იმპერიალიზმი და არასამთავრობო ორგანიზაციები ლათინურ ამერიკაში [თარგმანი]

არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული პოლიტიკის განუყრელი ნაწილია. თუმცა, მათ გაანალიზებას მხოლოდ საკუთარი პოზიციიდან, ცალკეული ინდივიდებისა თუ ფონდების დონეზე ვერ შევძლებთ. მნიშვნელოვანია არასამთავრობოების გლობალური და ისტორიული განზომილების გათვალისწინება.

1997 წლის სტატია - „იმპერიალიზმი და არასამთავრობო ორგანიზაციები ლათინურ ამერიკაში“[1] ეხება „ენჯეოების“ როლს სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში. საქართველოსთან შედარებით, მსოფლიოს ამ ნაწილში არასამთავრობოები უფრო ადრე შევიდნენ. განსხვავებულია მათი მუშაობის პრაქტიკა და როლიც. თუმცა, მსგავსება გაცილებით მეტია, ვიდრე განსხვავება.

სტატიის ავტორი, ჯეიმს პეტრასი (1937) ბერძენი წარმოშობის მარქსისტი ინტელექტუალია, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში მოღვაწეობდა. ბინგემტონის უნივერსიტეტის სოციოლოგიის ყოფილი პროფესორი ავტორია 60-მდე წიგნისა და აკადემიური ნაშრომის გლობალიზაციისა და იმპერიალიზმის საკითხებზე.

***

80-იანი წლების დასაწყისში, ნეოლიბერალი[2] მმართველი ფენის შედარებით ჭკვიანი ნაწილი მიხვდა, რომ მათი პოლიტიკა ხალხში პოლარიზაციასა და ფართომასშტაბიან პროტესტს იწვევდა. ნეოლიბერალმა პოლიტიკოსებმა დაიწყეს ახლებური ტიპის „საზოგადოებრივი“ ორგანიზაციების ჩამოყალიბება და დაფინანსება. ეს ორგანიზაციები ატარებდნენ იმგვარ იდეოლოგიას, რომელიც, ზოგადად, სახელმწიფოს ფუნქციას აკნინებს. ამ გზით მმართველი ფენები ცდილობდნენ, შეეღწიათ პოტენციურად კონფლიქტურ კლასებში, რათა თავიდან აერიდებინათ საზოგადოებრივი პროტესტი. აღნიშნული  ორგანიზაციები ფინანსურად დამოკიდებული იყვნენ ნეოლიბერალურ წყაროებზე და პირდაპირ კონკურენციაში შედიოდნენ სოციოპოლიტიკურ მოძრაობებთან, ცდილობდნენ რა სახალხო ლიდერებისა და აქტივისტური წრეების მიმხრობას. 90-იანი წლებისთვის მსოფლიო მასშტაბით ამ - „არასამთავრობოდ“ მონათლული - ორგანიზაციების რაოდენობა ათასებს ითვლიდა და მათზე ოთხ მილიარდ დოლარამდე დაფინანსება გამოიყოფოდა.

ერთგვარი გაურკვევლობა „ენჯეოების“ პოლიტიკურ თავისებურებასთან დაკავშირებით 70-იანი წლებიდან მოდის, დიქტატურების პერიოდში[3]. მაშინ არასამთავრობოები ჰუმანიტარულ დახმარებას უწევდნენ სამხედრო დიქტატურების მსხვერპლებს და ადამიანის უფლებების დარღვევებზე აპელირებდნენ. ისინი უფასო სასადილოებსაც ხსნიდნენ, რაც ბევრ ოჯახს დაეხმარა ნეოლიბერალური დიქტატურების „შოკური თერაპიის“ პირველი ტალღის დაძლევაში. იმ პერიოდმა „ენჯეოებს“ კარგი სახელი მოუტანა, მათ შორის, მემარცხენეებშიც. არასამთავრობოებს „პროგრესული ოჯახის“ ნაწილად მიიჩნევდნენ.

