სტალინი - დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმის შესახებ (1938 წ.)

ქვემოთ მოცემული ტექსტი იოსებ ჯუღაშვილის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ნაშრომია. განსხვავებით სტალინის თეორიული თუ პარტიული აქტივისთვის განკუთვნილი წერილებისა, წინამდებარე სტატია მკითხველთა ფართო წრეზეა გათვლილი და მას უფრო საგანმანათლებლო დანიშნულება აქვს.

ნაშრომი 1938 წლის სექტემბერშია დაწერილი და წარმოადგენს მარქსიზმ-ლენინიზმის უმთავრესი თეორიული მეთოდის ახსნის მცდელობას. დღევანდელობაში მას აქვს როგორც ისტორიული, ისე პოლემიკური დანიშნულება.

ტექსტი აღებულია ი. სტალინის წიგნიდან - "ლენინიზმის საკითხები" (თარგმანი მეთერთმეტე რუსული გამოცემიდან), სახელმწიფო გამომცემლობა, პოლიტიკური ლიტერატურის სექტორი, 1951 წ., გვ. 671-703

***

დიალექტიკური მატერიალიზმი არის მარქსისტულ-ლენინური პარტიის მსოფლმხედველობა. მას დიალექტიკური მატერიალიზმი იმიტომ ეწოდება, რომ მისი მიდგომა ბუნების მოვლენებისადმი, ბუნების მოვლენების შესწავლის მისი მეთოდი, ამ მოვლენების შეცნობის მისი მეთოდი არის დიალექტიკური, ხოლო მის მიერ ბუნების მოვლენათა ახსნა, მის მიერ ბუნების მოვლენათა გაგება, მისი თეორია - მატერიალისტური.

ისტორიული მატერიალიზმი არის დიალექტიკური მატერიალიზმის დებულებათა გავრცელება საზოგადოებრივი ცხოვრების შესწავლაზე, დიალექტიკური მატერიალიზმის დებულებათა გამოყენება საზოგადოების ცხოვრების მოვლენათა მიმართ, მათი გამოყენება საზოგადოების შესწავლაში, საზოგადოების ისტორიის შესწავლაში. 

ახასიათებენ რა თავიანთ დიალექტიკურ მეთოდს, მარქსი და ენგელსი ჩვეულებრივ მიუთითებენ ჰეგელზე, როგორც ფილოსოფოსზე, რომელმაც ჩამოაყალიბა დიალექტიკის ძირითადი ნიშნები. მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მარქსისა და ენგელსის დიალექტიკა იგივეა, რაც ჰეგელის დიალექტიკა. სინამდვილეში მარქსმა და ენგელსმა ჰეგელის დიალექტიკიდან აიღეს მხოლოდ მისი «რაციონალური მარცვალი», ჩამოაშორეს ჰეგელის იდეალისტური ჩენჩო და შემდგომ განავითარეს დიალექტიკა, რათა მიეცათ მისთვის თანამედროვე მეცნიერული სახე.

«ჩემი დიალექტიკური მეთოდი, — ამბობს მარქსი, — თავის საფუძველში არა მარტო განსხვავდება ჰეგელის მეთოდისაგან, არამედ წარმოადგენს მის პირდაპირ წინააღმდეგობას. ჰეგელისათვის აზროვნების პროცესი, რომელსაც იგი იდეის სახელწოდებით დამოუკიდებელ სუბიექტადაც კი ხდის, არის დემიურგი (შემოქმედი) სინამდვილისა, რომელიც მის მხოლოდ გარეგან გამოვლინებას შეადგენს. ჩემთვის, პირიქით, იდეალური სხვა არაფერია, თუ არა მატერიალური, ადამიანის თავში გადატანილი და მასში გარდაქძნილი» (კ. მარქსი, «კაპიტალის» 1-ლი ტომის მეორე გერმანული გამოცემის ბოლოსიტყვაობა).

ახასიათებენ რა თავიანთ მატერიალიზმს, მარქსი და ენგელსი ჩვეულებრივ მიუთითებენ ფეიერბაზზე, როგორც ფილოსოფოსზე, რომელმაც აღადგინა მატერიალიზმი თავის უფლებებში. მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მარქსისა და ენგელსის მატერიალიზმი იგივეა, რაც ფეიერბახის მატერიალიზმი. სინამდვილეში მარქსმა და ენგელსმა ფეიერბახის მატერიალიზმიდან აიღეს მისი «ძირითადი მარცვალი», შემდგომ განავითარეს იგი მატერიალიზმის მეცნიერულ-ფილოსოფიურ თეორიად და ჩამოაშორეს მას მისი იდეალისტური და რელიგიურ-ეთიკური დანაშრევები. ცნობილია, რომ ფეიერბახი, რომელიც ძირითადად მატერიალისტი იყო, ილაშქრებდა სახელწოდების — მატერიალიზმის წინააღმდეგ. ენგელსს არა ერთხელ განუცხადებია, რომ ფეიერბახი «მატერიალისტური საფუძვლის მიუხედავად, ჯერ კიდევ არ განთავისუფლებულა ძველი იდეალისტური ბორკილებისაგან», რომ «ფეიერბახის ნამდვილი იდეალიზმი თავს იჩენს მაშინვე, როგორც კი შევეხებით მის ეთიკასა და რელიგიის ფილოსოფიას» (კ. მარქსი და ფ. ენგელსი, ტ. X IV. გვ. 652-654).

დიალექტიკა წარმოსდგება ბერძნული სიტყვისაგან «დიალეგო», რაც ნიშნავს საუბრის, პოლემიკის წარმოებას. ძველად დიალექტიკად გულისხმობდნენ ხელოვნებას — მიეღწიათ ჭეშმარიტებისათვის მოწინააღმდეგის მსჯელობაში წინააღმდეგობათა გამოვლინებისა და ამ წინააღმდეგობათა დაძლევის გზით. ძველად ზოგიერთი ფილოსოფოსი ფიქრობდა, რომ წინააღმდეგობათა გამოვლინება აზროვნებაში და დაპირისპირებული აზრების შეჯახება წარმოადგენს ჭეშმარიტების აღმოჩენის საუკეთესო საშუალებას. აზროვნების ეს დიალექტიკური წესი, რაც შემდეგ გავრცელებულ იქნა ბუნების მოვლენებზე, გადაიქცა ბუნების შეცნობის დიალექტიკურ მეთოდად, რომელიც ბუნების მოვლენებს იხილავდა, როგორც მუდამ მოძრავსა და ცვალებადს, ხოლო ბუნების განვითარებას — როგორც ბუნებაში წინააღმდეგობათა განვითარების შედეგს, როგორც ბუნებაში დაპირისპირებული ძალების ურთიერთმოქმედების შედეგს.

თავის საფუძველში დიალექტიკა მეტაფიზიკის პირდაპირ საწინააღმდეგოა.

1) მარქსისტულ დიალექტიკურ მეთოდს შემდეგი ძირითადი ნიშნები ახასიათებს:

ა) წინააღმდეგ მეტაფიზიკისა, დიალექტიკა იხილავს ბუნებას არა როგორც ერთმანეთისაგან მოწყვეტილი, ერთმანეთისაგან იზოლირებული და ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი საგნების, მოვლენების შემთხვევით თავმოყრას, — არამედ როგორც შეკავშირებულ, ერთიან მთლიანს, სადაც საგნები, მოვლენები ორგანულად დაკავშირებული არიან ერთმანეთთან, დამოკიდებული არიან ერთმანეთისაგან და განაპირობებენ ერთმანეთს.

ამიტომ დიალექტიკური მეთოდი თვლის, რომ ბუნებაში არც ერთი მოვლენა არ შეიძლება იქნას გაგებული, თუ მას ავიღებთ იზოლირებული სახით, გარემო მოვლენებთან დაკავშირების გარეშე, ვინაიდან ყოველგვარი მოვლენა ბუნების ყოველ სფეროში შეიძლება უაზრობად გადაიქცეს, თუ მას განვიხილავთ გარემო პირობებთან კავშირის გარეშე, მათგან მოწყვეტით, და, პირიქით, ყოველგვარი მოვლენა შეიძლება გაგებულ და დასაბუთებულ იქნას. თუ მას განვიხილავთ გარემო მოვლენებთან მის განუწყვეტელ კავშირში, გარემო მოვლენებისაგან მის განპირობებაში.

ბ) წინააღმდეგ მეტაფიზიკისა, დიალექტიკა იხილავს ბუნებას არა როგორც მყუდროებისა და უძრაობის, შეჩერებისა და უცვლელობის მდგომარეობას, არამედ როგორც განუწყვეტელი მოძრაობისა და ცვლილების, განუწყვეტელი განახლებისა და განვითარების მდგომარეობას, სადაც მუდამ რაღაც წარმოიშობა და ვითარდება, რაღაც ინგრევა და დრომოჭმული ხდება. 

ამიტომ დიალექტიკური მეთოდი მოითხოვს, რომ მოვლენები განხილულ იქნას არა მარტო მათი ურთიერთი კავშირისა და განპირობებულობის თვალსაზრისით, არამედ მათი მოძრაობის, მათი ცვლილების, მათი განვითარების თვალსაზრისითაც, მათი წარმოშობისა და კვდომის თვალსაზრისით.

დიალექტიკური მეთოდისათვის უწინარეს ყოვლისა მნიშვნელოვანია არა ის, რაც ამჟამად მტკიცედ გვეჩვენება, მაგრამ უკვე კვდომას იწყებს, არამედ ის, რაც წარმოიშობა და ვითარდება, თუნდაც იგი ახლანდელ მომენტში არამტკიცედ გამოიყურებოდეს, ვინაიდან ამ მეთოდის მიხედვით დაუძლეველია მხოლოდ ის, რაც წარმოიშობა და ვითარდება.

«მთელი ბუნება, – ამბობს ენგელსი, – დაწყებული მისი უწვრილესი ნაწილაკებით უდიდეს სხეულებამდე, დაწყებული ნამცეცით და გათავებული მზით, დაწყებული პროტისტით (პირველადი ცოცხალი უჯრედი. — ი. სტ.) და გათავებული ადამიანით, იმყოფება მუდმივ წარმოშობასა და მოსპობაში, განუწყვეტელ მდინარებაში, დაუღალავ მოძრაობასა და ცვლილებაში» (იქვე, გვ. 484).

ამიტომ, — ამბობს ენგელსი, — დიალექტიკა «იღებს საგნებს და მათს გონებრივ ასახვას უმთავრესად მათს ურთიერთკავშირში, მათს გადაბმაში, მათს მოძრაობაში, მათს წარმოშობასა და გაქრობაში» (კ. მარქსი და ფ. ენგელსი, ტ. XIV, გვ. 23).

გ) წინააღმდეგ მეტაფიზიკისა, დიალექტიკა განვითარების პროცესს იხილავს არა როგორც ზრდის უბრალო პროცესს, სადაც რაოდენობრივი ცვლილებანი არ იწვევენ თვისებრივ ცვლილებებს, - არამედ როგორც ისეთ განვითარებას, რომელიც უმნიშვნელო და მალული რაოდენობრივი ცვლილებებიდან გადადის აშკარა ცვლილებებზე, ძირფესვიან ცვლილებებზე, თვისებრივ ცვლილებებზე, სადაც თვისებრივი ცვლილებანი თანდათანობით კი არ ხდება, არამედ სწრაფად, უეცრად, ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაზე ნახტომისებური გადასვლის სახით, ხდება არა შემთხვევით, არამედ კანონზომიერად, ხდება შეუმჩნეველი და თანდათანობითი რაოდენობრივი ცვლილებების დაგროვების შედეგად.

ამიტომ დიალექტიკური მეთოდი თვლის, რომ განვითარების პროცესი უნდა გავიგოთ არა როგორც წრისებური მოძრაობა, არა როგორც განვლილის უბრალო განმეორება, არამედ როგორც მოძრაობა წინსვლითი, როგორც მოძრაობა აღმავალი ხაზით, როგორც გადასვლა ძველი თვისებრივი მდგომარეობიდან ახალ თვისებრივ მდგომარეობაზე, როგორც განვითარება მარტივიდან რთულისაკენ, დაბალიდან უმაღლესისაკენ.

«ბუნება, ამბობს ენგელსი, არის დიალექტიკის სასინჯი ქვა, და თანამედროვე ბუნებისმეტყველებამ, რომელმაც ამ სინჯისათვის მოგვცა უაღრესად მდიდარი მასალა, რაც დღითი-დღე მატულობს, ამით დაამტკიცა, რომ ბუნებაში, ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი ხდება დიალექტიკურად და არა მეტაფიზიკურად, რომ ბუნება მოძრაობს არა მარადიულად ერთგვარ წრეში, რომელიც მუდამ ხელახლა მეორდება, არამედ განიცდის ნამდვილ ისტორიას. აქ უწინარეს ყოვლისა საჭიროა მივუთითოთ დარვინზე, რომელმაც უძლიერესი ლახვარი ჩასცა ბუნებაზე მეტაფიზიკურ შეხედულებას და დაამტკიცა, რომ მთელი თანამედროვე ორგანული სამყარო, მცენარეები და ცხოველები, და, მაშასადამე, ადამიანიც, არის პროდუქტი განვითარების პროცესისა, რაც მილიონ წლობით გრძელდებოდა» (იქვე, გვ. 23).

