"რუსული კანონი" და ქართული პოლიტიკის ანატომია


ავტორი: ირაკლი ბიტიაშვილი

კანონი დადის საქართველოში, „რუსული კანონი“. მის წინააღმდეგ ყველა საღმრთო კავშირში გაერთიანდა: ოპოზიცია და „ენჯეო“, პროფესორები და ხელოვანები, მემარცხენე ორგანიზაციები და ლიბერტარიანელები; მოკლედ, მთელი სამოქალაქო საზოგადოება. ალბათ, ყველაზე კარგად ენგელსისა და მარქსის კომუნისტური პარტიის მანიფესტში არსებული ეს პათოსი აღწერს იმ ორგანიზებას, რაც ამ დღეების განმავლობაში ვიხილეთ; თუმცა, არც ეს კანონია მოსიარულე კომუნიზმის აჩრდილი და არც ამ კანონის წინააღმდეგ გაერთიანებული ჯგუფი იბრძვის კომუნისტური მომავლის წინააღმდეგ.

საკითხი ასე მძაფრად არ იდგა, თითქოს, ამხელა აჟიოტაჟი რომ ატეხილიყო, მაგრამ რამდენიმე საათში ეს კანონი გასაღდა ევროპული მომავლის დაკარგვად და პირდაპირ სწრაფვად რუსეთის ფედერაციისკენ - ეს მოცემულობა კი ბევრად საშიში აქტუალობით დგას თანამედროვე ქართველის წინაშე. ორგანიზების აუცილებლობა მოითხოვდა არგუმენტაციის არსებობას, თუ რატომ უშლიდა ხელს ეს კანონი იმ ყბადაღებულ ევროპულ მომავალს, რომლისკენაც რამდენიმე ათწლეულია ქართული სახელმწიფოებრიობა მიისწრაფვის. არგუმენტი ის იყო, რომ კანონი ზედმიწევნით მისდევდა რუსულ ორიგინალს, კონტრარგუმენტის მიხედვით კი, ის ამერიკული კანონის შერბილებულ ანალოგს წარმოადგენდა. შინაარსობრივი კრიტიკაც ამ ორი პოლუსის გარშემო ლაგდებოდა და არანაირად არ ინტერესდებოდა, თუ რას უქადდა ქართულ სახელმწიფოს კანონმდებლობის ცვლილება, რა მიზანს ისახავდა იგი და რა სახის დამოუკიდებლობასა და სუვერენულობის პერსპექტივასთან გვქონდა საქმე. აქციების ორგანიზებაც და მიმდინარეობაც ამ საკითხის ზედაპირულ ჩარჩოს არ გასცილებია. „არ მინდა რუსეთი, მინდა ევროპა“, - გეტყოდათ მავანი, თუ თქვენ აქციაზე მდგომ ნებისმიერ ადამიანს შეეკითხებოდით, თუ რით სულდგმულობდა მისი იარაღშემართული ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ.

ცხადია, ყველა თანხმდება, რომ ხელისუფლების ნაბიჯი, მიეღო უცხოური აგენტების კანონი, თავისუფალი პოლიტიკური ნების გამომჟღავნებად არ უნდა მიგვაჩნდეს. თუმცა, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა - და, განსაკუთრებით კი, რუსეთ-უკრაინის ომზე საქართველოს ხელისუფლების პოზიციამ - მათ აიძულა, აერჩიათ ანტიიმპერიალისტური პოზა. საქართველოს ხელისუფლება ამ დაძაბულ თამაშში მთელი თავით გადაეშვა და ოფიციალური დასავლეთის მოწოდება, მიმდინარე ომზე საქართველოს მკაფიო პოზიცია დაეჭირა (ეს კი ყველამ ვიცით, რასაც ნიშნავს) - არ გაითვალისწინა. ასეთი რამ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში თითქმის არ მომხდარა, რომ ევროპისა და აშშ-ის პირველ თუ არა, მეორე შეძახილზე ხელისუფლებას წარბიც არ შეეტოკებინოს. ბევრი იტყვის, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებები იმ პოპულისტური პროპაგანდის ნაწილია, რომ, თითქოს, მათ გარდა ყველა სხვას ომი უნდოდეს და მხოლოდ ისინი არიან მშვიდობისმყოფელები. ასეც რომ იყოს, მათი პოზიციები რუსეთ-უკრაინის ომზე ობიექტურად სწორია და მათი გადარჩენის ერთადერთი გზა (განსაკუთრებით, ნეიტრალური პოზიციების გამო) ზუსტად დასავლეთის აბოლუტიზაციის ეჭქვეშ დაყენებაზე გადის. ეს კი სულაც არ ნიშნავს, რომ ქართული ოცნება რუსული პროექტია და ომზე მათი პოზიციაც აღნიშნულით აიხსნება. საბოლოო ჯამში, საქართველოს ფიზიკური გადარჩენის გზა, რომელიც ბოლო პერიოდში ბეწვის ხიდზე გავლას დაემსგავსა, ჩვენმა ხელისუფლებამ სწორად და ფრთხილად განვლო. 