თუმცა, მაშინაც კი, „ენჯეობის“ შეზღუდული ბუნება ცხადი იყო. ისინი უპირისპირდებოდნენ ადამიანის უფლებათა დარღვევას ადგილობრივი დიქტატურების მიერ, მაგრამ იშვიათად თუ ახსენებდნენ ამ დიქტატურების ამერიკელ და ევროპელ პატრონებს, რომლებიც აფინანსებდნენ და ეხმარებოდნენ მათ. არასამთავრობოებს არც იმით შეუწუხებიათ თავი, რომ კავშირი მოეძებნათ ნეოლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკასა და ადამიანის უფლებათა დარღვევებს შორის იმპერიალისტური სისტემის ამ ახალ საფეხურზე. რასაკვირველია, გარე დაფინანსება ზღუდავდა კრიტიკასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ აქტივიზმს.

80-იან წლებში, როცა ნეოლიბერალიზმის წინააღმდეგ გამოსვლებმა იმატა, ამერიკულმა და ევროპულმა მთავრობებმა, მსოფლიო ბანკთან ერთად, „ენჯეოების“ დაფინანსება გაზარდეს. რაც უფრო მწვავდებოდა საზოგადოებრივი მოძრაობების ბრძოლა ნეოლიბერალიზმის წინააღმდეგ, მით უფრო ხშირად ანეიტრალებდნენ მათ არასამთავრობოების გავლით აქტივიზმისკენ გადამისამართებით. „ენჯეოებსა“ და მსოფლიო ბანკს შორის გადაკვეთის წერტილი იყო მათი დაპირისპირება ეტატიზმთან[4]. მაშინ, როცა მემარჯვენეები სახელმწიფოს ბაზრის პერსპექტივიდან აკრიტიკებდნენ, არასამთავრობოები, ერთი შეხედვით, ამას „მემარცხენე“ პოზიციიდან აკეთებდნენ, იცავდნენ რა სამოქალაქო საზოგადოებას. სინამდვილეში კი, მსოფლიო ბანკმა, ნეოლიბერალურმა რეჟიმებმა და დასავლურმა ფონდებმა გადაიბირეს „ენჯეოები“ და გამოიყენეს ისინი კეთილდღეობის სახელმწიფოს[5] დასასუსტებლად. ეს იმით, რომ არასამთავრობოები უწევდნენ გარკვეული ტიპის მომსახურებას საერთაშორისო კორპორაციების მსხვერპლებს. უფრო კონკრეტულად: მაშინ, როცა ნეოლიბერალური რეჟიმები ანადგურებდნენ საზოგადოებას იაფი იმპორტით, საგარეო ვალის გასასტუმრებლად სახსრების ამოღებით, შრომითი კანონმდებლობის გაუქმებითა და იაფი მუშახელის მთელი არმიის შექმნით, ამ დროს არასამთავრობოები ფინანსდებოდნენ „თვითდახმარების“ პროექტების შესაქმნელად, „სახალხო განათლებისა“ თუ გადამზადების სერვისების მისაწოდებლად, რათა ამ გზით მიეზიდათ ღარიბი ადამიანები, გადაებირებინათ სახალხო ლიდერები და შეესუსტებინათ ანტისისტემური ბრძოლები.

„ენჯეოები“ გახდნენ ნეოლიბერალიზმის „საზოგადოებრივი სახე“. ისინი კავშირში იყვნენ მმართველ ძალებთან და მათ გამანადგურებელ საქმიანობას პროექტების განხორციელებით ავსებდნენ. ეს ნეოლიბერალური მონეტის ორი სხვადასხვა მხარე იყო. სამწუხაროდ, ბევრი მემარცხენე მხოლოდ მაღლიდან წამოსულ „ნეოლიბერალიზმს“ (საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი) უყურებდა  და არა „შინაურ“ ნეოლიბერალიზმს (არასამთავრობოები, მიკრო პროექტები). ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ბევრი ყოფილი მარქსისტი გადაეწყო არასამთავრობო ორგანიზაციების ლოგიკასა და პრაქტიკაზე. „ანტიეტატიზმი“ იყო ის იდეოლოგიური ბილეთი, რითაც ისინი გაემგზავრნენ კლასობრივი პოლიტიკიდან „ადგილობრივ თემთა განვითარებისაკენ“, მარქსიზმიდან „ენჯეოებისაკენ“.