ახასიათებს რა დიალექტიკურ განვითარებას, როგორც რაოდე- ნობრივი ცვლილებებიდან თვისებრივ ცვლილებებზე გადასვლას, ენგელსი ამბობს:

«ფიზიკაში... ყოველი ცვლილება არის რაოდენობის გადასვლა თვისებრიობაში — შედეგი სხეულის თანარსებული ან მისთვის გადაცემული რომელიმე ფორმის მოძრაობის რაოდენობის რაოდენობრივი ცვლილებისა. ასე, მაგალითად, წყლის ტემპერატურას პირველ ხანებში არავითარი მნიშვნელობა არა აქვს მისი წვეთობრივ-თხევადი მდგომარეობის მიმართ; მაგრამ თხევადი წყლის ტემპერატურის გადიდებისას ან შემცირებისას დგება მომენტი, როდესაც შეკავშირების ეს მდგომარეობა იცვლება და წყალი გადაიქცევა ხოლმე — ერთ შემთხვევაში ორთქლად, მეორე შემთხვევაში — ყინულად... ასე, საჭიროა დენის ძალის განსაზღვრული მინიმუში, რომ პლატინის მავთულმა იწყოს შუქის მოცემა; ასე, თვითეულ ლითონს აქვს დნობის თავისი სითბო; ასე, ყოველ სითხეს აქვს, მოცემული წნევის პირობებში, თავისი განსაზღვრული, გაყინვისა და დუღილის წერტილი — რამდენადაც ჩვენ ჩვენი საშუალებებით შეგვიძლია მივაღწიოთ სათანადო ტემპერატურას; ასე, ბოლოს, ყოველ გაზს აქვს კრიტიკული წერტილი, რომლის დროსაც სათანადო წნევითა და გაცივებით შეიძლება მოვიყვანოთ იგი თხევად მდგომარეობაში. ფიზიკის ეგრეთწოდებული კონსტანტები (ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში გადასვლის წერტილები. — ი. სტ.) მეტწილად სხვა არაფერია, თუ არა სასახელწოდება საკვანძო წერტილებისა, სადაც მოძრაობის რაოდენობრივი (ცვლილება) მატება ან კლება იწვევს თვისებრივ ცვლილებას სათანადო სხეულის მდგომარეობაში, — სადაც, მაშასადამე, რაოდენობა გადადის თვისებრიობაში» (იქვე, გვ. 527-528). 
გადადის რა შემდეგ ქიმიაზე, ენგელსი განაგრძობს:

«ქიმიას შეიძლება ვუწოდოთ სხეულების იმ თვისებრივ ცვლილებათა მეცნიერება, რომლებიც რაოდენობრივი შემადგენლობის ცვლილების გავლენით ხდება. ეს უკვე იცოდა თვით ჰეგელმა... ავიღოთ ჟანგბადი: თუ აქ მოლეკულად შეერთებულია სამი ატომი და არა ორი, როგორც ჩვეულებრივ, მაშინ ჩვენს წინაშეა ოზონი - სხეული, რომელიც თავისი სუნითა და მოქმედებით გარკვეულად განსხვავდება ჩვეულებრივი ჟანგბადისაგან. ხოლო რაღა შეიძლება ითქვას სხვადასხვა პროპორციებზე, რომლებშიც ჟანგბადი უერთდება აზოტს ან გოგირდს და რომელთაგან თვითეული იძლევა ყველა სხვა სხეულისაგან თვისებრივად განსხვავებულ სხეულს!» (იქვე, გვ. 528).

ბოლოს, აკრიტიკებს რა დიურინგს, რომელიც საშინლად ლანძღავს ჰეგელს და იქვე ჩუმ-ჩუმად სესხულობს მისგან ცნობილ დებულებას იმის შესახებ, რომ უგრძნობი სამყაროს სამეფოდან შეგრძნების სამეფოში, არაორგანული სამყაროს სამეფოდან ორგანული ცხოვრების სამეფოში გადასვლა — ეს არის ნახტომი ახალი მდგომარეობისაკენ, ენგელსი ამბობს:

«ეს ხომ ზომის თანაფარდობათა ჰეგელისეული საკვანძო ხაზია, სადაც წმინდა რაოდენობრივი გადიდება ან შემცირება იწვევს განსაზღვრულ საკვანძო პუნქტებში თვისებრივ ნახტომს, როგორც, მაგალითად, წყლის გათბობის ან გაცივების შემთხვევაში, სადაც დუღილისა და გაყინვის წერტილები წარმოადგენენ იმ კვანძებს, რომლებშიც ხდება — ნორმალური წნევის პირობებში — ნახტომი ახალი აგრეგატული მდგომარეობისაკენ, სადაც, მაშასადამე, რაოდენობა თვისებრიობაში გადადის» (იქვე, გვ. 45-46).

დ) წინააღმდეგ მეტაფიზიკისა, დიალექტიკა გამოდის იქიდან, რომ ბუნების საგნებს, ბუნების მოვლენებს ახასიათებს შინაგანი წინააღმდეგობანი, ვინაიდან ყველა ამ საგანსა და მოვლენას აქვს თავისი უარყოფითი და დადებითი მხარე, თავისი წარსული და მომავალი, აქვთ ის, რაც კვდება, და ის, რაც ვითარდება, რომ ამ დაპირისპირებულთა ბრძოლა, ბრძოლა ძველსა და ახალს შორის, მომაკვდავსა და მზარდს შორის, დრომოჭმულსა და განვითარებადს შორის, შეადგენს განვითარების პროცესის შინაგან შინაარსს, რაოდენობრივი ცვლილებების თვისებრივ ცვლილებებად გადაქცევის შინაგან შინაარსს.

ამიტომ, დიალექტიკური მეთოდის მიხედვით, დაბალიდან უმაღლესისაკენ განვითარების პროცესი მოვლენათა ჰარმონიული გაშლის წესით კი არ მიმდინარეობს, არამედ იმ წინააღმდეგობათა გახსნის წესით, რომლებიც ახასიათებს საგნებს, მოვლენებს, ამ წი- ნააღმდეგობათა საფუძველზე მოქმედ დაპირისპირებულ ტენდენციათა «ბრძოლის» წესით.

«საკუთრივი აზრით დიალექტიკა, — ამბობს ლენინი, — არის შესწავლა წინააღმდეგობისა საგანთა თვით დედაარსში» (ლენინი, «ფილოსოფიური რვეულები», გვ. 263).

და შემდეგ:

«განვითარება არის დაპირისპირებულთა ბრძოლა»» (ლენინი, ტ. XIII, გვ. 301).

ასეთია მოკლედ მარქსისტული დიალექტიკური მეთოდის ძირითადი ნიშნები.

ძნელი გასაგები არ არის, თუ რა უდიდესი მნიშვნელობა აქვს დიალექტიკური მეთოდის დებულებათა გავრცელებას საზოგადოებრივი ცხოვრების შესწავლაზე, საზოგადოების ისტორიის შესწავლაზე, რა უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ დებულებათა გამოყენებას საზოგადოების ისტორიის მიმართ, მათ გამოყენებას პროლეტარიატის პარტიის პრაქტიკულ მოღვაწეობაში.

თუ სამყაროში არ არსებობს იზოლირებული მოვლენები, თუ ყველა მოვლენა დაკავშირებულია ერთმანეთთან და განაპირობებს ერთმანეთს, მაშინ ცხადია, რომ ყოველი საზოგადოებრივი წყობილება და ისტორიაში არსებული ყოველი საზოგადოებრივი მოძრაობა შეფასებულ უნდა იქნას არა «მარადიული სამართლიანობის» ან რაიმე სხვა წინასწარაღებული იდეის თვალსაზრისით, როგორც ამას ხშირად სჩადიან ისტორიკოსები, არამედ იმ პირობების თვალსაზრისით, რომლებმაც წარმოშვეს ეს წყობილება და ეს საზოგადოებრივი მოძრაობა და რომლებთანაც ისინი დაკავშირებული არიან.

მონათმფლობელური წყობილება თანამედროვე პირობებისათვის უაზრობაა, ბუნების-საწინააღმდეგო სისულელეა. მონათმფლობელური წყობილება რღვევის პროცესში მყოფი პირველყოფილ-თემური წყობილების პირობებში სავსებით გასაგები და კანონზომიერი მოვლენაა, ვინაიდან იგი მოასწავებს ნაბიჯს წინ პირველყოფილ-თემურ წყობილებასთან შედარებით.

ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რესპუბლიკის მოთხოვნა ცარიზმისა და ბურჟუაზიული საზოგადოების არსებობის პირობებში, ვთქვათ, 1905 წელს რუსეთში სავსებით გასაგები, მართებული და რევოლუციური მოთხოვნა იყო, ვინაიდან ბურჟუაზიული რესპუბლიკა მაშინ მოასწავებდა ნაბიჯს წინ. ბურჟუაზიულ-დემოკრიატიული რესპუბლიკის მოთხოვნა ჩვენი ახლანდელი პირობებისათვის სსრ კავშირში არის უაზრო და კონტრრევოლუციური მოთხოვნა, ვინაიდან ბურჟუაზიული რესპუბლიკა საბჭოთა რესპუბლიკასთან შედარებით არის ნაბიჯი უკან.

ყველაფერი დამოკიდებულია პირობებზე, ადგილსა და დროზე.

გასაგებია, რომ საზოგადოებრივი მოვლენებისადმი ასეთი ისტორიული მიდგომის გარეშე შეუძლებელია არსებობა და განვითარება მეცნიერებისა ისტორიის შესახებ, ვინაიდან მხოლოდ ასეთი მიდგომა იხსნის ისტორიულ მეცნიერებას შემთხვევითობათა ქაოსად და ყოვლად უაზრო შეცდომათა გროვად გადაქცევისაგან.

შემდეგ. თუ სამყარო განუწყვეტელ მოძრაობასა და განვითარებაშია, თუ ძველის კვდომა და ახლის ზრდა წარმოადგენს განვითარების კანონს, მაშინ ცხადია, რომ აღარ არიან «ურყევი» საზოგადოებრივი წესები, კერძო საკუთრებისა და ექსპლოატაციის «მარადიული პრინციპები», მემამულეებისადმი გლეხების, კაპიტალისტებისადმი მუშების დამორჩილების «მარადიული იდეები».

მაშასადამე, კაპიტალისტური წყობილება შეიძლება შეცვლილ იქნას სოციალისტური წყობილებით, ისევე, როგორც კაპიტალისტურმა წყობილებამ შეცვალა თავის დროზე ფეოდალური წყობილება.

მაშასადამე, საჭიროა ორიენტაციის აღება საზოგადოების არა იმ ფენებზე, რომლებიც აღარ ვითარდებიან, თუმცა ამჟამად უპირატეს ძალას წარმოადგენენ, არამედ იმ ფენებზე, რომლებიც ვითარდებიან, რომლებსაც მომავალი აქვთ, თუმცა ამჟამად უპირატეს ძალას არ წაომოადგენენ.

გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში, ნაროდნიკებთან მარქსისტების ბრძოლის ეპოქაში, პროლეტარიატი რუსეთში უმნიშვნელო უმცირესობას წარმოადგენდა ერთპიროვნულ გლეხობასთან შედარებით, რომელიც მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას შეადგენდა. მაგრამ პროლეტარიატი ვითარდებოდა, როგორც კლასი, მაშინ როცა გლეხობა, როგორც კლასი, იშლებოდა. და სწორედ იმიტომ, რომ პროლეტარიატი ვითარდებოდა, როგორც კლასი, მარქსისტებმა ორიენტაცია აიღეს პროლეტარიატზე და ისინი არ შემცდარან, ვინაიდან, როგორც ცნობილია, შემდეგ პროლეტარიატი უმნიშვნელო ძალიდან გაიზარდა პირველხარისხოვან ისტორიულ და პოლიტიკურ ძალად.

მაშასადამე, პოლიტიკაში შეცდომა რომ არ დაუშვა, წინ უნდა იხედებოდე, და არა უკან.

შემდეგ. თუ ნელ რაოდენობრივ ცვლილებათა სწრაფ და უეცარ თვისებრივ ცვლილებებად გადასვლა განვითარების კანონს შეადგენს, მაშინ ცხადია, რომ რევოლუციური გადატრიალებანი, რომლებსაც ჩაგრული კლასები ახდენენ, სავსებით ბუნებრივ და გარდუვალ მოვლენას წარმოადგენენ.

მაშასადამე, კაპიტალიზმიდან სოციალიზმზე გადასვლა და კაპიტალისტური ჩაგვრისაგან მუშათა კლასის განთავისუფლება შეიძლება განხორციელდეს არა ნელი ცვლილებების გზით, არა რეფორმების გზით, არამედ კაპიტალისტური წყობილების მხოლოდ თვისებრივი შეცვლის გზით, რევოლუციის გზით.

მაშასადამე, პოლიტიკაში შეცდომა რომ არ დაუშვა, რევოლუციონერი უნდა იყო, და არა რეფორმისტი.

შემდეგ. თუ განვითარება წარმოებს შინაგან წინააღმდეგობათა გახსნის წესით, ამ წინააღმდეგობათა ბაზაზე დაპირისპირებულ ძალთა შეჯახების წესით, რათა დაძლეულ იქნას ეს წინააღმდეგობანი, მაშინ ცხადია, რომ პროლეტარიატის კლასობრივი ბრძოლა სავსებით ბუნებრივ და გარდუვალ მოვლენას წარმოადგენს.

მაშასადამე, კი არ უნდა ჩქმალავდე კაპიტალისტური წესების წინააღმდეგობებს, არამედ უნდა ააშკარავებდე და ამოხსნიდე მათ, კი არ უნდა აქრობდე კლასობრივ ბრძოლას, არამედ ბოლომდე მიგყავდეს იგი.

მაშასადამე, პოლიტიკაში შეცდომა რომ არ დაუშვა, უნდა გაატარო შეურიგებელი კლასობრივი პროლეტარული პოლიტიკა, და არა პროლეტარიატისა და ბურჟუაზიის ინტერესთა ჰარმონიის რეფორმისტული პოლიტიკა, და არა სოციალიზმში კაპიტალიზმის «შეზრდის» შემთანხმებლური პოლიტიკა.

ასეთია საქმის ვითარება მარქსისტული დიალექტიკური მეთოდის გარშემო, თუ მას ავიღებთ საზოგადოებრივი ცხოვრებისადმი გამოყენების მხრივ, საზოგადოების ისტორიისადმი გამოყენების მხრივ.

რაც შეეხება მარქსისტულ ფილოსოფიურ მატერიალიზმს, იგი თავის საფუძველში პირდაპირ ეწინააღმდეგება ფილოსოფიურ იდეალიზმს.

2) მარქსისტულ ფილოსოფიურ მატერიალიზმს შემდეგი ძირითადი ნიშნები ახასიათებს:

ა) წინააღმდეგ იდეალიზმისა, რომელსაც სამყარო მიაჩნია «აბსოლუტური იდეის», «მსოფლიო სულის», «ცნობიერების» განსახიერებად, — მარქსის ფილოსოფიური მატერიალიზმი გამოდის იქიდან, რომ სამყარო თავისი ბუნებით მატერიალურია, რომ სამყაროს მრავალფეროვანი მოვლენანი წარმოადგენენ მოძრავი მატერიის სხვადასხვა სახეებს, რომ მოვლენათა ურთიერთი კავშირი და ურთიერთი განპირობებულობა, რომლებსაც დიალექტიკური მეთოდი არკვევს, წარმოადგენენ მოძრავი მატერიის განვითარების კანონზომიერებებს, რომ სამყარო ვითარდება მატერიის მოძრაობის კანონების მიხედვით და მას არავითარი «მსოფლიო სული» არ ესაჭიროება. 