იმ კალაპოტში, რომელშიც მთავრობა აღმოჩნდა, უკან დასახევი გზა თითქმის აღარ არსებობდა. ამიტომაც სცადეს, მიიეღოთ ისეთი კანონი, რომელიც გაახილვადებდა, თუ რა სახის ორგანიზაციები მუშაობენ უშუალოდ დასავლეთის დაფინანსებით და რა მიზნები ამოძრავებთ მათ საქართველოში. მეორე ფლანგზე კი გამოჩნდნენ იმპერიალისტების მიერ პირდაპირ დაფინანსებული ძალები - იმათი დაორგანიზებული და გამოწვრთნილები, ვისაც საქართველოში საკუთარი პოზიციების ამგვარი შერყევა დიდი ხანია, არ ეპიტნავება. მათ ფერადი რევოლუციების შთაგონებით სახელმწიფო გადატრიალება დაგეგმეს და სულ ცოტა დააკლდათ, რომ მეორე „მაიდნით“ არ დასრულებულიყო ყველაფერი.

ზედმეტად კონსპირაციულად რომ არ მოგეჩვენოთ ეს აზრი, ჯერ კიდევ 2020 წლის არჩევნების შემდეგ მომხდარ მოვლენებს გადავხედოთ. ქართულ ოცნებას ედავებოდნენ, რომ მათ არჩევნები გააყალბეს. პარლამენტის წინ კარვებიც გაიშალა. ოპოზიციური ძალები ეყრდნობოდნენ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კაპიტალის მფლობელი ორგანიზაციის, ISFED-ის მონაცემებს, რომელიც არჩევნების შედეგების პარალელურ დათვლას აწარმოებდა. სულ რამდენიმე ხანში გაირკვა, რომ ISFED-ი ცდებოდა, თან ისე, რომ ამის აღიარება საკუთარი პირით მოუწიათ. შემდეგ იყო ამერიკის ელჩის განცხადება, რომ ორგანიზაციის შეცდომები ადამიანური ფაქტორებით იყო გამოწვეული და სულაც არ სურდათ, მონაცემები გაეყალბებინათ. საბოლოოდ, ჩასწორებული დათვლის შედეგები ცესკოს მონაცემებს ცდომილების ფარგლებში დაემთხვა. თუმცა, იქამდე ამ „შეცდომამ“ (რომელსაც ორგანიზაცია გარკვეული დროის განმავლობაში არ ასაჯაროებდა) ის გამოიწვია, რომ პოლიტიკურმა დესტაბილიზაციამ მთელი ქვეყანა მოიცვა.

მოგვიანებით იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით გამართული აქციები ხელისუფლების „ტექნიკური მთავრობით“ ჩანაცვლების მოთხოვნით. მარტის აქციებიც ზემოხსენებულის გაგრძელებად შეგვიძლია აღვიქვათ. ორგანიზატორებს სურდათ, რომ ხელისუფლება ფაშისტური ენჯეო-დიქტატურით ჩაენაცვლებინათ, უამრავი ადამიანი კი თავიანთი მიზნების განსახორციელებლად გამოიყენეს, იმის მეოხებით, რომ, თითქოს, ამ კანონის მიღება რუსეთის გუბერნიად გადაგვაქცევდა.

სუსტი აღმოჩნდა ხელისუფლების თავდაცვითი სტრატეგიაც. თითქოს, მცირე ლოგიკური გათვლაც კი საკმარისი იქნებოდა, თუ როგორი კონტრპროდუქტიული შეიძლება ყოფილიყო შეტევა ისეთი სახალხო მოძრაობის იდეაზე, რასაც რიონის ხეობის მცველები წარმოადგენენ. ამით კი უცხო ქვეყნის აგენტებისა და მათი მხარდამჭერების სიმრავლე - დასაბუთების გარეშე - უფრო გააფართოვეს, დაახლოებით საქართველოს მოსახლეობის სრულ უმრავლესობამდე. ან უფრო უარესი: ყველა ეს ადამიანი გაიყვანეს უმიზნო ბრბოში, რომელსაც საკუთარი აზრი და პოლიტიკური სიმძიმე არ გააჩნია.