როგორც წესი, „ენჯეოშნიკები“ ერთმანეთს უპირისპირებენ „სახელმწიფო“ და „სახალხო“ ძალაუფლებას. სახელმწიფო ძალაუფლება, მათი თქმით, დაშორებულია საკუთარი ხალხისგან, არის ავტონომიური და თვითნებური, აქვს საკუთარი მოქალაქეებისგან განსხვავებული ინტერესები. ეს მაშინ, როცა სახალხო ძალაუფლება აუცილებლად უფრო ახლოსაა ადამიანთა საჭიროებებთან და უკეთ პასუხობს მათ. საერთოდ გვერდით რომ გადავდოთ ის ისტორიული მაგალითები, როცა აღნიშნულის საპირისპირო გამოდგა მართალი, ასეთი ლოგიკა თვალს ხუჭავს სახელმწიფო და სახალხო ძალაუფლებას შორის ურთიერთობაზე; იმ მარტივ ჭეშმარიტებაზე, რომ სახელმწიფო ძალაუფლება, გამოყენებული დომინანტი, მჩაგვრელი კლასის მიერ გაანადგურებს პროგრესულ სახალხო წამოწყებას, ხოლო იგივე ძალაუფლებას, გამოყენებულს პროგრესული ძალების მიერ, შეუძლია გააძლიეროს ასეთი წამოწყებები.

სახელმწიფო და სახალხო ძალაუფლების შეპირისპირება გამოიყენეს არასამთავრობოების იმ როლის გასამართლებლად, როცა ისინი ერთგვარ შუამავლებად მოგვევლინნენ სახალხო ორგანიზაციებს, უცხოურ ნეოლიბერალ დონორებს (იქნება ეს მსოფლიო ბანკი, ევროპა თუ აშშ) და ადგილობრივ, თავისუფალი ბაზრის მომხრე რეჟიმებს შორის. აღნიშნულის შედეგი ნეოლიბერალური რეჟიმების გაძლიერებაა, რადგან ასეთი მიდგომა წყვეტს კავშირს სახალხო პროტესტსა თუ ორგანიზაციებსა და ეროვნულ/საერთაშორისო პოლიტიკურ მოძრაობებს შორის. პროტესტის ვიწრო, ლოკალურ ჭრილში დანახვა ნეოლიბერალური რეჟიმების წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან ასე მათ უცხოელ თუ ადგილობრივ მხარდამჭერებს ხელ-ფეხი ეხსნებათ, განახორციელონ მათთვის ხელსაყრელი მაკრო სოციოეკონომიკური პოლიტიკა და მიმართონ სახელმწიფოს რესურსები ექსპორტიორ კაპიტალისტებსა[6] თუ ფინანსურ ინსტიტუტებზე.

უნდა ითქვას, რომ არასამთავრობოებმა მოახდინეს საზოგადოების გარკვეული სექტორების დეპოლიტიზირება, შეცვალეს საჯარო სამსახურების მიმართ მათი დამოკიდებულება და გადაიბირეს პოტენციური ლიდერები პატარ-პატარა პროექტებზე სამუშაოდ. „ენჯეოები“ დიდად თავს არ იწუხებენ სკოლის მასწავლებლების ბრძოლაში მონაწილეობით, მიუხედავად იმისა, რომ ნეოლიბერალური რეჟიმები საჯარო განათლების სისტემასა და ამ დარგის პროფესიონალებს ებრძვიან. იშვიათად თუ ნახავთ „ენჯეოს“, რომელიც ემხრობა გაფიცვასა თუ პროტესტს დაბალ ხელფასთან, ან სახელმწიფო ბიუჯეტის შემცირებასთან დაკავშირებით. ვინაიდან არასამთავრობოების საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსება ნეოლიბერალური მთავრობებისგან მოდის, ისინი მასწავლებლებს გვერდით არ უდგანან. პრაქტიკაში „არასამთავრობო“ ითარგმნება, როგორც სახელმწიფოს მიერ სოციალური ხარჯების გაწევის წინააღმდეგ ბრძოლა. ასეთი ხარჯებისაგან თავის შეკავება ნეოლიბერალებს იმიტომ აწყობთ, რომ დაზოგილ სახსრებს მიმართავენ ექსპორტიორ კაპიტალისტებზე, ძვლებს კი „ენჯეოებსაც“ მიუგდებენ.

