ფოტო: Diego Delso, CC BY-SA 4.0 |
ავტორი: ბესო გვენეტაძე
„რა გვინდა იმ ორგანიზაციაში, რომელიც დღეს ასე გვექცევა და ხვალ, ასევე, საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე, თუნდაც წევრები ვიყოთ, გვეტყვიან, რომ ეგრე კი რა, ასე უნდა ქნათ, როგორც უნგრეთისა და პოლონეთის შემთხვევები გვაქვს.[...] ეს არის ორგანიზაცია, რომელიც სუვერენულ გადაწყვეტილებებს, როგორც წესი, გამორიცხავს ქვეყნებიდან, ან სერიოზულად აფერხებს ამ ქვეყნებიდან რაღაც პროცესებს. მაგალითად, უნგრეთს როგორ შეაცვლევინეს ის კანონი, რომელზეც ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ, ხომ? არ მისცეს ფული, რომელსაც ის ელოდებოდა და დამთავრდა მაგით საკითხი და მოუწიათ შეცვლა.ანუ, სად მივდივართ? ეს მითხარით მაშინ.“
ამ სრულიად ლოგიკურ კითხვას მომდევნო დღეს ოპერატიულად
მოჰყვა დასავლეთიდან დაფინანსებული netgazeti.ge-ს
ისტერიული სტატია, სადაც საქართველოს სტრატეგიული
ანალიზის ცენტრის (GSAC) თანადამფუძნებელმა, ვინმე რუხაძემ გვიმრაძე „არაკონსტიტუციური“ გზავნილების გაკეთებაში დაადანაშაულა. დასავლური კურსის სიწმინდის სადარაჯოზე
დადგა ზურაბ გირჩი ჯაფარიძეც.
საქმის კულმინაცია იყო პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრის, ლიკა ბასილაია-შავგულიძის განცხადება, რომელმაც წლების შემდეგ საპატიო ადგილი უნდა დაიკავოს საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოებში. მან საკუთარი და კიდევ ორი მეურვის - ლაშა ტუღუშისა და ზაზა აბაშიძის - სახელით კითხვის დასმის გამო ჟურნალისტის გათავისუფლება მოითხოვა:
„ჩვენმა გენერალურმა დირექტორმა წარმოადგინოს თავისი შეხედულება, დამოკიდებულება, ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელის, გიორგი გვიმრაძის შესახებ მოხსენებითი ბარათი. ბოლო რამდენიმე გადაცემაში გიორგი გვიმრაძე მუდმივად ეჭვქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს, სვამს გაურკვეველ შეკითხვებს, შემიძლია, ციტირებაც მოვიტანო, თუ საჭირო იქნება წერილობითაც. ამას ბევრი ადამიანი ეხმიანება და ბევრი შეკითხვა გაუჩინა მოსახლეობის ფართო ფენებს. 85 პროცენტი ამ ქვეყნის მოსახლეობის ვართ ევროინტეგრაციის კურსის მომხრე და ამიტომ მაინტერესებს. მინდა, ქალბატონმა თინათინმა მოამზადოს მოხსენებითი ბარათი, მოიკვლიოს ეს საკითხი, გაარკვიოს, რა არის ამ ადამიანის საგარეო ორიენტირი, რა არის მისი მრწამსი, რა არის მისი მისწრაფება. აქედან გამომდინარე, მიიღოს საკადრო გადაწყვეტილება აღნიშნულ პიროვნებასთან დაკავშირებით.“
ჩვენთვის გიორგი გვიმრაძის შეხედულებები უცნობია, ისევე, როგორც თავად გიორგი გვიმრაძე, მაგრამ აქ მთავარი ისაა, რომ მიმდინარე სახელმწიფო გადატრიალებისას ლიბერალიზმის ნამდვილი
სახე ცხადად გამოჩნდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ლიბერალური დემოკრატიის მიმდევრებში არც „ლიბერალობისა“
და არც „დემოკრატობის“ ნიშანწყალი არ აღმოჩნდა. სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები,
დამოუკიდებელი მედია და სხვა ღვთაებები მხოლოდ მაშინაა სათაყვანებელი, თუკი ისინი იმპერიალიზმის
სამსახურში დგანან.
დღეს მანქანა ითხოვს ყველას დასჯას, ვინც
დასავლეთისკენ მის სვლას აფერხებს.
- სტუდენტები თსუ-ს ლექტორს სირცხვილის კორიდორს უწყობენ და რუსეთის მონას ეძახიან;
- ევროკავშირის დროშის დაწვით გააფთრებული „TV პირველის“ ჟურნალისტი, ნატო გოგელია ოზურგეთელ კაცს პროვოკაციას უწყობს, რის შედეგადაც 5 შვილის მამას, ონკოლოგიურ პაციენტ მამუკა ანდღულაძეს ციხეში სვამენ;
- კახა ბენდუქიძის გამოზრდილი დათო გორგილაძე პატრონის იდეების ერთგულია:
„ქართული ოცნების“ მიდგომით, ასეთი ქცევები
ლიბერალიზმიდან გადახრაა, თავად ეს ადამიანები კი „ფსევდოლიბერალები“ არიან. სინამდვილეში,
მსგავსი შემთხვევები ლიბერალიზმის არა მცდარი ინტერპრეტაცია, არამედ მისი გარდაუვალი
აუცილებლობაა.