აქცია და ზვიადის მარადიული დაბრუნება

აქციის ყველა გამომსვლელის სიტყვათაშეთანხმება და პათოსი, ერთი შეხედვით, გაუგებრობის ველში გადაგვაგდებდა: ვის ელაპარაკება საერთოდ ეს ხალხი? სად არის უმნიშვნელოვანესი სოციალური ენა, რომელიც ახსნიდა იმას, თუ რატომაა მოსახლეობის უმრავლესობა სიდუხჭირის ზღვარზე? სად არის თუნდაც ის ევროპა, რომელიც პროგრესულ საგადასახადო სისტემას, რვასაათიან სამუშაო გრაფიკს და სოციალურ თანასწორობას ნიშნავს? (ცხადია, სულაც არ მოველით კრიტიკას იმპერიალიზმისა, რომლის შედეგადაც აღწევს ევროპა ამ მდგომარეობას). არა და არა, არცერთი გამოსვლელი ლექტორის, მეცნიერისა და ფილოსოფოსის სიტყვაში ერთხელაც არ გაიჟღერებდა ევროპის თუნდაც ეს ნაივური სახე, რომელიც სოციალურ განზომილებას წამოწევდა წინა პლანზე. უმალ პირიქით, ეს იყო გამოუვალი დიქოტომია, ორპოლუსიანი აზროვნების სიმდარე: ერთი მხრივ, რუსეთი, როგორც ყოვლად ჩამორჩენილი და განუვითარებელი პოლიტიკური მდგენელი (კანონის რუსულად შერაცხვაც ამ ნიშნების წინ წამოწევით სულდგუმულობდა და არა მისი შინაარსობრივი კრიტიკით) და, მეორე მხრივ, ევროპა - გეოგრაფიული წარმოდგენა მასზე, მასთან თანაარსებობის, ან მასთან ყოფნის გულუბრყვილო გაგებადობა; ბედნიერებისა და წარმატების მითოლოგიური ხატი.

ევროპის ეს ხატი რომ მოქმედებდეს, უნდა იყოს მუდმივ შორეულ პერსპექტივაში და იმთავითვე ძალიან ახლოსაც, ხელშესახებ მანძილზეც კი. იგი კვლავწარმოებს იმედს, რომ მცირე პოლიტიკური, თუ იურიდიული ცვლილება, რომელსაც ევროპის მამები წამოაყენებენ ქართული სახელმწიფოს წინაშე, შესრულების შემთხვევაში ამ მანძილს გარდაუვლად შეამცირებს, ან სულაც გააქრობს. ათწლეულების განმავლობაში გამოწრთობილი პოლიტიკური დღის წესრიგიც წინსვლის ამ მანიშნებლით სულდგმულობს. აი, ეს ცვლილებაც და ჩვენ ევროკავშირში ჩვენს კუთვნილ ადგილს მივიღებთ, აი, ეს პატარა ცვლილება... ამიტომაც, თუ პროევროპულ პარტიებს გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ ევროპის მითოლოგიური წარმოდგენის გარდა მათში ევროპული თითქმის არაფერი არ არის.

აქციებზე გამომსვლელთა სიტყვა წარმოადგენდა ამ ევროპული მითოლოგიური ხატისა და ამ წარმოდგენაშივე პარადოქსულად დაფუძნებული ნაციონალიზმის ჯამს, გამომხატველობითი ენა კი ზვიად გამსახურდიასა და ზურაბ ჟვანიას ერთგვარი ჰიბრიდის სახით მოგვეცემოდა. ისინი იყვნენ პროევროპელი ზვიადები და, ამავდროულად, მითოელოგიურ ნაციონალიზმში ჩაკეტილი ჟვანიები. „გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს“ და „მე ვარ ქართველი და, მაშესადამე, მე ვარ ევროპელი“. ერთი შეხედვით ერთმანეთთან სრულიად შეუსაბამო სიტყვათშეთანხმებები ლოგიკურ წინააღმდეგობას ადვილად გადალახავდნენ - ფარსის ფარსი...