«მატერიალისტური მსოფლმხედველობა, — ამბობს ენგელსი, — ნიშნავს მხოლოდ ბუნების გაგებას ისე, როგორც იგი არსებობს, ყოველგვარ უცხო დამატებათა გარეშე» (კ. მარქსი და ფ. ენგელსი, ტ. XIV, გვ. 651).

ეხება რა ძველი დროის ფილოსოფოსის – ჰერაკლიტეს მატერიალისტურ შეხედულებას, რომლის მიხედვით «სამყარო, ერთიანი ყოველივესაგან, შექმნილი არ არის არც ერთი ღმერთისაგან და არც ერთი ადამიანისაგან, არამედ იყო, არის და იქნება მარად ცოცხალი ცეცხლი, რომელიც კანონზომიერად ინთება და კანონზომიერად ქრება», — ლენინი ამბობს: ეს «დიალექტიკური მატერიალიზმის საწყისების ძალიან კარგი გადმოცემაა» (ლენინი, «ფილოსოფიური რვეულები», გვ. 318).

ბ) წინააღმდეგ იდეალიზმისა, რომელიც ამტკიცებს, რომ რეა- ლურად არსებობს მხოლოდ ჩვენი ცნობიერება, რომ მატერიალური სამყარო, ყოფიერება, ბუნება არსებობს მხოლოდ ჩვენს ცნობი- ერებაში, ჩვენს შეგრძნებებში, წარმოდგენებში, ცნებებში, მარქსისტული ფილოსოფიური მატერიალიზმი გამოდის იქიდან, რომ მატერია, ბუნება, ყოფიერება წარმოადგენს ობიექტურ რეა- ლობას, რომელიც არსებობს ცნობიერების გარეთ და მისგან და- მოუკიდებლად, რომ მატერია პირველადია. ვინაიდან იგი წარმო- ადგენს შეგრძნებათა, წარმოდგენათა, ცნობიერების წყაროს, ცნო- ბიერება კი მეორადია, წარმოებულია, ვინაიდან იგი წარმოადგენს მატერიის ანარეკლს, ყოფიერების ანარეკლს, რომ აზროვნება არის პროდუქტი მატერიისა, რომელმაც თავის განვითარებაში მიაღწი სრულყოფის მაღალ ხარისხს, სახელდობრ — ეს არის ტვინის პროდუქტი, ხოლო ტვინი აზროვნების ორგანოა, რომ ამიტომ არ შეიძლება აზროვნების ჩამოცილება მატერიისაგან, თუ არ გსურს უხეში შეცდომა ჩაიდინო.

«მთელი ფილოსოფიის უმაღლესი საკითხი, — ამბობს ენგელსი, — არის საკითხი აზროვნების დამოკიდებულებისა ყოფიერებისადმი, სულისა ბუნებისადმი. ფილოსოფოსები ორ დიდ ბანაკად გაიყვნენ იმის შესაბამისად, თუ როგორ უპასუხებდნენ ისინი ამ კითხვას. იმათ, ვინც ამტკიცებდა, რომ სული ბუნებაზე უფრო ადრე არსებობდა… შეადგინეს იდეალისტური ბანაკი. ბოლო ისინი, ვისაც ძირითად საწყისად ბუნება მიაჩნდა, მიემხრნენ მატერიალიზმის სხვადასხვა სკოლებს» (კ. მარქსი, რჩეული ნაწერები, ტ. I, გვ. 329).
და შემდეგ:

«ნივთიერი სამყარო, რომელსაც გრძნობებით აღვიქვამთ და რომელსაც თვითონ ჩვენ ვეკუთვნით, არის ერთადერთი ნამდვილი სამყარო… ჩვენი შეგნება და აზროვნება, რაგინდ ზეგრძნობადიც არ უნდა გვეჩვენებოდეს იგი, წარმოადგენს ნივთიერი, სხეულებრივი ორგანოს პროდუქტს, ტვინის პროდუქტს. მატერია არ არის სულის პროდუქტი, თვით სული კი არის მხოლოდ უმაღლესი პროდუქტი მატერიისა» (იქვე, გვ. 332).

ეხება რა მატერიისა და აზროვნების საკითხს, მარქსი ამბობს:

«არ შეიძლება ჩამოვაშოროთ აზროვნება მატერიას, რომელიც აზროვნებს. მატერია ყველა ცვლილებათა სუბიექტს წარმოადგენს» (იქვე, გვ. 302).

ახასიათებს რა მარქსისტულ ფილოსოფიურ მატერიალიზმს, ლენინი ამბობს:

«მატერიალიზმი საერთოდ ცნობს ობიექტურად რეალურ ყოფიერებას მატერიას), ცნობიერებისაგან, შეგრძნებისაგან, ცდისაგან დამოუკიდებელს... ცნობიერება... არის მხოლოდ ყოფიერების ასახვა, უკეთეს შემთხვევაში მისი დაახლოებით სწორი (ადეკვატური, იდეალურად-ზუსტი) ასახვა (ლენინი, ტ. XIII, გვ. 266-267).

და შემდეგ:

— «მატერია არის ის, რაც, მოქმედებს რა ჩვენს გრძნობათა ორგანოებზე, იწვევს შეგრძნებას; მატერია არის ობიექტური რეალობა, ჩვენთვის შეგრძნებაში მოცემული... მატერია, ბუნება, ყოფიერება, ფიზიკური არის პირველადი, ხოლო სული, ცნობიერება, შეგრძნება, ფსიქიური — მეორადი (იქვე, გვ. 119-120).

— «სამყაროს სურათი არის სურათი იმისა, თუ როგორ მოძრაობს მატერია და როგორ «აზროვნებს მატერია»» (იქვე, გვ. 288).

— «ტვინი აზრის ორგანოს წარმოადგენს» (იქვე, გვ. 125).
გ) წინააღმდეგ იდეალიზმისა, რომელიც სადავოს ხდის სამყაროს და მის კანონზომიერებათა შეცნობის შესაძლებლობას, არ სწამს, რომ ჩვენი ცოდნა სარწმუნოა, არ ცნობს ობიექტურ ჭეშმარიტებას, და თვლის, რომ სამყარო აღსავსეა «ნივთებით თავისთავად», რომლებიც არასოდეს არ შეიძლება შეცნობილ იქნან მეცნიერების მიერ, — მარქსისტული ფილოსოფიური მატერიალიზმი გამოდის იქიდან, რომ სამყარო და მისი კანონზომიერებანი სავსებით შეცნობადია, რომ ჩვენი ცოდნა ბუნების კანონების შესახებ, ცდით, პრაქტიკით შემოწმებული, წარმოადგენს სარწმუნო ცოდნას, რომელსაც ობიექტურ ჭეშმარიტებათა მნიშვნელობა აქვს, რომ სამყაროში არ არსებობენ შეუცნობადი ნივთები, არამედ არსებობენ მხოლოდ ისეთი ნივთები, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან შეცნობილნი, რომლებიც გახსნილი და შეცნობილი იქნებიან მეცნიერებისა და პრაქტიკის ძალებით.

აკრიტიკებს რა კანტისა და სხვა იდეალისტების დებულებას შესახებ სამყაროს შეუცნობადობისა და შეუცნობადი «ნივთებისა თავისთავად» და იცავს რა მატერიალიზმის ცნობილ დებულებას იმის შესახებ, რომ ჩვენი ცოდნა სარწმუნოა, ენგელსი წერს:

«ხოლო ყველაზე გადამწყვეტი უარყოფა ამ, ისევე როგორც ყველა სხვა, ფილოსოფიური მანჭვისა მდგომარეობს პრაქტიკაში, სახელდობრ - ექსპერიმენტსა და მრეწველობაში, თუ ჩვენ შეგვიძლია დავამტკიცოთ ბუნების მოცემული მოვლენის ჩვენი გაგების სისწორე იმით, რომ ჩვენ თვითონ ვაწარმოებთ მას, გამოგვყავს იგი მისი პირობებიდან, ამასთან, ვაიძულებთ მას ემსახუროს ჩვენს მიზნებს, მაშინ კანტის უჩინარ «ნივთს თავისთავად» ბოლო ეღება. ქიმიური ნივთიერებანი, რომლებიც ცხოველთა და მცენარეთა სხეულებში იქმნებიან, რჩებოდნენ ასეთ «ნივთებად თავისთავად», ვიდრე ორგანულმა ქიმიამ არ დაიწყო მათი ერთიმეორეზე მიყოლებით დამზადება; სწორედ ამით «ნივთი თავისთავად» იქცეოდა ნივთად ჩვენთვის, როგორც, მაგალითად, ალიზარინი, ენდროს საღებავი ნივთიერება, რასაც ჩვენ ახლა ვღებულობთ არა მინდვრად მოყვანილი ენდროს ფესვებიდან, არამედ გაცილებით უფრო იაფად და მარტივად ქვანახშირის კუპრიდან. მზის სისტემა კოპერნიკისა სამასი წლის განმავლობაში რჩებოდა ჰიპოთეზად, უაღრესად შესაძლებელ, მაგრამ მაინც ჰიპოთეზად. ხოლო როდესაც ლევერიემ, ამ სისტემის მონაცემთა საფუძველზე, არა მარტო დაამტკიცა, რომ უნდა არსებობდეს კიდევ ერთი, მანამ- დე უცნობი, პლანეტა, არამედ კიდევაც განსაზღვრა გამოანგარიშების საშუალებით ის ადგილი, რომელიც ამ პლანეტას ცის სივრცეში უჭირავს, და როდესაც ამის შემდეგ ჰალემ მართლაც აღმოაჩინა ეს პლანეტა, კოპერნიკის სისტემა დამტკიცებულ იქნა» (კ. მარქსი, რჩეული ნაწერები, ტ. I, გვ. 330).

ბრალსა სდებს რა ბოგდანოვს, ბაზაროვს, იუშკევიჩს და მახის სხვა მომხრეებს ფიდეიზმში (რეაქციული თეორია, რომელიც რწმენას აძლევს უპირატესობას მეცნიერების წინაშე) და იცავს რა მატერიალიზმის ცნობილ დებულებას იმის შესახებ, რომ ჩვენი მეცნიერული ცოდნა ბუნებაში არსებულ კანონზომიერებათა შესახებ სარწმუნოა, რომ მეცნიერების კანონები ობიექტურ ჭეშმარიტებას წარმოადგენენ, ლენინი ამბობს:

«თანამედროვე ფიდეიზმი სრულებითაც არ უარყოფს მეცნიერებას; იგი უარყოფს მეცნიერების მხოლოდ «გადამეტებულ პრეტენზიებს» სახელდობრ, ობიექტური ჭეშმარიტების პრეტენზიას. თუ არსებობს ობიექტური ჭეშმარიტება (როგორც ფიქრობენ მატერიალისტები), თუ ბუნებისმეტყველებას, რომელიც ასახავს გარესამყაროს ადამიანის «ცდაში», ერთადერთს შესწევს უნარი მოგვცეს ობიექტური ჭეშ მარიტება, ამით ყოველგვარი ფიდეიზმი აუცილებლად უკუგდებულია» (ლენინი, ტ. XIII, გვ. 102). 

ასეთია მოკლედ მარქსისტული ფილოსოფიური მატერიალიზმის დამახასიათებელი ნიშნები.

ადვილი გასაგებია, თუ რა უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფილოსოფიური მატერიალიზმის დებულებათა გავრცელებას საზოგადოებრივი ცხოვრების შესწავლაზე, საზოგადოების ისტორიის შესწავლაზე, თუ რა უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ დებულებათა გამოყენებას საზოგადოების ისტორიის მიმართ, მათ გამოყენებას პროლეტარიატის პარტიის პრაქტიკულ მოღვაწეობაში.

თუ ბუნების მოვლენათა კავშირი და მათი ურთიერთი განპირობებულობა ბუნების განვითარების კანონზომიერებებს წარმოადგენენ, აქედან გამომდინარეობს, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების მოვლენათა კავშირი და ურთიერთი განპირობებულობა წარმოად- გენენ აგრეთვე არა შემთხვევითს საქმეს, არამედ საზოგადოების განვითარების კანონზომიერებებს.

მაშასადამე, საზოგადოებრივი ცხოვრება, საზოგადოების ისტორია უკვე აღარ წარმოადგენს «შემთხვევითობათა» გროვას, ვინაიდან საზოგადოების ისტორია ხდება საზოგადოების კანონზომიერ განვითარებად, ხოლო საზოგადოების ისტორიის შესწავლა იქცევა მეცნიერებად.

მაშასადამე, პროლეტარიატის პარტიის პრაქტიკული მოღვაწეობა უნდა ეყრდნობოდეს არა «გამოჩენილ პიროვნებათა» კეთილ სურვილებს, არა «გონების», «საყოველთაო მორალისა» და სხვ. მოთხოვნებს, არამედ საზოგადოების განვითარების კანონზომიერებებს, ამ კანონზომიერებათა შესწავლას.

შემდეგ. თუ სამყარო შეცნობადია და ჩვენი ცოდნა ბუნების განვითარების კანონების შესახებ სარწმუნო ცოდნაა, რომელსაც ობიექტური ჭეშმარიტების მნიშვნელობა აქვს, აქედან გამომდინარეობს, რომ საზოგადოებრივი ცხოვრება, საზოგადოების განვითარება — აგრეთვე შეცნობადია, ხოლო მეცნიერების მონაცემები საზოგადოების განვითარების კანონების შესახებ — სარწმუნო მონაცემებია, რომლებსაც ობიექტურ ჭეშმარიტებათა მნიშვნელობა აქვთ.

მაშასადამე, მეცნიერება საზოგადოების ისტორიის შესახებ, მიუხედავად საზოგადოებრივი ცხოვრების მოვლენათა მთელი სირთულისა, შეიძლება გახდეს ისეთივე ზუსტ მეცნიერებად, როგორიც არის, ვთქვათ, ბიოლოგია, მეცნიერებად, რომელსაც შეუძლია ისარგებლოს საზოგადოების განვითარების კანონებით პრაქტიკული გამოყენებისათვის.

მაშასადამე, თავის პრაქტიკულ მოღვაწეობაში პროლეტარიატის პარტია უნდა ხელმძღვანელობდეს არა რაიმე შემთხვევითი მოტივებით, არამედ საზოგადოების განვითარების კანონებით, ამ კანონებიდან გამოყვანილი პრაქტიკული დასკვნებით.

მაშასადამე, სოციალიზმი ოცნებიდან კაცობრიობის უკეთეს მომავალზე იქცევა მეცნიერებად.