სინამდვილეში, არასამთავრობო ორგანიზაციები სულაც არ არიან არასამთავრობო. მათი დაფინანსება უცხოური მთავრობებისგან მოდის. ზოგჯერ ისინი საკუთარი ქვეყნების მთავრობების კერძო ქვეკონტრაქტორებადაც მუშაობენ. ხშირია მათი ღია კოლაბორაცია სახელმწიფო სტრუქტურებთან, შინ თუ საზღვრებს იქით. ასეთი „ქვეკონტრაქტები“ აზიანებს იმ პროფესიონალთა მდგომარეობას, ვინც მუდმივი კონტრაქტით შრომობს, რადგან ხდება მათი ჩანაცვლება სარეზერვო პროფესიონალებით. არასამთავრობოებს, კეთილდღეობის სახელმწიფოსგან განსხვავებით, არ შეუძლიათ სიღრმისეული პროგრამების შეთავაზება. რასაც ისინი აკეთებენ, არის შეზღუდული მომსახურების გაწევა საზოგადოების ვიწრო ჯგუფებზე. უფრო სავალალო კი ის არის, რომ ისინი ანგარიშვალდებულები არიან არა ხალხთან, არამედ უცხოელ დონორებთან. ამ კუთხით, „ენჯეობი“ დემოკრატიას აზიანებენ, აცლიან რა ხელიდან სოციალურ პროგრამებს ადგილობრივ მოსახლეობასა და მათ მიერ არჩეულ მოხელეებს, სანაცვლოდ კი ქმნიან დამოკიდებულებას უცხოელ მოხელეებზე - რომლებიც არავის აურჩევია - და მათ მიერ ხელდასმულ პირებზე.

არასამთავრობოები ყურადღებას ამახვილებენ პროექტებზე და არა სახალხო მოძრაობებზე; ისინი ახდენენ ხალხის „მობილიზებას“ წვრილმანი საკითხების გარშემო და არა წარმოების საშუალებებსა და რესურსებზე ძალაუფლების მოსაპოვებლად; მათ აინტერესებთ პროექტებით ტექნიკური, ფინანსური მხარდაჭერა და არა ის სტრუქტურული პირობები, რაც ადამიანთა ყოველდღიურობას ქმნის. არასამთავრობოებმა მემარცხენეების ტერმინებიც კი მიისაკუთრეს: „ხალხის ძალაუფლება“, „გაძლიერება“, „გენდერული თანასწორობა“, „მდგრადი განვითარება“, „ძალაუფლება ქვემოდან ზემოთ“. პრობლემა ისაა, რომ ამ ენის გამოყენება იმათ მიერ ხდება, ვინც თანამშრომლობს დონორებთან და სამთავრობო სტრუქტურებთან. ეს კი პრაქტიკულ პოლიტიკურ აქტივობას არაკონფრონტაციულს ხდის. ვიწრო „ენჯეო“ აქტივიზმში „გაძლიერება“ არასდროს მიდის საზოგადოებრივი ცხოვრების მცირე სეგმენტის მიღმა. ამგვარი „გაძლიერებაც“ ხდება მხოლოდ  შეზღუდული რესურსებითა და ნეოლიბერალური სახელმწიფოსა თუ მაკროეკონომიკური სისტემით ნებადართულ ფარგლებში.

არასამთავრობოების გამრავლების საბოლოო შედეგი ღარიბების დაყოფა იყო სექტორულ და ქვესექტორულ ჯგუფებად, რომლებიც ვეღარ ხედავდნენ მათზე მოქმედ უფრო დიდ სოციალურ სურათს. შედეგად, მათ კიდევ უფრო უჭირდათ გაერთიანება სისტემის წინააღმდეგ საბრძოლველად. ბოლოდროინდელი მაგალითები აჩვენებს, რომ უცხოელი დონორები პროექტებს „კრიზისების“ დროსაც აფინანსებენ - იმ დროს, როცა სტატუს კვო პოლიტიკური თუ სოციალური გამოწვევების წინაშე დგას. როდესაც მოძრაობები მინელდებიან, დონორების დაფინანსება ისევ გადაეწყობა ხოლმე „ენჯეოების“ სტილის „კოლაბორაციაზე“, პროექტები კი მუდამ ნეოლიბერალური სისტემის ინტერესებზეა მორგებული. დონორთა დაფინანსება გულისხმობს ისეთ ეკონომიკურ განვითარებას, რომელიც თავსებადია „თავისუფალ ბაზართან“ და არა იმასთან, რომ საზოგადოება ცვლილებებისთვის ორგანიზდეს.