ამ აქციაზე გამოდიოდნენ ისეთი სპიკერებიც, ვინც ძალიან კარგად იცოდა, რომ, რეალურად, ფარსის ნაწილი იყვნენ. მათ პოლიტიკოსის ქარიზმაზეც მშვენივრად მოეხსენებოდათ და იმ არქეტიპულ წარმოდგენაზეც, რომ ხალხი მუდმივად ცდილობს ჩვეულებრივი საგნები და ადამიანები გააღმერთოს; მიაწეროს მათ ისეთი საზრისები, რაც არ შეიძლება, მოკვდავს ჰქონდეს. ამიტომაც სცადეს ზვიადის გამეორება - წამოაყენეს მეტაფიზიკური სამშობლოს იდეა, რომელიც უნდა დავიბრუნოთ, გავანამდვილოთ. მათ იცოდნენ, რომ მისტიკური სხეული და აურა უფრო მეტად მოქმედებს ხალხზე, ვიდრე გულწრფელი მსჯელობა. მაგრამ თეატრალური ნომერი საშინლად ხელოვნური გამოდგა, მუდმივ რეპროდუცირებადობაში ჩართული ხელოვნების ნაწარმოების მსგავსად. ამგვარმა მცდელობამ რომ იმუშაოს, აუცილებელია კონკრეტული ისტორიული კონტექსტი. დღევანდელი მდგომარეობა კი სრულიად განსხვავებულია. 

Gen Z და საქართველოს მომავალი

გამარჯვების მიღწევის შემდეგ, რაც გულისხმობდა ხელისუფლების დათმობაზე წასვლას და კანონის ჩაგდებას, გამარჯვებულის მანტია ერთ თაობას მოარგეს. ამ თაობის აღმნიშველად აბრევიატურა Gen Z შემოვიდა პოლიტიკურ და აკადემიურ (არ გაგიკვირდეთ) სივრცეში. ქართულ კონტექსტში Gen Z-მ სულ სხვა მნიშვნელობა მიიღო, ვინაიდან ის ამ ადუღებულ პოლიტიკურ პროცესებში გამოიწრთო. თაობების დაყოფის, იდეაში, უნივერსალურმა სოციალურმა აღმნიშვნელმა აქ თავის სოციალური შინაარსი დაკარგა და უფრო კულტურული სიმბოლოების გამაერთიანებელ ცნებად იქცა.

რას წარმოადგენს Gen Z ქართულ კონტექსტში და რატომ მოხდა მისი ამგვარი იდეალიზება? თუ თაობაზე ვსაუბრობთ, ეს უნდა იყოს ასაკობრივად შემოსაზღვრული ჯგუფი, რომელშიც მრავალი ისეთი ადამიანიც მოხვდებოდა, რომელიც ინერტული დამკვირვებლის თვალით უყურებდა ამ პროცესებს. თუმცა, ეს აბრევიატურა მხოლოდ ასაკობრივი კატეგორიით არ ისაზღვრება, არამედ ნიშნეულია კონკრეტული ფასეულობათა სისტემა, რომელიც თავისი განამდვილებული ქმედითობით წარმოგვიდგებოდა ამ პროცესებში. Gen Z-ის მთავარი მახასიათებელია ის, რომ მას, როგორც აწ უკვე პოლიტიკურ სუბიექტს, არ ახსოვს თანამედროვე საქართველოს წარსული 2000-დან 2010 წლამდე. ის შეურყვნელი სუბიექტია, რომლის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა სისტემის მიერ მათი ფასეულობების უკიდურესი რევიზიის პირობებიდან გამომდინარეობს, იმ ფასეულობებისა, რომელსაც ამ გადახედვის პირობებში შეიძლება საფრთხე შეექმნას. ის ამ ბოროტების სამყაროში ერთადერთი კეთილი წერტილია, რომლის მთავარი ფასეულობა მშვიდობაა, მაგრამ თუ მშვიდობას საფრთხე დაემუქრება, მას შეუძლია, დათმოს ეს უკანასკნელი მშიდობისვე დასაცავად. ცხადია, ამ განსაზღვრებაში ვერაფერ სხვა მახასიათებელს ვერ ვიპოვით, გარდა სუბკულტურული იდენტობის გულუბრყვილო შეფასებისა. ეს ისეთი შემოსაზღვრაა, სადაც კლასობრივი საკითხზე კრინტის დაძვრაც არ შეიძლება. როგორც ითქვა, Gen Z-ის განსაზღვრებისას ორი ელემენტი მუშაობს: ასაკობრივი ზღუდე და ფასეულობათა სისტემა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა მრავალი უფროსი თაობის წარმომადგენელი იმავე ფასეულობის მატარებელი შეიძლება იყოს და ბოლო პროცესების დროს ასეთს არაერთს შევხვდებოდით, ის მაინც ვერ ჩაეწერება Gen Z-ში თავისი ასაკის გამო.

