავისუფალი ვაჭრობით განვითარდება. მაგალითად, „ენერგეტიკული გაერთიანება“ საქართველოს უზღუდავს ქართული კომპანიებისთვის უპირატესობის მინიჭებას. დამფუძნებელი ხელშეკრულებით ეს „დისკრიმინაციად“ ითვლება.[12] იქვეა მე-18 მუხლი, რომლითაც ხელშეკრულებასთან შეუთავსებლად ცხადდება „ნებისმიერი სახის საჯარო დახმარება, რომელიც [...] ამახინჯებს კონკურენციას“.[13] ამ მოთხოვნით შეგვიძლია ავხსნათ ნათია თურნავას მიერ „რეალურ სივრცეში“ გაკეთებული განცხადება სუბსიდიებთან დაკავშირებით. მისი თქმით, სახელმწიფო „ევროპული სტანდარტით“ „დერეგულირებული ბაზრისკენ“ მიისწრაფვის, სადაც ენერგია საბაზრო ფასით გაიყიდება და არა გარანტირებული შესყიდვის წესით.[14] ეს იმას ნიშნავს, რომ მომავლის ხელშეკრულებებში ყბადაღებულ 6-ცენტიან ტარიფებს (რაც სუბსიდირების ერთ-ერთი ფორმაა) აღარ უნდა ველოდოთ. და ეს სულაც არაა კარგი ამბავი. საქმე იმაშია, რომ - არსებული ეკონომიკური სისტემის ფარგლებში რომ დავრჩეთ - ნამახვანჰესთან დაკავშირებით პრობლემურია არა გარანტირებული შესყიდვა, როგორც ასეთი, არამედ მაღალი ტარიფი.

ბაზრის ამგვარი დერეგულაცია მდიდარ სახელმწიფოებთან მუდმივად დამოკიდებულს გვხდის. ეს ნიშნავს უკვე განვითარებულ ინდუსტრიებთან „თავისუფალ“ კონკურენციაში შესვლას, სადაც დამარცხება გარდაუვალია. ამდენად, ენერგოსექტორის ნაციონალიზების შემთხვევაშიც კი, ჩვენ ვერ შევძლებდით, ექსტრაქტივიზმით მიღებული შემოსავლის რეინვესტირება პროდუქტიულ სექტორებში გაგვეკეთებინა. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ჩინეთთან, თურქეთთან - ვისთან არა - ამ სექტორების განვითარების შანსს გვართმევს. მეორე მხრივ, არსებობს მზარდი ზეწოლა საქართველოს მთავრობებზე, ლიბერალიზებულ ბაზარზე წყალს გაატანონ ქვეყნის ენერგორესურსები.

როგორ მოვედით აქამდე?

1997 წელს ჩაწერილი ეს ვიდეო ისტორიკოსებისა და პოლიტოლოგებისთვის საოცნებო მასალაა. მასში ედუარდ შევარდნაძე 90-იანების ყოფას აღწერს: „რო არ ყოფილიყო ჩვენი ურთიერთობები საერთაშორისო ცენტრებთან, სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, ევროპის ბანკთან, ევროკავშირთან და სხვა, ჩვენი სურვილები სურვილებად დარჩებოდა. [...] რო არ ყოფილიყო ეს დასავლეთი, დღეს საქართველო ამოწყდებოდა შიმშილით. არც ბიუჯეტი გვექნებოდა, არც ხელფასი გვექნებოდა“.[15]

დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე დასავლურმა ორგანიზაციებმა საქართველო „ულუფაზე დასვეს“. მათი ფული ჰუმანიტარული კატასტროფის პირობებში მყოფ სახელმწიფოს ამოსუნთქვის საშუალებას აძლევდა, - ან იქნებ სულაც გუდავდა. ბავშვმაც კი იცის, რომ მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის „დახმარებებს“ თავისი დათქმები მოჰყვება. მათგან თავსმოხვეული „ფისკალური კონსოლიდაცია“, „სტრუქტურული რეფორმები“, „ქამრების შემოჭერა“ და სხვა ევფემიზმები სინამდვილეში ღარიბების წინააღმდეგ მიმართული კლასობრივი ომია. ბოლო პერიოდიდან შეგვიძლია გავიხსენოთ ე.წ. „საპენსიო რეფორმა“. ის მსოფლიო ბანკის მითითებით[16] განხორციელდა და იყო სავალუტო ფონდის მიერ ახალი სესხის მოცემის ერთ-ერთი საფუძველი. სინამდვილეში, საპენსიო რეფორმას პენსიასთან იმდენივე აქვს საერთო, რამდენიც თავისუფალ უნივერსიტეტს თავისუფლებასთან. ამ რეფორმის მიზანი ღარიბების ჯიბიდან ფულის ამოღება და მისი სპეკულაციურ კაპიტალად გადაქცევაა.

ასე მივიღეთ გაძვალტყავებული ქვეყანა, რომლის მმართველთა თვალსაწიერი სესხი და უცხოური ინვესტიციაა. ამ მდგომარეობას დღეს მოხერხებულად იყენებს ნორვეგიის ელჩი - ვერ დავუკარგავთ, დიპლომატიური ენით. ჰელენ სანდ ანდერსენი საქართველოს მთავრობას ნამახვანჰესის პროტესტის ჩაცხრობას ავალებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ინვესტიციების დაბლოკვით აშინებს.[17]

სტრატეგიის დასახვის შემდეგ იმპერიალიზმი სვლებს პაიკებით აკეთებს. ამისათვის მათ სკოლებსა და უნივერსიტეტებში წვრთნიან. ამ ტექსტის ავტორი 2014 წელს, USAID-ის ფულით, ჯერ შვედეთში, შემდეგ გერმანიაში, ბოლოს - ავსტრიაში ამოგზაურეს, არბიტრაჟის სტუდენტურ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. არბიტრაჟი პრივატიზებული სასამართლოა და იმისთვის არსებობს, რომ „ენკასა“ და „ფრონტერასნაირმა“ კომპანიებმა სასამართლო სისტემას გვერდი აუარონ. იურიდიულ ფაკულტეტებზე არბიტრაჟის პოპულარიზებისთვის დღემდე ბევრი ფული იხარჯება; ტარდება კონფერენციები, მივლინებით ჩამოჰყავთ უცხოელი ლექტორები.

საპირისპირო მიმართულებით უშვებენ ქართველ სტუდენტებს. ამას დიდაქტიკური მიზნებით განმსჭვალული ევროპული ქვეყნების მთავრობები „ერასმუს მუნდუსით“, „DAAD-ით, „ჩივნინგით და სხვა პროგრამებით აკეთებენ. ბევრი ასეთი კარგად გაწვრთნილი ახალგაზრდა სამშობლოში დაბრუნებისას „დასავლური ღირებულებების“ გამავრცელებელი „ინფლუენსერი ხდება. ისინი ხშირად ისევ დასავლურ ინსტიტუტებში, ან საჯარო სექტორში საქმდებიან. ილია ელოშვილი, რომელმაც ენერგეტიკული გაერთიანების დოკუმენტებს ხელი მოაწერა, სხვადასხვა დროს მუშაობდა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა“ და ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) პროექტებისთვის.[18] USAID-ში მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი აქვს, ასევე, ნამახვანჰესის ამბების ანტიგმირს, „ენკას“ მთავრობასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ელენე ღუბიანურს. მისი იქ ყოფნისას ორგანიზაცია ახორციელებდა 7.5 მლნ. დოლარიან „ენერგეტიკის პროგრამას“, რათა საქართველოს მთავრობას „ენერგეტიკული ბაზრის განვითარებაში“ დახმარებოდა; უფრო კონკრეტულად კი, ეს დახმარება „ენერგეტიკული გაერთიანებიდან“ მომდინარე ვალდებულებების შესრულებას გულისხმობდა.[19]

მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ მწვანე პოლიტიკა კლასობრივი პოლიტიკაა. მაგალითად, ქართველ ბურჟუაზიას შეუძლია, თბილისი საცხოვრებლად უვარგისი გახადოს, თვითონ კი ლისის ტბაზე გადაბარგდეს. საერთაშორისო მასშტაბებში კლასობრივი ბრძოლის ანალოგიად შეიძლება აღვიქვათ ურთიერთობა იმპერიალისტურ და დაქვემდებარებულ სახელმწიფოებს შორის. შარშან, ისტორიაში პირველად, ნორვეგიაში უფრო მეტი ახალი ელექტრომანქანა გაიყიდა, ვიდრე საწვავზე მომუშავე.[20] ეს მაშინ, როცა ქვეყნის მთავარი ექსპორტი ნავთობია.[21] ამიტომ, გაეროს ტრიბუნიდან ცნობილმა სახეებმა სხვაგვარადაც რომ გვითხრან, პლანეტის გადარჩენა „ყველას საერთო საქმე“ სულაც არაა. ბურჟუაზია და იმპერიალისტური სახელმწიფოები, პირველ რიგში, საკუთარ ინტერესებზე იზრუნებენ.

ქართველმა ხალხმა ამ ახალ რეალობაში საკუთარი ინტერესების დაცვა უნდა შეძლოს. ამ ბრძოლაში კი საუკეთესო იარაღი მარქსიზმია.


[1] ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესცენტრი, 29.04.2021 https://www.facebook.com/economygovge/posts/3986414744781488 [ნანახია 30.04.2021]

[2] ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესცენტრი, 28.04.2021 https://www.facebook.com/economygovge/posts/3983433811746248 [ნანახია 30.04.2021]

[3] EnC Factsheet, ხელმისაწვდომია ბმულზე https://www.energy-community.org/dam/jcr:737d594d-e541-4c0e-975b-b7fc937cfad1/EnC_Factsheet_022020.pdf

[4] ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულება, მუხლი 2.1.

[5] იქვე, მუხლი 2.1.ე

[6] იქვე, მუხლი 3.ბ

[8] იქვე.

[9] ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესცენტრი, 28.04.2021 https://www.facebook.com/economygovge/posts/3983433811746248 [ნანახია 30.04.2021]

[10] ფორბსი, 27.02.2020 https://forbes.ge/evropashi-qhvelaze-didi-mz/ [ნანახია 30.04.2021]

[11] რა უნდა ისწავლოს საქართველომ ევროკავშირისგან, 05.04.2018 http://liberali.ge/articles/view/35623/ra-unda-istsavlos-saqartvelom-evrokavshirisgan

[12] ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულება, მუხლი 7

[13] იქვე, მუხლი 18.1.გ

[14] გადაცემა „რეალური სივრცე“, საზოგადოებრივი მაუწყებელი, 13.03.2021

[15] The Eduard Shevardnadze Center, გამოქვეყნებულია 22.04.2020, ხელმისაწვდომია ბმულზე https://www.facebook.com/392260934947245/videos/263799268126383

[16] IMF Country Report No. 17/97, აპრილი, 2017, გვ. 60

[17] ჰელენ სანდ ანდერსენის სიტყვა „ენკას“ ფოკუს-სესიაზე, 30.03.2021, ხელმისაწვდომია ბმულზე https://www.facebook.com/102201981719284/videos/744076799804471

[18] ილია ელოშვილი, ბიოგრაფიული ლექსიკონი http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00004888

[19] USAID Energy Program, აშშ-ს საელჩო https://ge.usembassy.gov/usaid-energy-program

[20] Electric cars rise to record 54% market share in Norway in 2020 https://www.reuters.com/article/us-autos-electric-norway-idUSKBN29A0ZT [ნანახია 01.05.2021]

[21] The Observatory of Economic Complexity, 2019 https://oec.world/en/profile/country/nor [ნანახია 01.05.2021]