მამუკა ანდღულაძის დაკავების მიმართ ქართული
საზოგადოება განსაკუთრებით მგრძნობიარე აღმოჩნდა. უსამართლობის განცდას ამძაფრებს ჩვენს მეხსიერებაში არსებული კადრები, რომლებშიც აქციის მონაწილეები პოლიციელების
ცოცხლად დაწვას ცდილობენ. დამნაშავეები დღესაც თავისუფლები არიან, მამუკა ანდღულაძე
კი ევროკავშირის დროშის დაწვისთვის მოწყობილი პროვოკაციის გამო ციხეში ზის.
ბრალდებულის დაკავების კადრებში
ერთი საინტერესო დეტალია: მას არა საპატრულო პოლიცია, არამედ „სპეციალური საგამოძიებო
სამსახურის“ წარმომადგენლები მიაცილებენ. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა სტრუქტურასთან
გვაქვს საქმე.
2014 წელს ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას. სახელდება „ასოცირების შესახებ შეთანხმება“ მარკეტინგული ხრიკია, რომელიც მონას ბატონთან დაახლოების ილუზიას უქმნის. სინამდვილეში, დოკუმენტის მსუყე ნაწილს შეადგენს დებულებები „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის“ (DCFTA) შესახებ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ხელშეკრულება ევროპული ნაწარმისა და კაპიტალისთვის ქართული ბაზრის მეტად გახსნას ნიშნავს. თავის მხრივ, ჩვენთვის ევროკავშირის ბაზარიც იხსნება ნაწილობრივ (ისიც, უამრავი შეზღუდვით), თუმცა, საბოლოოდ, უკვე განვითარებულ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობა ქართული ინდუსტრიისა და საწარმოო ძალების განვითარებას აფერხებს. აღნიშნულის კარგი მაგალითია „აგარის შაქრის“ შემთხვევა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ასოცირების შესახებ შეთანხმების პირმშოა. ის დასავლეთის დირექტივებითა და თანადაფინანსებით შეიქმნა და მათთვის პრიორიტეტულ თემებზე მუშაობს. სამსახურის ვებგვერდზე ვკითხულობთ:
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების 2017-2020 წლების დღის წესრიგის“ თანახმად, ქვეყანამ აიღო ვალდებულება, საერთაშორისო ვალდებულებების სათანადოდ შესრულების გზით, არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის მიზნით ეფექტიანი რეფორმები განახორციელოს. სწორედ აღნიშნულის საფუძველზე შეიქმნა სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახური 2019 წლის 1 ნოემბერს, ხოლო 2022 წლის 1 მარტს კი დამოუკიდებელი ორგანო - სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამოქმედდა.“
***
დასავლური ფული ფიგურირებს გვიმრაძის შემთხვევაშიც. ვნახოთ, ვინ არიან პირველი არხის ის მეურვეები, რომლებიც კითხვის დასმის გამო ჟურნალისტის გათავისუფლებას ითხოვენ:
ლიკა ბასილაია-შავგულიძე წლების განმავლობაში მოღვაწეობდა არასამთავრობო სექტორში, სადაც მის ფუნქციათა გრძელ ჩამონათვალში „ანტიდასავლური პროპაგანდის განეიტრალება“ შედიოდა. 2014-2018 წლებში იგი ვებპორტალ eugeorgia.info-ს მთავარი რედაქტორიც გახლდათ. ეს ვებგვერდი დღეს სოროსის ფონდის, ევროკავშირისა და ბრიტანეთის საელჩოს დაფინანსებით არსებობს. პირველი არხის ამჟამინდელი მეურვე ორი წლის განმავლობაში უცხო ქვეყნის, „ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ექსკლუზიურად და კონცენტრირებულად DCFTA-ს ხელშეწყობაზე“ მუშაობდა.
ლაშა ტუღუში ავტორია 2016 წელს ევროკავშირის
დაფინანსებით მომზადებული კვლევისა,
რომელშიც საქართველოში უცხოეთის გავლენების აგენტის რეესტრის შექმნაზეა საუბარი. პარადოქსულად,
მისი ავტორი ბოლოდროინდელ საპარლამენტო განხილვებში კანონის მოწინააღმდეგეთა რიგებში
იყო.
ზაზა აბაშიძე ახალი თაობის „ენჯეოშნიკია“, რომლის სამუშაო გამოცდილება ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციებს ან უცხოურ მედიებს მოიცავს.
უნდა ითქვას, რომ ტელევიზია სამეურვეო საბჭოს
წევრების განცხადებას მალევე გამოეხმაურა და ჟურნალისტის მხარე დაიჭირა.
თუმცა, განსხვავებული აზრის მქონე ჟურნალისტების, ლექტორებისა თუ პატრიოტების დევნა
არც ახლა დაწყებულა და აწი მხოლოდ გაძლიერდება. „ლურჯი ტერორის“ სამიზნეა ყველა, ვისთვისაც
ეროვნული სუვერენიტეტი მნიშვნელოვანია.
მაგრამ არ არსებობს მოვლენა უკურეაქციის გარეშე.
რეპრესიების პარალელურად ქართული საზოგადოება იზრდება, შიშვლდება ნეოკოლონიალისტური
დომინაციის საშუალებები, ხაზი ივლება ყალბსა და ნამდვილს შორის. ეს იმედის მომცემია.
მიმდინარე პროცესებიდან სწორი დასკვნების გამოტანა სამომავლო გარდაქმნების წინაპირობაა.
თავისუფლება მამუკა ანდღულაძეს. სოლიდარობა დასავლური რეპრესიების ყველა მსხვერპლს.
20.03.2023