ალტერნატივების შექმნის პრობლემას საკუთარი მიზეზები აქვს, მათ შორის ის, რომ ბევრი მეამბოხე მებრძოლი, სახალხო მოძრაობების, პროფკავშირებისა თუ ქალთა ორგანიზაციების ლიდერები არასამთავრობოებმა გადაიბირეს. ზოგი მათგანი, ეჭვგარეშეა, იმ იმედმა - ან ილუზიამ - მიიზიდა, რომ ეს მათ საქმის კეთების საშუალებას მისცემდა. ასეა თუ ისე, „ენჯეოების“ შეთავაზება მაცდურია: უფრო მაღალი ხელფასი (ხშირად უცხოურ ვალუტაში), პრესტიჟი და საზღვარგარეთელი დონორების აღიარება, საერთაშორისო კონფერენციები, სანაცნობო წრე, ოფისის თანამშრომლები და რეპრესიისგან მეტ-ნაკლებად დაცულობა. შედარებისთვის, სოციოპოლიტიკური მოძრაობებში მცირე მატერიალური სარგებელი არსებობს, თუმცა - და, რაც უფრო მნიშვნელოვანია - მეტი თავისუფლება პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

და ბოლოს, „ენჯეოები“ ხელს უწყობენ ახალი ტიპის კულტურული და ეკონომიკური კოლონიალიზმისა და დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. პროექტები შექმნილი და დადასტურებულია იმპერიული ცენტრების მითითებებისა და პრიორიტეტების შესაბამისად. მათ მართავენ და „ყიდიან“ საზოგადოებაზე. პროექტის შეფასება ხდება იმპერიული ცენტრებისათვის ან თავად ამ ცენტრების მიერ. დაფინანსების პრიორიტეტების შეცვლა, ან პროექტის ცუდად შეფასება იწვევს მთელი ჯგუფების, თემების, ფერმებისა თუ კოოპერატივების თავიდან მოშორებას. ყველა და ყველაფერი უფრო და უფრო დისციპლინირებული ხდება დონორებისა და პროექტების შემფასებლების მოთხოვნებითს შესაბამისად. ახალი მეფისნაცვლები ზედამხედველობას უწევენ საკუთარი დონორების მიზნების, ღირებულებებისა და იდეოლოგიების პრაქტიკაში გატარებას, ისევე როგორც თანხების სწორად გახარჯვას. თუკი აქა-იქ „წარმატებებიც“ გამოერევა, ეს მაინც დამოკიდებულია გარე დახმარებაზე, რის გარეშეც მათი შენარჩუნება ვერ მოხერხდება.

წინამდებარე ტექსტი ჯეიმს პეტრასის სტატიის არასრული თარგმანია. სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: https://monthlyreviewarchives.org/mr/article/view/MR-049-07-1997-11_2/3745


[1] Imperialism and NGOs in Latin America, James Petras, Dec 01, 1997, Monthly Review

[2] ნეოლიბერალიზმი - იდეოლოგია, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს მოწყობის საფუძველი საბაზრო ურთიერთობებია. ნეოლიბერალიზმი მოიაზრებს თავისუფალი ბაზრის ფუნქციონიერებაში სახელმწიფოს მხოლოდ მინიმალურ ჩარევას.

[3] იგულისხმება აშშ-ს ხელდასმული სამხედრო დიქტატურები არგენტინაში, ჩილეში, ბრაზილიასა და ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში. იხ. ოპერაცია კონდორი (Operation Condor).

[4] ეტატიზმი - სახელმწიფოს ჩარევა საზოგადოების ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში, სამეცნიერო და სხვ. საქმიანობაში.

[5] მმართველობის ისეთი ფორმა, სადაც სახელმწიფო გარკვეულ პასუხისმგებლობას იღებს სიმდიდრის გადანაწილებისა და საზოგადოებრივი სერვისების მიწოდების კუთხით.

[6] იგულისხმება ნედლეულის ექსპორტი, რასაც ლათინური ამერიკის ეკონომიკებში მოწინავე ადგილი უჭირავს. ვინაიდან გადაუმუშავებელი ნედლეულის ქვეყნის გარეთ გატანით ადგილზე არ იქმნება დამატებითი ღირებულება, ამგვარი ექსპორტის ხელშეწყობა ხშირად ხელსაყრელია პირველი სამყაროს ქვეყნებისათვის.