კანონის ინიცირებიდან მალევე სოციალურ ქსელებში ეს ამბავი ვირისულად გავრცელდა და დახურული კლუბების კარებს მიღმაც შეაღწია ადრესატებამდე. ისინი „ტიკტოკსა“ და „ფეისბუქზე“ ერთმანეთს მოუწოდებდნენ, რომ გარეთ გამოსულიყვნენ. ეს უმანკო და უცვოდველი გულები, რომელთაც ბუმბულიც კი გადაწონის, აიძულეს, დაეტოვებინათ ეს „რეკრეაციული“ სივრცეები. პროგრესის გზაზე ამ მცირე შეფერხებამ აუცილებლობაში ჩააგდო ეს ახალგაზრდები, რომ გარეთ გამოსულიყვნენ და დაეცვათ ნეოლიბერალი ინტელექტუალიტების მიერ განვრცობილი ისტორიის დასასრულისკენ სავალი გზა, რომელიც, სრულად გავლის შემთხვევაში, აბსოლუტურ თავისუფლებამდე მიყვანას გვპირდება. კიდევ მრავალი პოლიტიკური მანიპულაციის მაგალითი შეგვიძლია გავიხსენოთ, როცა კონკრეტულ თაობას უნერგავდნენ, რომ სწორედ ისინი არიან პროგრესის გზაზე მთავარი ლოკომოტივები და ყველა სხვა ისტორიულობის იმ ტვირთს ატარებს, რაც ჭუჭყიან პოლიტიკურ პროცესებში თანამონაწილეობას თუ არა, თანადასწრებულობას მაინც ნიშნავს. 

იყო რამდენიმე მცდელობა, რომ მატერიალისტურად ახსნილიყო, თუ რას წარმოადგენდა ეს კულტურული ჯგუფი. მაგალითად, აღინიშნა, რომ შესაძლოა, კლუბში ღამეების თენებამ ამ ხალხს ისეთი ენერგია და ძალა ჩამოუყალიბა, რომ ვერავინ ვერ გამოფიტა მათი სხეული, ვერავინ აჯობა მათ გამძლეობას. ეს ისეთივე მაგალითია, როგორც ერთ-ერთი ლიბერალი ინტელექტუალის მიერ რამდენიმე წლის წინ „გენიალურად“ ახსნილი ბურჟუაზიული რევოლუციების წარმოშობის პირობები. ის ამტკიცებდა, რომ ყავახანებისა და ჩაიხანების შექმნამ ევროპაში გამოიწვია თავისუფალი აზრის ცირკულირება საზოგადოებაში, რამაც, საბოლოოდ, ბურჟუაზიულ რევოლუციებამდე მიგვიყვანაო. მატერიალისტური კრიტიკა სრულიად დაცლილი ყველა მატერიალისტური ელემენტისგან. კლასები სად მიგყავთ, მეგობრებო, კლასები?!