მაშასადამე, მეცნიერებისა და პრაქტიკული მოღვაწეობის კავშირი, თეორიისა და პრაქტიკის კავშირი, მათი ერთიანობა უნდა გახდეს პროლეტარიატის პარტიის გზისმაჩვენებელ ვარსკვლავად.

შემდეგ. თუ ბუნება, ყოფიერება, მატერიალური სამყარო პირველადია, ხოლო ცნობიერება, აზროვნება — მეორადი, წარმოებული, თუ მატერიალური სამყარო წარმოადგენს ობიექტურ რეალობას, რომელიც არსებობს ადამიანთა ცნობიერებისაგან დამოუკიდებლად, ცნობიერება კი ამ ობიექტური რეალობის ანარეკლს წარმოადგენს, აქედან გამომდინარეობს, რომ საზოგადოების მატერიალური ცხოვრება, მისი ყოფიერება აგრეთვე პირველადია, მისი სულიერი ცხოვრება კი მეორადი, წარმოებული, რომ საზოგადოების მატერიალური ცხოვრება არის ობიექტური რეალობა, ადამიანთა ნებისყოფისაგან დამოუკიდებლად არსებული, ხოლო საზოგადოების სულიერი ცხოვრება არის ამ ობიექტური რეალობის ასახვა, ყოფიერების ასახვა.

მაშასადამე, საზოგადოების სულიერი ცხოვრების ჩამოყალიბების წყაროს, საზოგადოებრივ იდეათა, საზოგადოებრივ თეორიათა, პოლიტიკურ შეხედულებათა, პოლიტიკურ დაწესებულებათა წარმოშობის წყაროს უნდა ვეძებდეთ არა თვით იდეებში, თეორიებში, შეხედულებებში, პოლიტიკურ დაწესებულებებში, არამედ საზოგადოების მატერიალური ცხოვრების პირობებში, საზოგადოებრივ ყოფიერებაში, რომლის ასახვასაც წარმოადგენენ ეს იდეები, თეორიები, შეხედულებები და სხვ.

მაშასადამე, თუ საზოგადოების ისტორიის სხვადასხვა პერიოდებში ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა საზოგადოებრივ იდეებს, თეორიებს, შეხედულებებს, პოლიტიკურ დაწესებულებებს, თუ მონათმფლობელური წყობილების დროს ვხვდებით ერთ საზოგადოებრივ იდეებს, თეორიებს, შეხედულებებს, პოლიტიკურ დაწესებულებებს, ფეოდალიზმის დროს — მეორეს, კაპიტალიზმის დროს — მესამეს. ეს გარემოება აიხსნება არა თვით იდეათა, თეორიათა, შეხედულებათა, პოლიტიკურ დაწესებულებათა «ბუნებით», არა მათი «თვისებით», არამედ საზოგადოების მატერიალური ცხოვრების სხვადასხვა პირობებით საზოგადოებრივი განვითარების სხვადასხვა პერიოდებში.  
როგორიცაა საზოგადოების ყოფიერება, როგორიცაა საზოგადოების მატერიალური ცხოვრების პირობები, — ისეთივეა მისი იდეები, თეორიები, პოლიტიკური შეხედულებები, პოლიტიკური დაწესებულებები.

ამასთან დაკავშირებით მარქსი ამბობს:

«ადამიანთა ცნობიერება კი არ განსაზღვრავს მათს ყოფიერებას, არამედ, პირიქით, მათი საზოგადოებრივი ყოფიერება განსაზღვრავს მათს ცნობიერებას» (კ. მარქსი, რჩეული ნაწერები, ტ. I, გვ. 269).

მაშასადამე, პოლიტიკაში შეცდომა რომ არ დაუშვას და ფუჭ მეოცნებეთა მდგომარეობაში რომ არ ჩავარდეს, პროლეტარიატის პარტია თავის მოღვაწეობაში უნდა გამოდიოდეს არა «ადამიანის გონების» განყენებული «პრინციპებიდან», არამედ საზოგადოების მატერიალური ცხოვრების, როგორც საზოგადოებრივი განვითარების გადამწყვეტი ძალის, კონკრეტული პირობებიდან, არა «დიდ ადამიანთა» კეთილი სურვილებიდან, არამედ საზოგადოების მატერიალური ცხოვრების განვითარების რეალური მოთხოვნილებებიდან.

უტოპისტების, მათ შორის ნაროდნიკების, ანარქისტების, ესერების დაცემა აიხსნება, სხვათა შორის, იმით, რომ ისინი არ ცნობდნენ საზოგადოების მატერიალური ცხოვრების პირობათა უპირატეს როლს საზოგადოების განვითარებაში და, ვარდებოდნენ რა იდეალიზმში, თავიანთ პრაქტიკულ მოღვაწეობას აგებდნენ არა საზოგადოების მატერიალური ცხოვრების განვითარების მოთხოვნილებათა საფუძველზე, არამედ მათგან დამოუკიდებლად და მათ წინააღმდეგ. აგებდნენ საზოგადოების რეალური ცხოვრებისაგან მოწყვეტილ «იდეალურ გეგმათა» და «ყოვლისმომცველ პროექტთა» საფუძველზე.

მარქსიზმ-ლენინიზმის ძალა და ცხოველმყოფელობა იმაში მდგომარეობს, რომ თავის პრაქტიკულ მოღვაწეობაში იგი ეყრდნობა სწორედ საზოგადოების მატერიალური ცხოვრების განვითარების მოთხოვნილებებს, არასოდეს არ სწყდება რა საზოგადოების რეალურ ცხოვრებას.

მაგრამ მარქსის სიტყვებიდან ის როდი გამოდის, თითქოს საზოგადოებრივ იდეებს, თეორიებს, პოლიტიკურ შეხედულებებს, პოლიტიკურ დაწესებულებებს მნიშვნელობა არ ჰქონდეთ საზოგადოების ცხოვრებაში, თითქოს ისინი პირუკუ არ ახდენდნენ ზემოქმედებას საზოგადოებრივ ყოფიერებაზე, საზოგადოების ცხოვრების მატერიალურ პირობათა განვითარებაზე. ჩვენ აქ ვლაპარაკობდით ჯერჯერობით საზოგადოებრივი იდეების, თეორიების, შეხედულებების, პოლიტიკური დაწესებულებების წარმოშობაზე, მათს აღმოცენებაზე, იმაზე, რომ საზოგადოების სულიერი ცხოვრება მისი მატერიალური ცხოვრების პირობების ასახვას წარმოადგენს. რაც შეეხება საზოგადოებრივი იდეების, თეორიების, შეხედულებების, პოლიტიკური დაწესებულებების მნიშვნელობას, რაც შეეხება მათს როლს ისტორიაში, — ისტორიული მატერიალიზმი არა თუ არ უარყოფს, არამედ, პირიქით, ხაზს უსვამს მათს სერიოზულ როლსა და მნიშვნელობას საზოგადოების ცხოვრებაში, საზოგადოების ისტორიაში.  

საზოგადოებრივი იდეები და თეორიები სხვადასხვანაირია. არის ძველი იდეები და თეორიები, რომლებმაც თავისი დრო მოჭამეს და რომლებიც საზოგადოების მომაკვდავი ძალების ინტერესებს ემსახურებიან. მათი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი აფერხებენ საზოგადოების განვითარებას, მის წინსვლას არის ახალი, მოწინავე იდეები და თეორიები, რომლებიც საზოგადოების მოწინავე ძალების ინტერესებს ემსახურებიან. მათი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი აადვილებენ საზოგადოების განვითარებას, მის წინსვლას, ამასთან ისინი მით უფრო დიდ მნიშვნელობას იძენენ, რაც უფრო ზუსტად ასახავენ საზოგადოების მატერიალური ცხოვრების განვითარების მოთხოვნილებებს.

ახალი საზოგადოებრივი იდეები და თეორიები აღმოცენდებიან მხოლოდ მას შემდეგ, რაც საზოგადოების მატერიალური ცხოვრების განვითარებამ საზოგადოებას ახალი ამოცანები დაუსახა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ისინი აღმოცენდნენ, ისინი ხდებიან უაღრესად სერიოზულ ძალად, რომელიც აადვილებს საზოგადოების მატერიალური ცხოვრების განვითარებით დასახული ახალი ამოცანების გადაჭრას, აადვილებს საზოგადოების წინსვლას. სწორედ აქ იჩენს თავს ახალი იდეების, ახალი თეორიების, ახალი პოლიტიკური შეხედულებების, ახალი პოლიტიკური დაწესებულებების უდიდესი მაორგანიზებელი, დამრაზმავი და გარდამქმნელი მნიშვნელობა. ახალი საზოგადოებრივი იდეები და თეორიები სწორედ იმიტომ წარმოიშობიან, რომ ისინი აუცილებლად საჭირონი არიან საზოგადოებისათვის, რომ მათი მაორგანიზებელი, დამრაზმავი და გარდამქმნელი მუშაობის გარეშე შეუძლებელია საზოგადოების მატერიალური ცხოვრების განვითარების მომწიფებული ამოცანების გადაჭრა. წარმოიშვნენ რა საზოგადოების მატერიალური ცხოვრების განვითარებით დასახული ახალი ამოცანების ბაზაზე, ახალი საზოგადოებრივი იდეები და თეორიები გზას იკაფავენ, ხალხის მასების კუთვნილება ხდებიან, რაზმავენ, აორგანიზებენ მათ საზოგადოების მომაკვდავი ძალების წინააღმდეგ და, ამრიგად, აადვილებენ საზოგადოების მომაკვდავი ძალების დამხობას, რომლებიც საზოგადოების მატერიალური ცხოვრების განვითარებას აფერხებენ. ასე საზოგადოებრივი იდეები, თეორიები, პოლიტიკური დაწესებულებები, აღმოცენდებიან რა საზოგადოების მატერიალური ცხოვრების განვითარების, საზოგადოებრივი ყოფიერების განვითარების მომწიფებული ამოცანების ბაზაზე, — შემდეგ თვითონ ახდენენ ზემოქმედებას საზოგადოებრივ ყოფიერებაზე, საზოგადოების მატერიალურ ცხოვრებაზე და ქმნიან იმისათვის აუცილებელ პირობებს, რომ ბოლომდე მიყვანილ იქნას საზოგადოების მატერიალური ცხოვრების მომწიფებული ამოცანების გადაჭრა და შესაძლებელი გახდეს მისი შემდგომი განვითარება.

ამასთან დაკავშირებით მარქსი ამბობს:

«თეორია ხდება მატერიალურ ძალად, როგორც კი იგი მასებს დაეუფლება» (კ. მარქსი და ფ. ენგელსი, ტ. I, გვ. 406).

მაშასადამე, რათა პროლეტარიატის პარტიას შესაძლებლობა ჰქონდეს ზემოქმედება მოახდინოს საზოგადოების მატერიალური ცხოვრების პირობებზე და დააჩქაროს ამ პირობების განვითარება, დააჩქაროს მათი გაუმჯობესება, იგი უნდა დაეყრდნოს ისეთ საზოგადოებრივ თეორიას, ისეთ საზოგადოებრივ იდეას, რომელიც სწორად ასახავს საზოგადოების მატერიალური ცხოვრების განვით თარების მოთხოვნილებებს და რომელსაც ამის გამო შესწევს უნარი აამოძრაოს ხალხის ფართო მასები, შესწევს უნარი დარაზმოს ისინი და შექმნას მათგან პროლეტარული პარტიის დიადი არმია, რომელიც მზად არის გააცამტვეროს რეაქციული ძალები და გზა გაუკაფოს საზოგადოების მოწინავე ძალებს.

«ეკონომისტებისა» და მენშევიკების დაცემა აიხსნება, სხვათა შორის, იმით, რომ ისინი არ ცნობდნენ მოწინავე თეორიის, მოწინავე იდეის დამრაზმავ, მაორგანიზებელ და გარდამქმნელ როლს და, ვარდებოდნენ რა ვულგარულ მატერიალიზმში, თითქმის არარამდე დაჰყავდათ მათი როლი, — მაშასადამე, განწირავდნენ პარტიას პასივობისა და ერთ წერტილზე გაყინვისათვის.

მარქსიზმ-ლენინიზმის ძალა და ცხოველმყოფელობა იმაში მდგო- მარეობს, რომ იგი ეყრდნობა მოწინავე თეორიას, რომელიც სწორად ასახავს საზოგადოების მატერიალური ცხოვრების განვითარების მოთხოვნილებებს, აჰყავს თეორია მის შესაფერ სიმაღლეზე და თავის მოვალეობად თვლის ბოლომდე გამოიყენოს მისი დამრაზმავი, მაორგანიზებელი და გარდამქმნელი ძალა.

ასე წყვეტს ისტორიული მატერიალიზმი საკითხს საზოგადოებრივ ყოფიერებასა და საზოგადოებრივ ცნობიერებას შორის, საზოგადოების მატერიალური ცხოვრების განვითარების პირობებსა და სულიერი ცხოვრების განვითარებას შორის არსებული დამოკიდებულების შესახებ.

3) ისტორიული მატერიალიზმი.

გამოსარკვევი რჩება საკითხი: რა უნდა იგულისხმებოდეს ისტორიული მატერიალიზმის თვალსაზრისით «საზოგადოების მატერიალური ცხოვრების პირობებად», რომლებიც საბოლოო ანგარიშით განსაზღვრავენ საზოგადოების ფიზიონომიას, მის იდეებს, შეხედულებებს, პოლიტიკურ დაწესებულებებს და ა. შ.

მართლაც, — რა არის ეს «საზოგადოების მატერიალური ცხოვრების პირობები», როგორია მათი განმასხვავებელი ნიშნები?

უეჭველია, რომ «საზოგადოების მატერიალური ცხოვრების პი- რობების» ცნებაში შედის, უწინარეს ყოვლისა, საზოგადოების გარემომცველი ბუნება, გეოგრაფიული გარემო, რომელიც წარმოადგენს საზოგადოების მატერიალური ცხოვრების ერთ-ერთ აუცილებელ და მუდმივ პირობას და, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს საზოგადოების განვითარებაზე. როგორია გეოგრაფიული გარემოს როლი საზოგადოების განვითარებაში? ხომ არ წარმოადგენს გეო- გრაფიული გარემო იმ მთავარ ძალას, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოების ფიზიონომიას, ადამიანთა საზოგადოებრივი წყობილების ხასიათს, ერთი წყობილებიდან მეორეზე გადასვლას?

ისტორიული მატერიალიზმი ამ კითხვაზე უარყოფითად უპასუხებს.

