რატომაა სამშობლო და კაპიტალიზმი შეუთავსებელი

ფოტო: Luca Polare

თანამედროვეობაში სამშობლოს ცნება მოიცავს ფიზიკურ ქვეყანას (მიწას), ერს, ენასა და კიდევ სხვა სოციოკულტურულ ღირებულებებს, რომლებიც ხანგძლივი ისტორიული პროცესების შედეგად ყალიბდება.

საქართველო უნიკალური ქვეყანაა, იმიტომ, რომ მას თანამედროვე ისტორიაში არაკაპიტალისტური (საბჭოთა) გამოცდილებაც აქვს და კაპიტალისტურიც (1991 წლიდან დღემდე). მაშასადამე, თეორიებთან ერთად, ჩვენ შეგვიძლია ისტორიული გამოცდილებითაც შევაფასოთ ეს ორი წყობა.

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური წყობა იმით განსხვავდებოდა დღევანდელი კაპიტალისტური წყობისგან, რომ მაშინ წარმოება ხდებოდა საზოგადო კეთილდღეობისათვის და არა კერძო მოგებისთვის, განსაკუთრებით უცხოელი კაპიტალისტების სასარგებლოდ. წარმოების სოციალისტური სისტემის განვითარების შედეგად, საქართველოში გაიმართა ინფრასტრუქტურა, ერთმანეთთან დაკავშირდა ქვეყნის რეგიონები და განევრცო დასახლებები. ამ პერიოდში გაჩნდა სრულიად ახალი ქალაქებიც. ერი არა მხოლოდ რაოდენობრივად გამრავლდა, არამედ დაიხვეწა ეროვნული ცნობიერებაც. განვითარდა კულტურაც, მათ შორის, ქართული ფოლკლორი, და მეცნიერების ყველა დარგი, რომელიც ქართულ ისტორიასა და ყოფიერებას შეისწავლიდა. ამ წყობაში შეიქმნა ჰარმონიული საზოგადოება, სადაც საყოველთაოდ გაზიარებული იყო ეთიკა, ნორმები და ღირებულებები.

1991 წლიდან დღემდე დამკვიდრებულმა კაპიტალიზმმა კი განაპირობა ერის ისტორიაში უპრეცედენტო კატასტროფა. ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები, შეწყდა ერის რაოდენობრივი ზრდა და, ამასთანავე, კულტურული და მეცნიერული წარმოებაც, რაც ეროვნულ იდენტობას ავითარებს. საზოგადოება გახდა დაყოფილი, სადაც 30 წლის შემდეგ ვხედავთ, რომ იშლება საყოველთაოდ გაზიარებული ნორმები და ღირებულებები, რაც ერის დეგრადაციას ნიშნავს. ასეთი ტიპის საზოგადოების მობილიზება და გაერთიანება საერთო მიზნებისთვის ძალიან რთულია.

თუკი სოციალიზმმა საერთაშორისო კაპიტალისტური სისტემისგან ჩაკეტვა და შიდა განვითარება განაპირობა, დღევანდელმა რადიკალურმა საბაზრო რეფორმებმა სრულიად დაუცველი გაგვხადა გლობალური პროცესებისადმი. ქვეყანაში თითქმის ყველა სტრატეგიული ობიექტი პრივატიზებულია, ჩვენი ადამიანური რესურსის ბირთვი საზღვარგარეთ შრომობს და სხვა ქვეყნების განვითარებას ახმარს პოტენციალს, შიდა წარმოება განადგურებულია და, რაც მთავარია, გამოსავალიც თითქოს არსად ჩანს. დასავლელი ე.წ. სტრატეგიული პარტნიორები და მათი იდეოლოგიური საცეცები - მედია და არასამთავრობოები - მხოლოდ ერთი და იმავე წრეზე სიარულს გვთავაზობენ. ისინი აქტიურ წინააღმდეგობას უწევენ ნებისმიერი ალტერნატივის წარმოშობას (ცენზურისა და გარიყვის სახით, უახლოეს წარსულში კი პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეების მკვლელობებით, ტერორით, წამებითა და დაპატიმრებით).

ამშობლოს გადარჩენისთვის, რომელიც მოიცავს ჩვენს ქვეყანას, ერს, რელიგიასა და კულტურას, აუცილებელია, რომ იმ გზას გადავუხვიოთ, რომელზეც 30 წელიწადია ვდგავართ და, დასავლური კაპიტალიზმის მიღმა, განვითარების სხვა პერსპექტივები ვეძებოთ. ამ მიზნის მიღწევაში ჩვენი სოციალისტური წარსულის გაანალიზება დაგვეხმარება.