Gen Z-ის ქართულ კონცეპტს კლასობრივ კრიტიკას თუ მივუყენებთ, წარმოგვიდგება უუნარო და არაფრის მაქნისი წვრილი ბურჟუაზია, პოლიტიკური სიმყარისგან დაცლილი მასა. მათ ერთმანეთის მსგავსი ყოფიერების ფორმები გააჩნიათ, რომლებიც კლუბების დატოვებისა და გარეთ გამოსვლის შემდეგ მათ გამომხატველობით და საკომუნიკაციო ენაში აისახა. ამ უკანასკნელში შეგვიძლია მივაკვლიოთ ქართულ ურბანულ ლექსიკონში ბოლო პერიოდში დეკონსტრუირებული რუსული სლენგების ჩანაცვლებას ინგლისური სიტყვებით. მაგრამ, მეტად გასაგები რომ იყოს მათი პოლიტიკური მესიჯები, ისინი ქართულ ენაზეც არ ერიდებიან, გულწრფელად წერონ გინება და უშვერი სიტყვები აღმართონ, ვითარცა იარაღი მოსალოდნელი ომის წინ. ფერადი ტანსაცმელი და პოლიტიკური ცეკვა სირენების ხმის ფონზე იმ ფერად და წარმატებულ მომავალს გვპირდება, სადაც ასეთი ახალგაზრდები გაიზრდებიან. ჯერჯერობით, სანამ მთელი მოსახლეობა და შემდეგი თაობები ამ წარმატების ფერხულში ჩაგვიბამს, მივანდოთ Gen Z-ის ჩვენი მომავალი. მანამდე შენ, ცივო და უსუსურო გარე დამკვირვებელო, შეჩერდი. მითუმეტეს გაშეშდი, თუ ამ გამომხატველობით ენაში არ ჯდები, იდენტური ფასეულობათა სისტემა არ გაქვს და ამ შემოსაზღვრულ წლოვანებაში არ ეწერები - მისამართი შეგშლია, შენ ამ რევოლუციურ ჯგუფში არ მიგიღებენ.

უცხოური გავლენის აგენტების კანონი და ქართული მემარცხენეობა

აქციაზე შევხვდებოდით ლიბერალურ, ცენტრისტულ მოძრაობებს; ისეთებსაც, რომლებსაც, დიდი ხანია, მემარცხენედ ვიცნობთ. განსაკუთრებით საინტერესო ისეთი ადამიანებისა თუ ორგანიზაციების შემთხვევა იყო, რომლებიც, ერთი შეხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციის პრინციპით არ მუშაობდნენ და ბევრ შემთვევაში საკმაოდ კრიტიკული პოზიციები ეჭირათ. აბა, რისი ეშინოდათ ამ ადამიანებს, თუ იმ საარსებო სახსრების დაკარგვა არ ემუქრებოდათ? რა იყო ისეთი აუცილებლობა, რამაც ერთადერთ არჩევნად პოლიტიკური თვითკასტრაცია დაუტოვა მათ? პირველ რიგში, ზედაპირული ნაივურობის ბრალია, რომ მათ კავშირს ვერ ვპოულობთ უცხოურ კაპიტალთან. ისინი პირდაპირ რომც არ იღებდნენ ფულს, მათი სოციალური კაპიტალი და ღირსება შესაბამის სივრცეში ფორმირდება. ჩვენ შეგვძილია, შემოვსაზღვროთ სოციალური ურთიერთობები, მეგობრობა და სიყვარული, ინტელექტუალური მიმოცვლა და ბევრი სხვა კავშირი, რაც უცხოური კაპიტალის მეოხებით ცირკულირებს ამ სივრცეში. ეს ადამიანები ამ პროცესებამდე რადიკალურ პოზიციებზე თუ არ იდგნენ, უმტკივნეულო ნეიტრალიტეტს მაინც ინარჩუნდებდნენ. აქციების მიმდინარეობისას კი, უხილავი შანტაჟს მეშვეობით, რომელიც იმ მთელი რიგი სოციალური კავშირების გარეშე ყოფნასა და ძნელად მოხვეჭილი ინტელექტუალური პიედესტალიდან ჩამოგდებას უქადდა მათ, მართლაც შეაშინა ისინი და სრულიად უკრიტიკოდ ჩააბა ფერხულში. თითქმის არცერთ მემარცხენეს არ გამოუყენებია მატერიალისტური კრიტიკა საკუთარი აზრის გამოსახატად, არც აქციების მიმდინარეობისას და არც შედეგების შესაფასებლად. თითქოს, რაღაც თავისთავად ღირებულებასთან გვქონდა საქმე. მარტივია უცხოეთიდან დაფინანსებული მემარცხენეობის მორალური შეფასება - ყველაფერი ისედაც ცხადია, თუ ოდნავი კრიტიკული რეფლექსები მაინც შემოგვრჩა. ასევე, ყოვლად არასერიოზული იქნება, დავაყენოთ კრიტიკა ე.წ. ქართველი ანარქისტების წინააღმდეგ. სრულიად საკმარისი იქნება მათი შეფასებისა და თვით ანარქისტული თეორიის ერთმანეთთან შედარება და ისინი თვითონვე გააბათილებენ ერთმანეთს. ღიმილის მომგვრელია აზრი, რომ მიმდინარე მოვლენები ანარქისტული ბრძოლის რაიმე გამოვლინებად მაინც შეიძლება მივიღოთ. ისეთი თეორიული ჩარჩო უნდა მოიძებნოს, რომელიც ეთიკურად კი არ განსჯის ზემოთ ნახსენებ მემარცხენეობას, არამედ მეცნიერული არგუმენტებით დაუპირისპირდება მათ. ქართულ მემარცხენეობას აქვს სპეციფიკური მეთოდოლოგიური აპარატი, რომელიც სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების შესაფასებლად სრულიადაც არ იყენებს მათთვის მოძველებულ მარქსისტ-ლენინისტურ მეთოდს და არც ნეოკოლონიალისტური თეორიების ევროპაზე განზოგადებას ცდილობს.