გეოგრაფიული გარემო, უდავოა, საზოგადოების განვითარების ერთ-ერთ მუდმივ და აუცილებელ პირობას წარმოადგენს და იგი, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს საზოგადოების განვითარებაზე, იგი აჩქარებს ან ანელებს საზოგადოების განვითარების მსვლელობას. მაგრამ მისი გავლენა განმსაზღვრელი გავლენა როდია, ვინაიდან საზოგადოების ცვლილებანი და განვითარება გაცილებით უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე გეოგრაფიული გარემოს ცვლილებანი და განვითარება. სამი ათასი წლის მანძილზე ევროპაში უკვე შეიცვალა სამი სხვადასხვა საზოგადოებრივი წყობილება: პირველყოფილ-თემური წყობილება, მონათმფლობელური წყობილება, ფეოდალური წყობილება, ხოლო ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში, სსრ კავშირში ოთხი საზოგადოებრივი წყობილებაც კი შეიცვალა. მაგრამ ამავე პერიოდში გეოგრაფიული პირობები ევროპაში ან სრულებით არ შეცვლილა, ან იმდენად უმნიშვნელოდ შეიცვალა, რომ გეოგრაფია არც კი ლაპარაკობს ამაზე. ეს გასაგებიც არის. გეოგრაფიული გარემოს რამდენადმე სერიოზული ცვლილებებისათვის საჭიროა მილიონობით წლები, მაშინ როდესაც ადამიანთა საზოგადოებრივი წყობილების უაღრესად სერიოზული ცვლილებებისთვისაც კი საკმარისია რამდენიმე ასეული ან ორიოდე ათასი წელი.

მაგრამ აქედან გამომდინარეობს ის, რომ გეოგრაფიული გარემო არ შეიძლება წარმოადგენდეს საზოგადოებრივი განვითარების მთავარ მიზეზს, განმსაზღვრელ მიზეზს, ვინაიდან ის, რაც ათეულათასობით წლების განმავლობაში თითქმის უცვლელი რჩება, არ შეიძლება წარმოადგენდეს იმის განვითარების მთავარ მიზეზს, რაც ძირფესვიან ცვლილებებს განიცდის ასეული წლების განმავლობაში.

შემდეგ, უეჭველია, რომ მოსახლეობის ზრდა, მოსახლეობის ესა თუ ის სიმჭიდროვე, აგრეთვე შედის «საზოგადოების მატერიალური ცხოვრების პირობათა» ცნებაში, ვინაიდან ადამიანები შეადგენენ საზოგადოების მატერიალური ცხოვრების პირობათა აუცილებელ ელემენტს, და ადამიანთა გარკვეული მინიმუმის არსებობის გარეშე შეუძლებელია საზოგადოების რაიმე მატერიალური ცხოვრება. ხომ არ წარმოადგენს მოსახლეობის ზრდა იმ მთავარ ძალას, რომელიც განსაზღვრავს ადამიანთა საზოგადოებრივი წყობილების ხასიათს?

ისტორიული მატერიალიზმი ამ კითხვაზეც უარყოფითად უპასუხებს.

რა თქმა უნდა, მოსახლეობის ზრდას გავლენა აქვს საზოგადოების განვითარებაზე, იგი აადვილებს ან ანელებს საზოგადოების განვითარებას, მაგრამ იგი არ შეიძლება იყოს საზოგადოების განვითარების მთავარი ძალა, და მისი გავლენა საზოგადოების განვითარებაზე არ შეიძლება იყოს განმსაზღვრელი გავლენა, ვინაიდან თავისთავად მოსახლეობის ზრდა არ იძლევა გასაღებს იმის ასახსნელად, თუ რატომ იცვლება მოცემული საზოგადოებრივი წყობილება სახელდობრ ამადაამ ახალი წყობილებით, და არა რომელიმე სხვა წყობილებით, რატომ იცვლება პირველყოფილ-თემური წყობილება სახელდობრ მონათმფლობელური წყობილებით, მონათმფლობელური წყობილება — ფეოდალურით, ფეოდალური — ბურჟუაზიულით, და არა რომელიმე სხვა წყობილებით.

მოსახლეობის ზრდა საზოგადოებრივი განვითარების განმსაზღვრელ ძალას რომ წარმოადგენდეს, მოსახლეობის უფრო დიდ სიმჭიდროვეს აუცილებლად უნდა გამოეწვია შესაბამისად უფრო მაღალი ტიპი საზოგადოებრივი წყობილებისა. მაგრამ სინამდვილეში ამას ვერ ვხედავთ. ჩინეთში მოსახლეობის სიმჭიდროვე ოთხჯერ უფრო დიდია, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები უფრო მაღლა დგანან სა- ზოგადოებრივი განვითარების თვალსაზრისით, ვიდრე ჩინეთი, ვინაიდან ჩინეთში ჯერ კიდევ ბატონობს ნახევრად-ფეოდალური წყობილება, მაშინ როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე მიაღწიეს კაპიტალიზმის განვითარების უმაღლეს სტადიას. ბელგიაში მოსახლეობის სიმჭიდროვე 19-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში, და 26-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე სსრ კავშირში, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები ბელგიაზე უფრო მაღლა დგანან საზოგადოებრივი განვითარების თვალსაზრისით, სსრ კავშირს კი ბელგია მთელი ისტორიული ეპოქით ჩამორჩა, ვინაიდან ბელგიაში კაპიტალისტური წყობილება ბატონობს, მაშინ როდესაც სსრ კავშირმა უკვე ბოლო მოუღო კაპიტალიზმს და დაიმყარა სოციალისტური წყობილება.

მაგრამ აქედან გამომდინარეობს ის, რომ მოსახლეობის ზრდა არ წარმოადგენს და არც შეიძლება წარმოადგენდეს საზოგადოების განვითარების მთავარ ძალას, საზოგადოებრივი წყობილების ხასიათის, საზოგადოების ფიზიონომიის განმსაზღვრელ ძალას.

ა) მაშ რაში მდგომარეობს ის მთავარი ძალა საზოგადოების მატერიალური ცხოვრების პირობათა სისტემაში, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოების ფიზიონომიას, საზოგადოებრივი წყობილების ხასიათს, საზოგადოების განვითარებას ერთი წყობილებიდან მეორისაკენ?

ასეთ ძალად ისტორიული მატერიალიზმი თვლის ადამიანთა არსებობისათვის აუცილებელი საარსებო საშუალებების მოპოვების წესს, მატერიალური დოვლათის - საზრდოს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, საცხოვრებელი ბინის, სათბობის, წარმოების იარაღების და სხვ. წარმოების წესს, რომლებიც აუცილებლად საჭიროა იმისათვის, რომ საზოგადოებას ცხოვრება და განვითარება შეეძლოს.

რომ ცხოვრობდე, უნდა გქონდეს საზრდო, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საცხოვრებელი ბინა, სათბობი და სხვ., ეს მატერიალური დოვლათი რომ გქონდეს, უნდა აწარმოებდე მას, ხოლო მას რომ აწარმოებდე, უნდა გქონდეს წარმოების იარაღები, რომელთა საშუალებით ადამიანები ამზადებენ საზრდოს, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს. საცხოვრებელ ბინებს, სათბობს და სხვ., უნდა იცოდე ამ იარაღების წარმოება, უნდა იცოდე ამ იარაღებით სარგებლობა.

წარმოების იარაღები, რომელთა საშუალებითაც მზადდება მატერიალური დოვლათი, ადამიანები, რომლებიც ამოძრავებენ წარმოების იარაღებს და ახორციელებენ მატერიალური დოვლათის წარმოებას განსაზღვრული საწარმოო გამოცდილებისა და შრომის ჩვევების მეოხებით, — ყველა ეს ელემენტები ერთად შეადგენენ საზოგადოების საწარმოო ძალებს.

მაგრამ საწარმოო ძალები შეადგენენ წარმოების მხოლოდ ერთ მხარეს, წარმოების წესის ერთ მხარეს, რაც გამოხატავს ადამიანთა დამოკიდებულებას საგნებისადმი და ბუნების ძალებისადმი, რომლებსაც იყენებენ მატერიალური დოვლათის შესაქმნელად. წარმოების მეორე მხარეს, წარმოების წესის მეორე მხარეს შეადგენენ ადამიანთა ურთიერთობანი წარმოების პროცესში, ადამიანთა წარმოებითი ურთიერთობანი. ადამიანები ეწევიან ბრძოლას ბუნებასთან და იყენებენ ბუნებას მატერიალური დოვლათის დასამზადებლად არა ერთიმეორისაგან იზოლირებულად, არა ერთიმეორისაგან მოწყვეტილი ერთეულების სახით, არამედ ერთად, ჯგუფებად, საზოგადოებებად. ამიტომ წარმოება ყოველთვის და ყველა პირობაში არის საზოგადოებრივი წარმოება. ახორციელებენ რა მატერიალური დოვლათის წარმოებას, ადამიანები ამყარებენ ერთმანეთს შორის ამა თუ იმ ურთიეოთდამოკიდებულებებს წარმოების შიგნით, ამა თუ იმ წარმოებითს ურთიერთობებს. ეს ურთიერთობანი შეიძლება იყვნენ ექსპლოატაციისაგან თავისუფალ ადამიანთა თანამშრომლობისა და ურთიერთი დახმარების ურთიერთობანი, ისინი შეიძლება იყვნენ ბატონობისა და დამორჩილების ურთიერთობანი, ბოლოს, ისინი შეიძლება იყვნენ წარმოებით ურთიერთობათა ერთი ფორმიდან მეორე ფორმაზე გარდამავალი ურთიერთობანი. მაგრამ რა ხასიათიც არ უნდა ჰქონდეთ წარმოებითს ურთიერთობებს, ისინი შეადგენენ — ყოველთვის და ყველა წყობილების დროს — წარმოების ისეთსავე აუცილებელ ელემენტს, როგორსაც საზოგადოების საწარმოო ძალები.

«წარმოებაში, — ამბობს მარქსი, — ადამიანები ზემოქმედებას ახდენენ არა მარტო ბუნებაზე, არამედ ერთიმეორეზეც. მათ არ შეუძლიათ აწარმოონ, თუ არ შეერთდნენ გარკვეული წესით საერთო საქმიანობისათვის და თავიანთი საქმიანობის ურთიერთგაცვლისათვის რომ აწარმოონ, ადამიანები ებმებიან განსაზღვრულ კავშირსა და ურთიერთობებში, და მხოლოდ ამ საზოგადოებრივი კავშირისა და ურთიერთობათა საშუალებით არსებობს მათი დამოკიდებულება ბუნებისადმი, ადგილი აქვს წარმოებას» (კ. მარქსი და ფ. ენგელსი, ტ. V, გვ. 429).

მაშასადამე, წარმოება, წარმოების წესი მოიცავს როგორც საზოგადოების საწარმოო ძალებს, ისე ადამიანთა წარმოებითს ურთიერთობებს და, ამრიგად, წარმოადგენს მათი ერთიანობის განსახიერებას მატერიალური დოვლათის წარმოების პროცესში.

ბ) წარმოების პირველი თავისებურება ის არის, რომ იგი არასოდეს არ იყინება ხანგრძლივი პერიოდით ერთ წერტილზე და ყოველთვის იმყოფება ცვლილებისა და განვითარების მდგომარეობაში, ამასთან ცვლილებანი წარმოების წესში გარდუვალად იწვევენ მთელი საზოგადოებრივი წყობილების, საზოგადოებრივი იდეების, პოლიტიკური შეხედულებების, პოლიტიკური დაწესებულებების ცვლილებას, — იწვევენ მთელი საზოგადოებრივი და პოლიტიკური წყობის გარდაქმნას. განვითარების სხვადასხვა საფეხურებზე ადამიანები სარგებლობენ წარმოების სხვადასხვა წესებით, ანუ, უფრო უბრალოდ რომ ვთქვათ, — სხვადასხვანაირ ცხოვრებას ეწევიან. პირველყოფილი თემის დროს არსებობს წარმოების ერთი წესი, მონობის დროს არსებობს წარმოების მეორე წესი, ფეოდალიზმის დროს წარმოების მესამე წესი და ა. შ.. ამის შესაბამისად ადამიანთა საზოგადოებრივი წყობილებაც, მათი სულიერი ცხოვრება, მათი შეხედულებები, მათი პოლიტიკური დაწესებულებები სხვა- დასხვანაირი არის ხოლმე.

წარმოების როგორი წესიცა აქვს საზოგადოებას, — ისეთივეა, ძირითადად, თვით საზოგადოებაც, ისეთივეა მისი იდეები და თეორიები, პოლიტიკური შეხედულებები და დაწესებულებები.

ანუ, უფრო უბრალოდ რომ ვთქვათ: რანაირიცაა ადამიანთა ცხოვრება, — იმნაირივეა მათი აზრები.

ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოების განვითარების ისტორია არის, უწინარეს ყოვლისა, ისტორია წარმოების განვითარებისა, ისტორია წარმოების წესებისა, რომლებიც ცვლიან ერთიმეორეს საუკუნეთა მანძილზე, ისტორია საწარმოო ძალთა და ადამიანების წარმოებით ურთიერთობათა განვითარებისა.

მაშასადამე, საზოგადოებრივი განვითარების ისტორია ამასთან ერთად არის ისტორია თვით მატერიალური დოვლათის მწარმოებლებისა, ისტორია მშრომელი მასებისა, რომლებიც წარმოებითი პროცესის ძირითად ძალებს წარმოადგენენ და ახორციელებენ საზოგადოების არსებობისათვის აუცილებლად საჭირო მატერიალური დოვლათის წარმოებას.

მაშასადამე, ისტორიულ მეცნიერებას, თუ მას სურს იყოს ნამდვილი მეცნიერება, აღარ შეუძლია საზოგადოებრივი განვითარების ისტორია დაიყვანოს მეფეთა და მხედართმთავართა მოქმედებამდე. სახელმწიფოების «დამპყრობელთა» და «დამმორჩილებელთა» მოქმედებამდე, არამედ, უწინარეს ყოვლისა, მან ხელი უნდა მოჰკიდოს მატერიალური დოვლათის მწარმოებლების ისტორიას, მშრომელი მასების ისტორიას, ხალხთა ისტორიას.

მაშასადამე, საზოგადოების ისტორიის კანონების შესწავლის გასაღები უნდა ვეძებოთ არა ადამიანთა თავებში, არა საზოგადოების შეხედულებებსა და იდეებში, არამედ წარმოების წესში, რომელსაც იყენებს საზოგადოება ყოველ მოცემულ ისტორიულ პერიოდში, უნდა ვეძებოთ საზოგადოების ეკონომიკაში.

