ქართველი ხალხის ყოფა გაუსაძლისია: მოსახლეობის დიდ ნაწილს უმუშევრობა ტანჯავს, დასაქმებულების მიზერულ ხელფასებს კი ვალები ავსებს; ჩვენი მშობლები ემიგრანტებად იქცნენ, ახალგაზრდებისთვის კი არ ჩანს სხვა პერსპექტივა, გარდა კაზინოსა და ნარკოტიკისა; ბოლო 30 წელში ჩვენი რაოდენობა 5-დან 3.7 მილიონამდეა შემცირებული, ქართულ კულტურას კი ყველა მხრიდან უტევენ.
მარქსიზმი საქართველოს ამ რეალობის ახსნისა და გარდაქმნის საუკეთესო თეორიული ჩარჩოა. მისი გამოყენებით შეგვიძლია, განვსაზღვროთ, თუ რა არის ჩვენი პრობლემების სათავე, თუ ვის აქვს ძალაუფლება, და ვეცადოთ, გამოვნახოთ მათთან ბრძოლის გზები.
ტერმინები - "მარქსიზმი", "კომუნიზმი", "სოციალიზმი" და სხვ. ზოგ მკითხველში შეიძლება დაბნეულობას იწვევდეს. უფრო ადვილი იქნებოდა, ამ ტერმინებზე უარი გვეთქვა, მაგრამ ვფიქრობთ, მაყურებლის თუნდაც მცირე ნაწილის მარქსიზმით დაინტერესება ნაყოფიერი საქმე იქნება. ვებგვერდზე პერიოდულად განთავსდება თემატური კლასიკური ტექსტები და ანალიზი. მაგრამ ცოდნის გაღრმავებისკენ ნაბიჯი თავად უნდა გადავდგათ. ამ მხრივ შეიძლება საკუთარი ბიბლიოთეკების დამტვერილი წიგნები გამოგვადგეს, ან, თუნდაც, მოსაწყენი ლექციები ინტერნეტში. ქართულ ენაზე კლასიკურ ტექსტებს ამ ჯგუფში იპოვით, ინგლისურად - აი, აქ.
დღევანდელ, ერთი შეხედვით, უიმედო მდგომარეობაში მარქსიზმი იმედის საფუძველს გვაძლევს. ის გვიხსნის, რომ კაპიტალიზმი მხოლოდ ისტორიული მოცემულობაა და არა კაცობრიობის განვითარების დასასრული; რომ ის მსოფლიოს გარშემო ისეთივე წარმავალი წყობაა, როგორც მონათმფლობელობა ან ფეოდალიზმი. მაგრამ ეს გარდაქმნა თავისით არ მოხდება. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს შემდეგი: ჩვენი მოწინააღმდეგეები არასდროს მოგვცემენ იმ იარაღს, რომელსაც ჩვენი გათავისუფლება შეუძლია. მარქსიზმი კი იყო და არის მთავარი იარაღი იმპერიალიზმის ბატონობის ქვეშ მყოფი ხალხებისა - აზიაში, აფრიკასა თუ ლათინურ ამერიკაში. დროა, ეს იარაღი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ხალხებმაც გამოვიყენოთ.