რევიზიის რევიზია!

არ გვეგონოს, რომ აქციებზე თვითგათვითცნობიერებული ქართული მემარცხენეობის გარდა არავინ იდგა. იქ ვნახავდით უამრავ ადამიანს, რომელსაც მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური პოზიციები არ აქვს და რომლებზეც ევროპის ხატმა ზეგავლენა იქონია: ჩვენი მეგობრები, ნათესავები, ახლობლები და ა.შ. თავიანთი ბრაზის რედუცირებას ამ გზით ცდილობდნენ; ბრაზის, რომელიც უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობიდან საზრდოობს და სრულიად ლეგიტიმური საფუძველი აქვს, ცოცხლობდეს და ვლინდებოდეს, როგორც ბრაზი (ერთგვარი გამაერთიანებელი ცნება იმ ემოციური მდგომარეობისა). აღნიშნული საქართველოში განსაკუთრებით გაიზარდა ლიბერალური ექსპერიმენტების ჩატარების შემდგომ, მაგრამ იგი თავის პოლიტ-ეკონომიურ საზრიზებს და ამ შინაარსების გამომხატველელ ენას მუდმივად კულტურულ დაპირსიპირებებში კარგავდა/კარგავს, ან ისე სუბლიმირდება ამავე კვლავწარმოებულ კრივში, რომ მასში არსებული რევოლუციური პრედიკატი, რომელიც საზოგადოების მატერიალურ გარდაქმნას უნდა ისახავდეს მიზნად, ნიველირებული, ან სრულიად გამქრალია. სიმპტომებთან ბრძოლის პრაქტიკა, რომელიც მოძრავი მატარებლის გასაჩერებლად აღმართულ ქაღალდის შირმას მოგვაგონებს, მოკლებულია ყველანაირ შინაარსობრივ თვითკრიტიკას. ამ სიმპტომების მიზეზების ძიება ანტიიმპერიალისტურ დიკურსში ამოგვაყოფინებდა თავს და საზოგადოების განვითარების, სამართლიანობის და თანასწორებობის მეცნიერულ საფუძვლებს გამოიკვლევდა. სანაცვლოდ, ბრძოლა მიემართება უშუალოდ ზედაპირზე ხილვად საგნებს, რომელებსაც თავისი მნიშვნელობა მხოლოდ მატერიალისტურ-მიზეზობრივ ჯაჭვში შეიძლება ჰქონდეს, იმ პირველმიზეზის მეოხებით, რომელიც „რკინის ფარდის“ მიღმა არსებობს. მეცნიერული მსჯელობის არარსებობა, თავის მხრივ, წარმოქმნის იმის აუცილებლობას, რომ თანასწორობისა და სამართლიანობის რაიმე სხვა სახის დაფუძნება მოხდეს, რომელიც მატერიალისტური შინაარსებსებისგან სრულიად დაცლილია. შედეგად ვიღებთ ეთიკურ პრინციპს, რომელიც ან მეტაფიზიკური, აისტორიული სიმბოლოებით სულდგმულობს, ან სრულიად იმანენტური თვითმიზნობრიობით მოგვეცემა და რომელიც გონების საფუძვლიანი გამოყენებით თუ არა, საზოგადოების ცნობიერების სწორი დამუშავებით სრულქმნილად განხორციელდებოდა.