მაშასადამე, ისტორიული მეცნიერების უპირველეს ამოცანას წარმოადგენს წარმოების კანონების, საწარმოო ძალთა და წარმოებით ურთიერთობათა განვითარების კანონების, საზოგადოების ეკონომიური განვითარების კანონების შესწავლა და გახსნა.
მაშასადამე, პროლეტარიატის პარტია, თუ მას სურს იყოს ნამდვილი პარტია, უნდა დაეუფლოს, უწინარეს ყოვლისა, წარმოების განვითარების კანონების ცოდნას, საზოგადოების ეკონომიური განვითარების კანონების ცოდნას.

მაშასადამე, პოლიტიკაში შეცდომა რომ არ დაუშვას, პროლეტარიატის პარტია როგორც თავისი პროგრამის აგებაში, ისე თავის პრაქტიკულ მოღვაწეობაში უნდა გამოდიოდეს, უწინარეს ყოვლისა, წარმოების განვითარების კანონებიდან, საზოგადოების ეკონომიური განვითარების კანონებიდან.

გ) წარმოების მეორე თავისებურება ის არის, რომ მისი ცვლილებები და განვითარება იწყება ყოველთვის საწარმოო ძალთა ცვლილებებიდან და განვითარებიდან, უწინარეს ყოვლისა — წარმოების იარაღების ცვლილებებიდან და განვითარებიდან. მაშასადამე, საწარმოო ძალები წარმოადგენენ წარმოების ყველაზე მოძრავ და რევოლუციურ ელემენტს. ჯერ იცვლებიან და ვითარდებიან საზოგადოების საწარმოო ძალები, შემდეგ კი, ამ ცვლილებების მიხედვით და მათ შესაბამისად — იცვლებიან ადამიანთა წარმოებითი ურთიერთობანი, ადამიანთა ეკონომიური ურთიერთობანი. მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ წარმოებითი ურთიერთობანი გავლენას არ ახდენენ საწარმოო ძალთა განვითარებაზე და რომ ეს უკანასკნელნი დამოკიდებული არ არიან პირველთაგან. ვითარდებიან რა საწარმოო ძალთა განვითარების მიხედვით, წარმოებითი ურთიერთობანი თავის მხრივ ზემოქმედებას ახდენენ საწარმოო ძალების განვითარებაზე, აჩქარებენ ან ანელებენ მას. ამასთან საჭიროა აღინიშნოს, რომ წარმოებითი ურთიერთობანი არ შეიძლება მეტისმეტად დიდხანს ჩამორჩებოდნენ საწარმოო ძალების ზრდას და წინააღმდეგობაში იმყოფებოდნენ მასთან, ვინაიდან საწარმოო ძალებს შეუძლიათ სრული ზომით განვითარდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოებითი ურთიერთობანი შეესაბამებიან საწარმოო ძალების ხასიათს, მათს მდგომარეობას და ფართო გასაქანს აძლევენ საწარმოო ძალთა განვითარებას. ამიტომ, რარიგაც არ უნდა ჩამორჩებოდნენ წარმოებითი ურთიერთობანი საწარმოო ძალების განვითარებას, ისინი — ადრე თუ გვიან — შესაბამისნი უნდა გახდნენ — და მართლაც შესაბამისნი ხდებიან — საწარმოო ძალთა განვითარების დონისა, საწარმოო ძალთა ხასიათისა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვექნებოდა ძირფესვიანი დარღვევა საწარმოო ძალთა და წარმოებით ურთიერთობათა ერთიანობისა წარმოების სისტემაში, მთლიანად წარმოების რღვევა, წარმოების კრიზისი, საწარმოო ძალთა დაშლა.

საწარმოო ძალების ხასიათისადმი წარმოებით ურთიერთობათა შეუსაბამობის მაგალითს, მათ შორის კონფლიქტის მაგალითს — წარმოადგენენ ეკონომიური კრიზისები კაპიტალისტურ ქვეყნებში, სადაც წარმოების საშუალებათა კერძო-კაპიტალისტური საკუთრება აშკარად შეუსაბამოა წარმოების პროცესის საზოგადოებრივი ხასიათისადმი, საწარმოო ძალების ხასიათისადმი. ამ შეუსაბამობის შედეგია ეკონომიური კრიზისები, რომლებიც იწვევენ საწარმოო ძალების დაშლას, ამასთან თვით ეს შეუსაბამობა წარმოადგენს სოციალური რევოლუციის ეკონომიურ საფუძველს, რევოლუციისა, რომლის დანიშნულება ის არის, რომ დაარღვიოს ახლანდელი წარმოებითი ურთიერთობანი და შექმნას ახალი, საწარმოო ძალთა ხასიათის შესაბამისი ურთიერთობანი.

და პირიქით, საწარმოო ძალების ხასიათისადმი წარმოებით ურთიერთობათა სრული შესაბამისობის მაგალითს წარმოადგენს სოციალისტური სახალხო მეურნეობა სსრ კავშირში, სადაც წარმოების საშუალებათა საზოგადოებრივი საკუთრება სავსებით შეესაბამება წარმოების პროცესის საზოგადოებრივ ხასიათს და სადაც ამის გამო არ არის არც ეკონომიური კრიზისები, არც საწარმოო ძალთა დაშლა.

მაშასადამე, საწარმოო ძალები წარმოადგენენ წარმოების არა მარტო ყველაზე მოძრავ და რევოლუციურ ელემენტს. ისინი ამასთან ერთად წარმოადგენენ წარმოების განვითარების განმსაზღვრელ ელემენტს.

როგორიცაა საწარმოო ძალები, — ისეთივე უნდა იყვნენ წარმოებითი ურთიერთობანი.

თუ საწარმოო ძალთა მდგომარეობა უპასუხებს იმ კითხვას, წარმოების რა იარაღებით ამზადებენ ადამიანები მათთვის აუცილებლად საჭირო მატერიალურ დოვლათს, წარმოებით ურთიერთობათა მდგომარეობა უპასუხებს უკვე მეორე კითხვას: ვის მფლობელობაშია წარმოების საშუალებანი (მიწა, ტყეები, წყლები, წიაღი, ნედლი მასალები, წარმოების იარაღები, საწარმოო შენობები, მიმოსვლისა და კავშირგაბმულობის საშუალებანი და სხვ.), ვის განკარგულებაშია წარმოების საშუალებანი, მთელი საზოგადოების განკარგულებაში, თუ ცალკეულ პირთა, ჯგუფთა, კლასთა განკარგულებაში, რომელნიც იყენებენ ამ საშუალებებს სხვა პირების, ჯგუფების, კლასების ექსპლოატაციისათვის.

აი სქემატური სურათი საწარმოო ძალთა განვითარებისა ძველი დროიდან ჩვენს დრომდე. ქვის უხეში იარაღებიდან მშვილდ-ისარზე გადასვლა და ამასთან დაკავშირებით მონადირული ცხოვრებიდან ცხოველთა მოშინაურებაზე და პირველყოფილ მეჯოგეობაზე გადასვლა; ქვის იარაღებიდან ლითონის იარაღებზე (რკინის ნაჯახი, რკინის-სახნისიანი კავი და სხვ.) გადასვლა და, ამის შესაბამისად, მცენარეთა მოყვანასა და მიწათმოქმედებაზე გადასვლა; მასალათა დასამუშავებელი ლითონის იარაღების შემდგომი გაუმჯობესება, სამჭედლო საბერველზე გადასვლა, თიხის ჭურჭლის წარმოებაზე გადასვლა და, ამის შესაბამისად, ხელოსნობის განვითარება, ხელოსნობის გამოყოფა მიწათმოქმედებისაგან, დამოუკიდებელი ხელოსნური და შემდეგ მანუფაქტურული წარმოების განვითარება; წარმოების ხელოსნური იარაღებიდან მანქანაზე გადასვლა და ხელოსნურ-მანუფაქტურული წარმოების გადაქცევა სამანქანო მრეწველობად; მანქანათა სისტემაზე გადასვლა და თანამედროვე მსხვილი მანქანიზებული მრეწველობის გაჩენა, — ასეთია ზოგადი, მეტად არასრული, სურათი საზოგადოების საწარმოო ძალთა განვითარებისა კაცობრიობის ისტორიის მანძილზე. ამასთან გასაგებია, რომ წარმოების იარაღების განვითარება და გაუმჯობესება ხორციელდებოდა წარმოებასთან დამოკიდებულების მქონე ადამიანების მიერ, და არა ადამიანებისაგან დამოუკიდებლად, — მაშასადამე, წარმოების იარაღების ცვლილებასთან და განვითარებასთან ერთად იცვლებოდნენ და ვითარდებოდნენ ადამიანები, როგორც საწარმოო ძალთა უმნიშვნელოვანესი ელემენტი, იცვლებოდა და ვითარდებოდა მათი საწარმოო გამოცდილება, მათი შრომის ჩვევები, მათი უნარი წარმოების იარაღების გამოყენებისა.

საზოგადოების საწარმოო ძალების ცვლილებისა და განვითარების შესაბამისად ისტორიის მანძილზე იცვლებოდნენ და ვითარდებოდნენ ადამიანთა წარმოებითი ურთიერთობანი, მათი ეკონომიური ურთიერთობანი.

ისტორია იცნობს წარმოებით ურთიერთობათა ხუთ ძირითად ტიპს: პირველყოფილ-თემურს, მონათმფლობელურს, ფეოდალურს, კაპიტალისტურს, სოციალისტურს.

პირველყოფილ-თემური წყობილების დროს წარმოებით ურთიერთობათა საფუძველს წარმოადგენს წარმოების საშუალებათა საზოგადოებრივი საკუთრება. ეს ძირითადად შეესაბამება საწარმოო ძალთა ხასიათს ამ პერიოდში. ქვის იარაღები და მშვილდ-ისარი. რომელიც შემდეგ გაჩნდა, გამორიცხავდნენ ბუნების ძალებთან და მტაცებელ ცხოველებთან მარტოხელად ბრძოლის შესაძლებლობას. ტყეში რომ ნაყოფი შეაგროვონ, წყალში რომ თევზი დაიჭირონ, რაიმე საცხოვრებელი ბინა რომ ააშენონ, ადამიანები იძულებული არიან ერთად იმუშაონ, თუ არ სურთ გახდნენ შიმშილით სიკვდილის, მტაცებელ ცხოველთა ან მეზობელ საზოგადოებათა მსხვერპლნი. საერთო შრომა იწვევს წარმოების საშუალებათა, აგრეთვე წარმოების პროდუქტების საერთო საკუთრებას. აქ ჯერ კიდევ წარმოდგენა არა აქვთ წარმოების საშუალებათა კერძო საკუთრებაზე, თუ არ ვიანგარიშებთ წარმოების იმ ზოგიერთი იარაღის პირად საკუთრებას, რომლებიც ამავე დროს წარმოადგენენ მტაცებელი ნადირებისაგან თავდაცვის იარაღებს. აქ არ არის ექსპლოატაცია, არ არიან კლასები.

მონათმფლობელური წყობილების დროს წარმოებით ურთიერთობათა საფუძველს წარმოადგენს მონათმფლობელის საკუთრება წარმოების საშუალებებზე, აგრეთვე წარმოების მუშაკზე — მონაზე, რომელიც მონათმფლობელს შეუძლია გაყიდოს, იყიდოს, მოკლას, როგორც პირუტყვი. ასეთი წარმოებითი ურთიერთობანი ძირითადად შეესაბამებიან საწარმოო ძალთა მდგომარეობას ამ პერიოდში. ქვის იარაღების ნაცვლად ახლა ადამიანებს თავიანთ გან- კარგულებაში ჰქონდათ ლითონის იარაღები, ღატაკური და პრიმიტიული სამონადირეო მეურნეობის ნაცვლად, რომელმაც არც მეჯოგეობა იცოდა და არც მიწათმოქმედება, გაჩნდა მეჯოგეობა, მიწათმოქმედება, ხელოსნობა, წარმოების ამ დარგებს შორის შრომის განაწილება, გაჩნდა ცალკეულ პირებსა და საზოგადოებებს შორის პროდუქტების გაცვლა-გამოცვლის შესაძლებლობა, ადამიანთა მცირე რიცხვის ხელში სიმდიდრის დაგროვების შესაძლებლობა, უმცირესობის ხელში წარმოების საშუალებათა ნამდვილად დაგროვება, უმცირესობის მიერ უმრავლესობის დამორჩილებისა და უმრავლესობის წევრების მონებად გადაქცევის შესაძლებლობა. აქ უკვე აღარ არის საზოგადოების ყველა წევრთა საერთო და თავისუფალი შრომა წარმოების პროცესში, — აქ გაბატონებულია იძულებითი შრომა მონებისა, რომლებსაც ექსპლოატაციას უწევენ არამშრომელი მონათმფლობელნი. ამიტომ არ არსებობს საერთო საკუთრებაც წარმოების საშუალებებზე, ისევე როგორც წარმოების პროდუქტებზე. მას ცვლის კერძო საკუთრება. აქ მონათმფლობელი პირველი და ძირითადი სრულფასიანი მესაკუთრეა.

მდიდრები და ღარიბები, ექსპლოატატორები და ექსპლოატირებულნი, სრულუფლებიანნი და უუფლებონი, სასტიკი კლასობრივი ბრძოლა მათ შორის — ასეთია მონათმფლობელური წყობილების სურათი.

ფეოდალური წყობილების დროს წარმოებით ურთიერთობათა საფუძველს შეადგენს ფეოდალის საკუთრება წარმოების საშუალებებზე და არასრული საკუთრება წარმოების მუშაკზე, — ყმაზე, რომლის მოკვლა ფეოდალს უკვე არ შეუძლია, მაგრამ რომლის გაყიდვა და ყიდვა მას შეუძლია. ფეოდალური საკუთრებასთან ერთად არსებობს პირად შრომაზე დამყარებული გლეხისა და ხელოსნის ერთპიროვნული საკუთრება წარმოების იარაღებზე და თავის კერძო მეურნეობაზე. ასეთი წარმოებითი ურთიერთობანი ძირითადად შეესაბამებიან ამ პერიოდის საწარმოო ძალთა მდგომარეობას. რკინის გამოდნობისა და დამუშავების შემდგომი გაუმჯობესება; რკინის გუთნისა და საფეიქრო დაზგის გავრცელება; მიწათმოქმედების, მებოსტნეობის, მეღვინეობის, ერბო-კარაქის წარმოების შემდგომი განვითარება; სახელოსნოებთან ერთად მანუფაქტურულ საწარმოთა გაჩენა, — ასეთია საწარმოო ძალთა მდგომარეობის დამახასიათებელი ნიშნები.

ახალი საწარმოო ძალები მოითხოვენ, რომ მუშაკს ჰქონდეს რაიმე ინიციატივა წარმოებაში და შრომისადმი მიდრეკილება, შრომით დაინტერესება. ამიტომ ფეოდალი ტოვებს მონას, როგორც შრომით არა დაინტერესებულ და სრულიად უინიციატივო მუშაკს, და ამჯობინებს საქმე იქონიოს ყმასთან, რომელსაც აქვს თავისი მეურნეობა, თავისი წარმოების იარაღები და რომელიც ერთგვარად დაინტერესებულია შრომით, რაც აუცილებლად საჭიროა იმისათვის, რომ მან დაამუშაოს მიწა და ფეოდალს ნატურით აძლიოს გადასახადი თავისი მოსავლიდან.

კერძო საკუთრებას აქ შემდგომი განვითარება ეძლევა. ექსპლოატაცია თითქმის ისეთივე სასტიკია, როგორც მონობის დროს, იგი მხოლოდ რამდენადმე შერბილებულია. კლასობრივი ბრძოლა ექსპლოატატორებსა და ექსპლოატირებულებს შორის შეადგენს ფეო- დალური წყობილების ძირითად ნიშანს.

კაპიტალისტური წყობილების დროს წარმოებით ურთიერთობათა საფუძველს წარმოადგენს წარმოების საშუალებათა კაპიტალისტური საკუთრება, როცა არ არსებობს საკუთრება წარმოების მუშაკებზე, — დაქირავებულ მუშებზე, რომელთა არც მოკვლა, არც გაყიდვა კაპიტალისტს არ შეუძლია, ვინაიდან ისინი თავისუფალი არიან პირადი დამოკიდებულებისაგან, მაგრამ რომლებიც მოკლებული არიან წარმოების საშუალებებს და, შიმშილით რომ არ ამოწყდნენ, იძულებული ხდებიან მიჰყიდონ თავიანთი სამუშაო ძალა კაპიტალისტს და ექსპლოატაციის უღელი ატარონ კისერზე. წარმოების საშუალებათა კაპიტალისტურ საკუთრებასთან ერთად არსებობს და პირველ ხანებში ფართოდ არის გავრცელებული ბატონყმური დამოკიდებულებისაგან განთავისუფლებული გლეხისა და ხელოსნის კერძო საკუთრება წარმოების საშუალებებზე, დამყარებული პირად შრომაზე. სახელოსნოთა და მანუფაქტურულ საწარმოთა ნაცვლად გაჩნდა მანქანებით შეიარაღებული უზარმაზარი ფაბრიკები და ქარხნები. თავადაზნაურულ მამულთა ნაცვლად, რომლებსაც წარმოების პრიმიტიული გლეხური იარაღებით ამუშავებდნენ, გაჩნდა მსხვილი კაპიტალისტური ეკონომიები, რომლებსაც უძღვებიან აგროტექნიკის საფუძველზე და რომლებიც სასოფლო- სამეურნეო მანქანებით არიან აღჭურვილნი.

ახალი საწარმოო ძალები მოითხოვენ, რომ წარმოების მუშაკები უფრო კულტურულნი და მოსაზრებულნი იყვნენ, ვიდრე დაბეჩავებული და გონებაბნელი ყმები, რომ მათ შეეძლოთ მანქანის გაგება და მისი წესიერად ხმარება. ამიტომ კაპიტალისტები ამჯობინებენ საქმე იქონიონ ბატონყმური ბორკილებისაგან თავისუფალ, დაქირავებულ მუშებთან, რომლებიც საკმაოდ კულტურული უნდა იყვნენ იმისათვის, რომ მანქანები წესიერად მოიხმარონ.

მაგრამ, კოლოსალურ ფარგლებამდე რომ განავითარა საწარმოო ძალები, კაპიტალიზმი გაიხლართა მისთვის გადაუჭრელ წინააღმდეგობებში. აწარმოებს რა სულ უფრო და უფრო მეტ საქონელს და ამცირებს საქონლის ფასებს, კაპიტალიზმი ამწვავებს კონკურენციას, აჩანაგებს წვრილ და საშუალო კერძო მესაკუთრეთა მასას. ხდის მათ პროლეტარებად და დაბლა სწევს მათს მყიდველობითს უნარს, რის გამო დამზადებული საქონლის გასაღება შეუძლებელი ზდება. ხოლო აფართოებს რა წარმოებას და უზარმაზარ ფაბრიკებსა და ქარხნებში თავს უყრის მილიონობით მუშებს, კაპიტალიზმი საზოგადოებრივ ხასიათს აძლევს წარმოების პროცესს და ამით ძირს უთხრის თავის საკუთარ ბაზას, რადგან წარმოების პროცესის საზოგადოებრივი ხასიათი მოითხოვს წარმოების საშუალებათა საზოგადოებრივ საკუთრებას, ამავე დროს კი წარმოების საშუალებათა საკუთრება რჩება კერძო-კაპიტალისტური, შეუთავსებელი წარმოების პროცესის საზოგადოებრივ ხასიათთან.

ეს შეურიგებელი წინააღმდეგობანი საწარმოო ძალთა ხასიათსა და წარმოებით ურთიერთობათა შორის თავს იჩენენ ჭარბი წარმოების პერიოდულ კრიზისებში, როცა კაპიტალისტები, მათ მიერვე მოსახლეობის მასის გაჩანაგების გამო, ვერ პოულობენ გადახდისუნარიან მოთხოვნილებას და იძულებული ხდებიან დასწვან პროდუქტები, მოსპონ მზა საქონელი, შეაჩერონ წარმოება, დაანგრიონ საწარმოო ძალები, როცა მილიონობით მოსახლეობა იძულებულია განიცადოს უმუშევრობა და შიმშილი არა იმის გამო, რომ საკმაო საქონელი არ არის, არამედ იმის გამო, რომ მეტისმეტად ბევრი საქონელია წარმოებული.

ეს იმას ნიშნავს, რომ კაპიტალისტური წარმოებითი ურთიერთობანი უკვე აღარ შეესაბამებიან საზოგადოების საწარმოო ძალთა მდგომარეობას და მათთან შეურიგებელ წინააღმდეგობაში ჩავარდნენ.

ეს იმას ნიშნავს, რომ კაპიტალიზმი ფეხმძიმედაა რევოლუციით, რომელიც მოწოდებულია შეცვალოს წარმოების საშუალებათა ახლანდელი კაპიტალისტური საკუთრება სოციალისტური საკუთრებით.

ეს იმას ნიშნავს, რომ უაღრესად მწვავე კლასობრივი ბრძოლა ექსპლოატატორებსა და ექსპლოატირებულებს შორის შეადგენს კაპიტალისტური წყობილების ძირითად ნიშანს.

სოციალისტური წყობილების დროს, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ სსრ კავშირშია განხორციელებული, წარმოებით ურთიერთობათა საფუძველს წარმოადგენს წარმოების საშუალებათა საზოგადოებრივი საკუთრება. აქ უკვე აღარ არიან არც ექსპლოატატორები, არც ექსპლოატირებულნი. წარმოებული პროდუქტები ნაწილდება შრომის მიხედვით თანახმად პრინციპისა: «ვინც არ მუშაობს, ის არცა ჭამს». ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებანი წარმოების პროცესში აქ ხასიათდება, როგორც ექსპლოატაციისაგან თავისუფალი მუშაკების ამხანაგური თანამშრომლობისა და სოციალისტური ურთიერთდახმარების ურთიერთობანი. აქ წარმოებითი ურთიერთობანი სავსებით შეესაბამებიან საწარმოო ძალთა მდგომარეობას, ვინაიდან წარმოების პროცესის საზოგადოებრივი ხასიათი გამაგრებულია წარმოების საშუალებათა საზოგადოებრივი საკუთრებით.

ამიტომ სსრ კავშირში არსებული სოციალისტური წარმოებისათვის უცნობია ჭარბი წარმოების პერიოდული კრიზისები და მათთან დაკავშირებული უაზრობანი.

ამიტომ საწარმოო ძალები აქ დაჩქარებული ტემპით ვითარდებიან, რადგან მათი შესაბამისი წარმოებითი ურთიერთობანი მათ სრულ გასაქანს აძლევენ ასეთი განვითარებისათვის.

ასეთია ადამიანების წარმოებით ურთიერთობათა განვითარების სურათი კაცობრიობის ისტორიის მანძილზე.

ასეთია წარმოებით ურთიერთობათა განვითარების დამოკიდებულება საზოგადოების საწარმოო ძალების განვითარებისაგან, უწინარეს ყოვლისა — წარმოების იარაღთა განვითარებისაგან, დამოკიდებულება, რომლის ძალითაც საწარმოო ძალთა ცვლილებანი და განვითარება ადრე თუ გვიან იწვევს წარმოებით ურთიერთობათა სათანადო ცვლილებებსა და განვითარებას.

«შრომის საშუალებათა გამოყენება და შექმნა, — ამბობს მარქსი, — თუმცა ჩანასახი ფორმით ისინი ზოგი გვარის ცხოველებსაც მოეპოვებათ, ადამიანთა შრომის პროცესის სპეციფიკურად დამახასიათებელ მხარეს შეადგენენ, ამიტომაც ფრანკლინი ადამიანს განსაზღვრავს, როგორც იარაღების მკეთებელ ცხოველს, რა მნიშვნელობაც ძვლების ნაშთების აგებულებას აქვს გამქრალ ცხოველების გვართა შესასწავლად, ასეთივე მნიშვნელობა აქვს შრომის საშუალებათა ნაშთებს გამქრალ საზოგადოებრივ-ეკონომიური ფორმაციათა შესასწავლად («შრომის საშუალებებად» მარქსი უმთავრესად გულისხმობს წარმოების იარაღებს. — ი. სტ.). ეკონომიური ეპოქები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან არა იმით, თუ რა იწარმოება, არამედ იმით, თუ როგორ იწარმოება... შრომის საშუალებები არა მარტო საზომია ადამიანის სამუშაო ძალის განვითარებისა, არამედ მაჩვენებელიცაა იმ საზოგადოებრივი ურთიერთობებისა, რომლებშიც შრომა წარმოებს» (კ. მარქსი, «კაპიტალი», ტ. I, გვ. 121, 1935 წ. გამოცემა).
და შემდეგ:

— «საზოგადოებრივი ურთიერთობანი მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი საწარმოო ძალებთან. იძენენ რა ახალ საწარმოო ძალებს, ადამიანები ცვლიან თავიანთ წესს წარმოებისას, ხოლო წარმოების წესის, თავიანთი ცხოვრების უზრუნველყოფის წესის შეცვლასთან ერთად, — ისინი ცვლიან მთელ თავიანთ საზოგადოებრივ ურთიერთობებს. ხელწისქვილი იძლევა საზოგადოებას, რომელსაც სათავეში უდგას სიუზერენი (ფეოდალი. – ი. სტ.), ორთქლის წისქვილი საზოგადოებას, რომელსაც სათავეში უდგას მრეწველი კაპიტალისტი» (კ. მარქსი და ფ. ენგელსი, ტ. V, გვ. 364). 

— «განუწყვეტლივ ხდება საწარმოო ძალთა ზრდის მოძრაობა, საზოგადოებრივ ურთიერთობათა დანგრევა, იდეების წარმოშობა, უძრავია მხოლოდ მოძრაობის აბსტრაქცია» (იქვე, გვ. 364).

ახასიათებს რა ისტორიულ მატერიალიზმს, ჩამოყალიბებულს «კომუნისტური პარტიის მანიფესტში», ენგელსი ამბობს:

«ყოველი ისტორიული ეპოქის ეკონომიური წარმოება და მისგან გარდუვალად გამომდინარე აგებულება საზოგადოებისა შეადგენენ ამ ეპოქის პოლიტიკური და გონებრივი ისტორიის საფუძველს. ამის შესაბამისად, პირველყოფილი სათემო მიწათმფლობელობის დაშლის დროიდან მთელი ისტორია იყო ისტორია კლასობრივი ბრძოლისა, ბრძოლისა ექსპლოატირებულთა და ექსპლოატატორთა, დამონებულ და გაბატონებულ კლასებს შორის საზოგადოებრივი განვითარების სხვადასხვა საფეხურზე... ახლა ამ ბრძოლამ ისეთ საფეხურს მიაღწია, როდესაც ექსპლოატირებული და დაჩაგრული კლასი (პროლეტარიატი) უკვე ვერ შესძლებს განთავისუფლდეს მისი ექსპლოატატორი და მჩაგვრელი კლასისაგან (ბურჟუაზიისაგან), თუ ამავე დროს მთელ საზოგადოებას სამუდამოდ არ გაათავისუფლებს ექსპლოატაციისა, ჩაგვრისა და კლასობრივი ბრძოლისაგან...» (ენგელსის წინასიტყვაობა «მანიფესტის» გერმანული გამოცემისათვის).
დ) წარმოების მესამე თავისებურება ის არის, რომ ახალ საწარმოო ძალთა და მათი შესაბამის წარმოებით ურთიერთობათა წარმოშობა ხდება არა ძველი წყობილებისაგან განცალკევებულად, არა ძველი წყობილების გაქრობის შემდეგ, არამედ ძველი წყობილების წიაღში, ხდება ადამიანთა არა წინასწარგანზრახული, შეგნებული საქმიანობის შედეგად, არამედ სტიქიურად, შეუგნებლად, ადამიანთა ნებისყოფისაგან დამოუკიდებლად. იგი სტიქიურად და ადამიანთა ნებისყოფისაგან დამოუკიდებლად ხდება ორი მიზეზით.

ჯერ-ერთი, იმიტომ, რომ ადამიანები თავისუფალი არ არიან წარმოების ამა თუ იმ წესის არჩევაში, ვინაიდან თვითეული ახალი თაობა, ცხოვრებას რომ იწყებს, უკვე ხვდება მზა საწარმოო ძალებსა და წარმოებითს ურთიერთობებს, როგორც წინანდელ თაობათა მუშაობის შედეგს, რის გამო იგი იძულებულია მიიღოს პირველ ხანებში ყოველივე ის, რასაც მზა სახით პოულობს წარმოების დარგში, და შეეგუოს მას, რათა მიიღოს მატერიალური დოვლათის შექმნის შესაძლებლობა.