არ ისმის შეკითხვა, თუ რას ნიშნავს ადამიანების თანასწორობა. თანამედროვე სამყაროში, ლიბერალური დეომკრატიის მეოხებით, ცნება „თანასწორობა“ იმავე აპრიორულმდგენელი აპარატის ნაწარმია, რომელმაც სხვადასხვა პერიოდში თავისუფლებისა და სამართლიანობის ცნებებიც ადვილად მოიხელთა და იურიდიულ და კულტურულ სფეროში მათ არტიკულირებას შეუდგა. ამ ცნებების ამგვარი ისტორიული გაყინვა და სააზროვნო დისკურსიდან გამოთიშვა, რომელსაც მათი, როგორც ხელშეუხებელ ღირებულებად გამოცხადება აპირობებს, ისეთ მდგომარეობაში გვაგდებს, სადაც მათ ცოცხალ შინაარსს ვეღარ ვაკვლევთ. მაგრამ ამ ცნებებში არსებული, თუნდაც, გაყინული და ტაბუდადებული ფორმები, დაძაბული პოლიტიკური პროცესების პერიოდში, მაინც მოითხოვს გარდასულ დროთა შინაარსების ახმაურებას: ფორმებში გამოკეტილი საზრისები გათავისუფლებას ლამობენ. ნეოლიბერალიზმმა ზუსტი ანტიდოტი შეურჩია ინტელექტუალებს - თანასწორობისა და თავისუფლების სრულფასოვანი განუხორციელებლობა არა მატერიალურ პირობებსა და ისტორიულ-ფილოსოფიურ მიზეზებში აძებნინოს, არამედ საზოგადოების ცნობიერების არასრულფასოვნებაში, მის ბუნებით სიმახინჯეში, „სიბნელესა“ და სიზარმაცეში. რატომ არა ვართ თანასწორნი? იმიტომ, რომ ქართველი კაცის ცნობიერებამ ვერ მიაღწია იმ წერტილამდე, რომ ქალი არ დაჩაგროს, - გიპასუხებს თვალანთებული ლიბერალი.

მეორე მხრივ, არსებობს განხორციელებული ეთიკურობის სრულქმნილი მაგალითი დასავლეთის სახით. უფრო თუ დავკონკრეტდებით, ეს არის ევროპა. კოლექტიური დასავლეთის ამგვარი აღქმა ოციოდე წლის წინ თავისუფლების ინსტიტუტმა შემოიტანა, მაგრამ ამ ხატში ერთსახად ამერიკული საზოგადოებრივი მოდელი იყო დომინანტური: აშშ, როგორც დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების სრული განხორციელება. მემარცხენე კრიტიკულმა ხაზმა, რომელიც 2010 წლებში გამოჩნდა, აქტიურად დაიწყო ამ იდეის დემისტიფიკაცია, იწერებოდა მრავალი სტატია, რომელიც არამარტო ამერიკული იმპერიალიზმის უშუალო არსებობას აღიარებდა, არამედ ამ პარადიგმაში უყურებდა საქართველოს არსებობის საკითხსაც. თუმცა, ნელ-ნელა მარქსისტ-ლენინისტური ესთეტიკით გაჟღენთილმა მემარცხენეობამ უსაფრთხო ნავთსაყუდელი ჰპოვა არასამთავრობო ორგანიზაციების უბეში. ამან ნარატივის ცვლილება გამოიწვია - აშშ კვლავ იმპერიალისტად დარჩა, მაგრამ ეს იმპერიალიზმი უკვე კაპიტალისტური განვითარების გარდაუვალი ფაზა კი აღარ არის, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ბოროტი მოვლენა, რომლის გავრცელება კონკრეტული გეოგრაფიული და ისტორიული არეალით შემოისაზღვრება. მატერიალისტური კრიტიკიდან ეთიკურ კრიტიკაზე გადასვლით იმ შედეგს ვიღებთ, რომ ევროპა წარმოგვიდგება კაპიტალისტურ (თუმცა, როგორც აღინიშნა, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს), მაგრამ უშრეტი კეთილდღეობის სივრცედ.

საღად მოაზროვნე ადამიანები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს დეკოლონიზაცია, უნდა დაუპირსპირდნენ აზროვნების ამ წესს. აღნიშნული გონებრივი სპეკულაციების საფუძვლებს თუ გავყვებით, ვერანაირ რაციონალურ არგუმენტს ვერ აღმოვაჩენთ, რითაც ეს უკანასკნელი უნდა ცოცხლობდეს. სადღაც შორს კი მოსჩანს ყველაფერ ამის პირველმიზეზი: მსხვილი კაპიტალი, რომლის მეოხებითაც სული უდგას სრულიად უმაქნის, გაუმაძღარ და ვითომ სოლიდარობით აღვსილ ადამიანთა ჯგუფს.

15.03.2023