მეორეც, იმიტომ, რომ, აუმჯობესებენ რა წარმოების ამა თუ იმ იარაღს, საწარმოო ძალების ამა თუ იმ ელემენტს, ადამიანებს შეგნებული არა აქვთ, არ გაეგებათ და არ უფიქრდებიან იმას, თუ რა საზოგადოებრივი შედეგები უნდა მოჰყვეს ამ გაუმჯობესებებს, არამედ ფიქრობენ მხოლოდ თავიანთ ყოველდღიურ ინტერესებზე, იმაზე, რომ შეიმსუბუქონ შრომა და მიაღწიონ რაიმე უშუალო, შესაგრძნობ სარგებლობას თავისთვის.

როცა პირველყოფილ-თემური საზოგადოების ზოგიერთი წევრი თანდათან და ფათურით გადადიოდა ქვის იარაღებიდან რკინის იარაღებზე, მათ, რა თქმა უნდა, არ იცოდნენ და არ უფიქრდებოდნენ იმას, თუ რა საზოგადოებრივი შედეგები მოჰყვებოდა ამ სიახლეს, მათ არ ესმოდათ და შეგნებული არ ჰქონდათ ის, რომ ლითონის იარაღებზე გადასვლა მოასწავებდა გადატრიალებას წარმოებაში, რომ ამას ბოლოს და ბოლოს მოჰყვებოდა მონათმფლობელური წყობილება, — მათ მხოლოდ სურდათ შეემსუბუქებინათ თავიანთი შრომა და მიეღწიათ უახლოესი, შესაგრძნობი სარგებლობისათვის, — მათი შეგნებული საქმიანობა ამ ყოველდღიური პირადი სარგებლობის ვიწრო ჩარჩოებით იფარგლებოდა.

როცა ფეოდალური წყობილების პერიოდში ევროპის ახალგაზრდა ბურჟუაზიამ წვრილი საამქრო სახელოსნოთა გვერდით იწყო მსხვილ მანუფაქტურულ საწარმოთა შენება და, ამრიგად, წინ სწევდა საზოგადოების საწარმოო ძალებს, მან, რა თქმა უნდა, არ იცოდა და არ უფიქრდებოდა იმას, თუ რა საზოგადოებრივი შედეგები მოჰყვებოდა ამ სიახლეს, მას შეგნებული არ ჰქონდა და არ ესმოდა, რომ ამ «პატარა» სიახლეს მოჰყვებოდა საზოგადოებრივი ძალების ისეთი გადაჯგუფება, რომელიც უნდა დამთავრებულიყო რევოლუციით მეფის ხელისუფლების წინააღმდეგაც, რომლის წყალობას იგი ასე დიდად აფასებდა, და თავად-აზნაურთა წინააღმდეგაც, რომელთა რიგებში მოხვედრაზე ხშირად ოცნებობდნენ მისი საუკეთესო წარ- მომადგენლები, — მას მხოლოდ უნდოდა გაეიაფებინა საქონლის წარმოება, რაც შეიძლება მეტი საქონელი გამოეშვა აზიისა და ახლად აღმოჩენილი ამერიკის ბაზრებზე და მიეღო რაც შეიძლება მეტი მოგება, — მისი შეგნებული საქმიანობა ამ ყოველდღიური პრაქტიკის ვიწრო ჩარჩოებით იფარგლებოდა.

როცა რუსი კაპიტალისტები უცხოელ კაპიტალისტებთან ერთად გაძლიერებით ნერგავდნენ რუსეთში თანამედროვე მსხვილ მანქანიზებულ მრეწველობას, ხოლო ცარიზმს ხელუხლებლად ტოვებდნენ და გლეხებს საჯიჯგნად ხელში უგდებდნენ მემამულეებს, მათ, რა თქმა უნდა, არ იცოდნენ და არ უფიქრდებოდნენ იმას, თუ რა საზოგადოებრივი შედეგები მოჰყვებოდა საწარმოო ძალთა ამ სერიოზულ ზრდას, მათ შეგნებული არ ჰქონდათ და არ ესმოდათ, რომ ამ სერიოზულ ნახტომს საზოგადოების საწარმოო ძალთა დარგში საზო- გადოებრივი ძალების ისეთი გადაჯგუფება მოჰყვებოდა, რომელიც პროლეტარიატს შესაძლებლობას მისცემდა შემოეერთებინა გლეხობა და მოეხდინა ძლევამოსილი სოციალისტური რევოლუცია, მათ მხოლოდ უნდოდათ უკიდურესობამდე გაეფართოებინათ სა- მრეწველო წარმოება, დაუფლებოდნენ კოლოსალურ საშინაო ბაზარს, გამხდარიყვნენ მონოპოლისტები და რაც შეიძლება მეტი მოგება ამოეწურათ სახალხო მეურნეობიდან, — მათი შეგნებული საქმიანობა მათს ყოველდღიური ვიწრო-პრაქტიკულ ინტერესებს არ სცილდებოდა.

ამის შესაბამისად მარქსი ამბობს:

«თავიანთი ცხოვრების საზოგადოებრივი წარმოებისას (ესე იგი ადამიანთა ცხოვრებისათვის აუცილებელი მატერიალური დოვლათის წარმოებისას. — ი. სტ.) ადამიანები შედიან განსაზღვრულ, აუცილებელ, მათი ნებისყოფისაგან დამოუკიდებელ (ხაზგასმა ჩემია. — ი. სტ.) ურთიერთობებში — წარმოებითს ურთიერთობებში, რომელნიც მათი მატერიალური საწარმოო ძალების განვითარების განსაზღვრულ საფეხურს შეესაბამებიან» (კ. მარქსი, რჩეული ნაწერები, ტ. I, გვ. 269).
მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ წარმოებით ურთიერთობათა ცვლილებანი და ძველი წარმოებითი ურთიერთობებიდან ახლებზე გადასვლა მიმდინარეობდეს უმტკივნეულოდ, უკონფლიქტებოდ, შერყევათა გამოუწვევლად. პირიქით, ასეთი გადასვლა ჩვეულებრივ ხდება ძველ წარმოებით ურთიერთობათა რევოლუციური დამხობისა და ახალ წარმოებით ურთიერთობათა დამკვიდრების გზით. გარკვეულ პერიოდამდე საწარმოო ძალთა განვითარება და ცვლილებანი წარმოებით ურთიერთობათა დარგში მიმდინარეობენ სტიქიურად, ადამიანთა ნებისყოფისაგან დამოუკიდებლად. მაგრამ ეს მხოლოდ გარკვეულ მომენტამდე, იმ მომენტამდე, სანამ აღმოცენებული და განვითარების პროცესში მყოფი საწარმოო ძალები მოასწრებდნენ ჯეროვნად მომწიფებას. მას შემდეგ კი, რაც ახალი საწარმოო ძალები მომწიფდნენ, არსებული წარმოებითი ურთიერთობანი და მათი მატარებელნი — გაბატონებული კლასები, იქცევიან იმ «გადაულახავ» ზღუდედ, რომლის მოხსნაც გზიდან შეიძლება მხოლოდ ახალი კლასების შეგნებული საქმიანობის გზით, ამ კლასების ძალდატანებითი მოქმედების გზით, რევოლუციის გზით. აქ განსაკუთრებით ნათლად აშკარავდება უდიდესი როლი ახალი საზოგადოებრივი იდეებისა, ახალი პოლიტიკური დაწესებულებებისა, ახალი პოლიტიკური ხელისუფლებისა, რომელნიც მოწოდებული არიან ძალდატანებით გააუქმონ ძველი წარმოებითი ურთიერთობანი. ახალ საწარმოო ძალებსა და ძველ წარმოებითს ურთიერთობებს შორის კონფლიქტის საფუძველზე, საზოგადოების ახალ ეკონომიურ მოთხოვნილებათა საფუძველზე ჩნდებიან ახალი საზოგადოებრივი იდეები, ახალი იდეები ახდენენ მასების ორგანიზაციას და მობილიზაციას, მასები ირაზმებიან ახალ პოლიტიკურ არშიად, ქმნიან ახალ რევოლუციურ ხელისუფლებას და იყენებენ მას იმისათვის, რომ ძალდატანებით გააუქმონ ძველი წესები წარმოებით ურთიერთობათა დარგში და დაამკვიდრონ ახალი წესები. განვითარების სტიქიური პროცესი ადგილს უთმობს ადამიანთა შეგნებულ საქმიანობას, მშვიდობიანი განვითარება — ძალდატანებითს გადატრიალებას, ევოლუცია — რევოლუციას.

«პროლეტარიატი, — ამბობს მარქსი, — ბურჟუაზიის წინააღმდეგ ბრძოლაში აუცილებლად ერთიანდება კლასად... რევოლუციის გზით ის გადააქცევს თავის თავს გაბატონებულ კლასად და როგორც გაბატონებული კლასი ძალდატანებით აუქმებს ძველ წარმოებითს ურთიერთობებს» («კომუნისტური პარტიის მანიფესტი», 1938 წ. გამოცემა, გვ. 52).

და შემდეგ:

— «პროლეტარიატი თავის პოლიტიკურ ბატონობას იმისათვის გამოიყენებს, რომ თანდათან გამოჰგლიჯოს ბურჟუაზიას მთელი კაპიტალი, თავი მოუყაროს წარმოების ყველა იარაღს სახელმწიფოს, ე. ი. გაბატონებულ კლასად ორგანიზებული პროლეტარიატის ხელში, და რაც შეიძლება სწრაფად გაამრავლოს საწარმოო ძალების ჯამი» (იქვე, გვ. 50).

— «ძალდატანება წარმოადგენს ყოველი ძველი საზოგადოების ბებია-ქალს, როცა ეს საზოგადოება ფეხმძიმედაა ახალით» (მარქსი, «კაპიტალი», ტ. I, გვ. 603, 1935 წ.).

 აი ისტორიული მატერიალიზმის დედაარსის გენიალური ფორმულირება, მოცემული მარქსის მიერ 1859 წელს ისტორიულ «წინასიტყვაობაში» თავისი განთქმული წიგნისა — «პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის»:


«თავიანთი ცხოვრების საზოგადოებრივი წარმოებისას ადამიანები შედიან განსაზღვრულ, აუცილებელ, მათი ნებისყოფისაგან დამოუკიდებელ ურთიერთობებში — წარმოებითს ურთიერთობებში, რომელნიც მათი მატერიალური საწარმოო ძალების განვითარების განსაზღვრულ საფეხურს შეესაბამებიან. ამ წარმოებით ურთიერთობათა ერთობლიობა შეადგენს საზოგადოების ეკონომიურ სტრუქტურას. რეალურ ბაზისს, რომელზედაც იურიდიული და პოლიტიკური ზედნაშენი აღიმართება და რომელსაც საზოგადოებრივი ცნობიერების განსაზღვრული ფორმები შეესაბამება. მატერიალური ცხოვრების წარმოების წესი განაპირობებს საერთოდ ცხოვრების სოციალურ, პოლიტიკურ და სულიერ პროცესებს. ადამიანთა ცნობიერება კი არ განსაზღვრავს მათს ყოფიერებას, არამედ, პირიქით, მათი საზოგადოებრივი ყოფიერება განსაზღვრავს მათს ცნობიერებას. თავიანთი განვითარების გარკვეულ საფეხურზე საზოგადოების მატერიალური საწარმოო ძალები ექცევიან წინააღმდეგობაში არსებულ წარმოებით ურთიერთობებთან, ან რაც ამის მხოლოდ იურიდიულ გამოსახულებას წარმოადგენს — საკუთრების ურთიერთობებთან, რომელთა შიგნითაც ისინი აქამდე ვითარდებოდნენ. საწარმოო ძალთა განვითარების ფორმებიდან ეს ურთიერთობანი მათ ბორკილებად იქცევიან. მაშინ დგება სოციალური რევოლუციის ეპოქა. ეკონომიური საფუძვლის შეცვლასთან ერთად მეტი თუ ნაკლები სისწრაფით ხდება გადატრიალება მთელ უზარმაზარ ზედნაშენში. ამგვარ გადატრიალებათა განხილვისას აუცილებლად საჭიროა ყოველთვის განვასხვაოთ წარმოების ეკონომიური პირობების მატერიალური გადატრიალება, რომლის გარკვევა ბუნებისმეტყველურ-მეცნიერული სიზუსტით არის შესაძლებელი, — იურიდიული, პოლიტიკური, რელიგიური, მხატვრული ან ფილოსოფიური, მოკლედ: იდეოლოგიური ფორმებისაგან, რომლებითაც ადამიანები ამ კონფლიქტს შეიცნობენ და ებრძვიან მას. როგორც არ შეიძლება ცალკეული ადამიანის შესახებ ვიმსჯელოთ იმის მიხედვით, თუ რას ფიქრობს თვითონ იგი თავის თავზე, ისევე არ შეიძლება ვიმსჯელოთ ამგვარი გადატრიალების ეპოქის შესახებ მისი ცნობიერების მიხედვით. პირიქით, ეს ცნობიერება უნდა ავხსნათ მატერიალური ცხოვრების წინააღმდეგობებით, საზოგადოებრივ საწარმოო ძალებსა და წარმოებით ურთიერთობებს შორის არსებული კონფლიქტით. არც ერთი საზოგადოებრივი ფორმაცია არ იღუპება მანამდე, სანამ არ განვითარებულა ყველა საწარმოო ძალა, რომელთათვის იგი საკმაო გასაქანს იძლევა, და ახალი, უმაღლესი წარმოებითი ურთიერთობანი არასოდეს არ ჩნდებიან მანამდე, სანამ მათი არსებობის მატერიალური პირობები თვით ძველი საზოგადოების წიაღში არ მომწიფებულან. ამიტომ კაცობრიობა ყოველთვის მხოლოდ ისეთ ამოცანებს ისახავს, რომელთა გადაჭრაც მას შეუძლია, რადგან უახლოესი განხილვისას ყოველთვის აღმოჩნდება ხოლმე, რომ თვით ამოცანა მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა მისი გადაჭრის მატერიალური პირობები უკვე არსებობენ ან, ყოველ შემთხვევაში, დადგინების პროცესში იმყოფებიან» (კ. მარქსი, რჩეული ნაწერები, ტ. I, გვ. 269-270).

ასეთია საქმის ვითარება მარქსისტული მატერიალიზმის გარშემო, თუ მას ავიღებთ საზოგადოებრივი ცხოვრებისადმი გამოყენების მხრივ, საზოგადოების ისტორიისადმი გამოყენების მხრივ.

ასეთია დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმის ძირითადი ნიშნები.